ბს-529 (კ-19) 09 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.01.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-მა 18.07.2017წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 21.04.2017წ. N MOD 8 17 00372121 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 07.07.2017წ. N MOD 017 00651457 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 01.09.2011წ. N455 ბრძანებისა და 01.09.2011წ. N134 შეთანხმების ოქმის არარად აღიარების, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7000 ლარის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.03.2018წ. მთავარი სხდომის ოქმით გ. მ-მა სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7000 ლარის ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.03.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ. მ-ის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით 7000 ლარის ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.01.2019წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ 11.09.2010წ. გ. მ-თან გაფორმდა N37828 კონტრაქტი "კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ". საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 01.09.2011წ. N455 ბრძანების თანახმად გ. მ-ს გაუფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 22.02.2011წ. N120 ბრძანებით დამტკიცებული შეთანხმების ოქმი "კონტრაქტის ვადის გაგრძელების შესახებ" და შესაბამისად გ. მ-თან გაფორმდა N134 შეთანხმების ოქმი, რომელსაც თავად ადასტურებს ხელმოწერით. სზაკ-ის 60.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. "საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 19.06.2009წ. N488 ბრძანების მე-5 მუხლის თანახმად, დეპარტამენტის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს დეპარტამენტის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. ამდენად, სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით, მათ შორის დაცულია სზაკ-ის 65-ე, 66-ე მუხლების მოთხოვნები, შესაბამისად არ არსებობს გ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მოყვანილი მსჯელობა არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. კასატორი საკასაციო საჩივარში მსჯელობს გ. მ-ის თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე, მაშინ როდესაც სასარჩელო მოთხოვნები დაზუსტებულია და სადავოდ არის გამხდარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7000 ლარის ანაზღაურების დაკისრება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება გ. მ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობა - მიიღოს ერთჯერადი დახმარება - 7000 ლარი, სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანების 472 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. დგინდება ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების წარმოშობისათვის სავალდებულო პირობების არსებობა, კერძოდ, გ. მ-მა, როგორც სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა 2006 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ოთხწლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ გაფორმდა კონტრაქტი 4 წლის ვადით 2010 წლის 11 სექტემბერს, რომლის ვადა 01.09.2011წ. N134 შეთანხმების ოქმის შესაბამისად გაგრძელდა 10 წლით. საგულისხმოა, რომ გ. მ-თან 11.09.2006წ. გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა ორ წელზე მეტი. ამდენად, 2009 წლის პირველი მარტის შემდგომ გ. მ-მა კვლავ გააგრძელა სამხედრო სამსახური და წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. მ-ის მოთხოვნა აკმაყოფილებს ერთჯერადი დახმარების სახით 7000 ლარის ანაზღაურების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანებით გათვალისწინებულ ყველა პირობებას, რაც მართებულად შეფასდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.01.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი