Facebook Twitter

ბს-967 (კ-18) 21 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა თ. ე-ის და ნ. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2018წ. განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ე-მა და ნ. ე-მა 15.04.2016წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა 08.02.2016წ. N673 და 08.02.2016წ. N674 ბრძანებების, აგრეთვე კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 21.09.2015წ. N106 და 21.09.2015წ. N107 ცნობების ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის აღდგენის, აგრეთვე დევნილის მოწმობის გაცემისა და 2016 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი დახმარების გაცემის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.12.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ე-ის და ნ. ე-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.12.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ე-ის და ნ. ე-ის მიერ.

კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება და აღნიშნეს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე. სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობის საწინააღმდეგო მტკიცებულების წარდგენის ტვირთი მოსარჩელე მხარეებს დააკისრა, რა დროსაც არ იქნა გათვალისწინებული მხარეთა შესაძლებლობები. სასამართლომ არ მიიღო ზომები საქმის გარემოებების დამატებითი გამოკვლევის მიზნით, კერძოდ, არ გამოიკვლია ვისგან მიიღო სამინისტრომ ინფორმაცია მოსარჩელეთა სოფ. წირქოლში ცხოვრების უარყოფის თაობაზე. დევნილის სტატუსი ამავე ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების შესაბამისად ჰქონდათ მოსარჩელეებს მინიჭებული, გაურკვეველია რა მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად მიიღეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გასაჩივრებული აქტები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ე-ის და ნ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია საკასაციო პრეტენზია გასაჩივრებული აქტების კანონიერების შემოწმებისას სასამართლოების მხრიდან საქმის გარემოებების არასრულად გამოკვლევისა და მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილების შესახებ. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 10.3 მუხლი, რაც ითვალისწინებს პირისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას ყალბი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, რომელთა არსებობა განსახილველი საქმის მასალებით დატურდება. კერძოდ, დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე შემდგარი დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის ორი დასკვნით დასტურდება, რომ საქმის გარემოებების გამოკვლევის მიზნით ჩატარდა მოსარჩელეების - თ. ე-ის და ნ. ე-ის გამოკითხვა. მათთან გასაუბრების ოქმით დასტურდება, რომ ნ. ე-მა საშუალო სკოლა დაამთავრა კასპის რაიონის სოფ. ციხისძირში. გასაუბრების ჩატარების დროისათვის იგი იყო სტუდენტი, ცხოვრობდა და სწავლობდა ქ. თბილისში. მან ვერ გაიხსენა სოფ. წირქოლში მცხოვრები მეზობლების ვინაობა. ხოლო თ. ე-ის გასაუბრებისას მის მიერ სამინისტროსთვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით მიწოდებული იქნა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია. ამასთანავე, კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 21.09.2015წ. N106 და 21.09.2015წ. N107 ცნობების თანახმად თ. ე-ი და ნ. ე-ი მუდმივად არ ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონის სოფ. წირქოლში. აღნიშნული გარემოებები სამინისტროს მიერ ერთობლიობაში შეფასდა დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საკმარის საფუძვლად. გარდა ზემოთმითითებული გარემოებებისა საკასაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე, მათი ჩვენებებით უტყუარად არ დგინდება თ. ე-ის და ნ. ე-ის სოფ. წირქოლში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

გასაჩივრებული აქტის კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევისათვის უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული წარმოების დარღვევის არსებითი ხასიათი და მოთხოვნის მატერიალური და პროცესუალური საფუძვლიანობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოსთვის მტკიცების ტვირთის დაკისრება (სასკ-ის 17.2 მუხ.) არ ათავისუფლებს დაინტერესებულ პირს შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან. ამდენად, კასატორებმა თავი ვერ გაართვეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებას დაასაბუთონ მოთხოვნის საფუძვლიანობა, რაც მართებულად გახდა სარჩელის უარყოფის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ე-ის და ნ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.თ. ე-ის და ნ. ე-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2018წ. განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი