ბს-1128 (კ-18) 29 ნოემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ჭ-ემ 26.09.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.05.2016წ. №CB654087 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.07.2016წ. №21780 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.05.2016წ. №CB654087 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.07.2016წ. №21780 ბრძანება. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა თ. ჭ-ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არათანაზომიერად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება, გარდა ვერბალური განმარტებისა. მოსარჩელისათვის არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ დაუვალებია მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც ადასტურებს სასამართლოს მიერ საქმის არასრულად გამოკვლევას. კასატორი არ ეთანხმება აგრეთვე სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის დაკისრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.05.2016წ. №CB654087 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით თ. ჭ-ე მიჩნეული იქნა სამართალდამრღვევად საგადასახადო კოდექსის 281.5 მუხლის შესაბამისად და ჯარიმის სახით განესაზღვრა 200 ლარის გადახდა. თ. ჭ-ე არ ადასტურებს მისი მხრიდან საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენას და სადავოდ ხდის აქტის კანონიერებას მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არასწორად ასახვის საფუძვლით. კერძოდ, გასაჩივრებული ოქმის თანახმად თ. ჭ-ის საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებას შეადგენდა 5 ლარი, ხოლო სალარო აპარატის მეშვეობით ამობეჭდილი იქნა 4 ლარის ღირებულების ჩეკი, რაც მიჩნეული იქნა თ. ჭ-ის მიერ საგადასახადო კოდექსის 281.5 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდამრღვევად. დ სსიპ შემოსავლების სამსახურის 16.09.2016წ. მიმართვით დგინდება, რომ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროს შემოწმების მიმდინარეობა ტექნიკური საშუალებით არ განხორციელებულა. ამდენად, გარდა სამართალდარღვევის ოქმისა, საქმეში არ მოიპოვება სამართალდარღვევის ჩადენის სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება. აღნიშნული ოქმის საწინააღმდეგოდ თ. ჭ-ე მიუთითებს განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანად მიჩნევის თაობაზე, რაც გამოტანილი იქნა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილების თაობაზე. სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, სარწმუნო მტკიცებულებებით სწორედ მან უნდა დაადასტუროს, რომ უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა (სასკ-ის 17.2 მუხ.). საქმის მასალებით არ დასტურდება ამგვარი სარწმუნო მტკიცებულებების არსებობა. არ დგინდება აგრეთვე სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილება.
საფუძველს მოკლებულია აგრეთვე სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითება სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების არამართლზომიერების შესახებ, რადგან იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (სსკ-ის 53.1 მუხ.). ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება, არ ათავისუფლებს მათ თ. ჭ-ის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ვინაიდან დავა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საკასაციო საჩივარი შედგება მხოლოდ ნორმათა ციტირებისგან და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების აღწერისგან. კასატორი ვერ უთითებს სააპელაციო პალატის განჩინების უსწორობის დამდგენ კონკრეტულ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი