Facebook Twitter

ბს-332 (კ-19) 09 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ბ-ამ, ჯ. ბ-მა, დ. ა-ამ, დ. გ-ამ, რ. ხ-ამ, მ. ლ-ემ, თ. გ-ემ 15.01.2018წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 7000 ლარის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.04.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით 7000 ლარის ანაზღაურება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 2000 ლარის დაკისრების თაობაზე და მოპასუხეს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2018წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2011-2012-2013 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანების თანახმად ერთჯერადი გასაცემლისათვის სავალდებულოა სამხედრო მოსამსახურესთან, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის დასრულების შემდგომ კვლავ იქნას გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ). კონტრაქტი უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დახმარების გაცემის ვალდებულებას, რომლის ანაზღაურების საკითხი დაკავშირებულია კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლასთან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2011-2012-2013 წლებში გაფორმებული კონტრაქტები არ შეიცავდა მითითებას თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას (სუს 16.07.2019წ. Nბს-675(კ-19) განჩინება, 02.07.2019წ. Nბს-536(კ-19) განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მოყვანილი მსჯელობა არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საქმის მასალებით დგინდება მოსარჩელეების მოთხოვნის საფუძვლიანობა - მიიღონ ერთჯერადი დახმარება - 7000 ლარი, სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანების 472 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. დგინდება ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების წარმოშობისათვის სავალდებულო პირობების არსებობა, კერძოდ, მოსარჩელეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2011-2012-2013 წლებში 4 წლის ვადით გაფორმებული თავდაპირველი კონტრაქტები გაგრძელდა კვლავ 4 წლის ვადით 2015-2016-2017 წლებში. ამდენად, 2009 წლის 1 მარტის შემდგომ - 2011-2012-2013 წლებში გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული ვადები იყო სრულად ამოწურული და ახალი კონტრაქტების დადებამდე არ იყო 2 წელზე მეტი გასული. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა აკმაყოფილებს ერთჯერადი დახმარების სახით 7000 ლარის ანაზღაურების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანებით გათვალისწინებულ ყველა პირობებას, რაც მართებულად შეფასდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

საკასაციო პალატა ერთჯერადი დახმარების გაცემის კონტრაქტის პირობებით გათვალისწინების სავალდებულოობასთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.03.2017წ. N14 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანებაში და დამატებული 476 პუნქტით განისაზღვრა სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემა იმ შემთხვევაში თუ ამგვარ ვალდებულებას კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, რამეთუ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში ნორმატიული აქტის უკუძალა დადგენილი არ არის, ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე მოსაზრება ან დასაბუთება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.03.2017წ. N14 ბრძანებით განსაზღვრული ცვლილების გამოყენების აუცილებლობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი