Facebook Twitter

ბს-835(კ-19) 09 დეკემბერი, 2019წ

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ქ-მა 16.02.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ მოპასუხისათვის მორალური ზიანის - 5000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.04.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.08.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს მთავარ პროკურატურას ლ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 5000 ლარის და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება, რაც საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2018წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.08.2017წ. გადაწყვეტილების მესამე პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ქ-ს დაუბრუნდა სარჩელზე გადახდილი ბაჟი - 150 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად იქნა დატოვებული. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა.

კასატორმა საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის, სზაკ-ის 207-ე, 208-ე, სსკ-ის 992-ე, 1005-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ არ არსებობს პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდება მისი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ზიანი. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. კასატორი მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის დაკისრებული ოდენობა არაგონივრულად დიდია, არ შეესაბამება აღნიშნულ საკითხზე ეროვნული და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. მოსარჩელე პატიმრობაში იმყოფებოდა მხოლოდ 28 დღე, ხოლო სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობდა 09 თვისა და 02 დღის განმავლობაში, ამასთანავე, პატიმრობისას ლ. ქ-ს არ შექმნია ჯანმრთელობის პრობლემები. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ პრესაში დანაშაულის შესახებ ინფორმაცია პროკურატურის ინიციატივით არ გავრცელებულა. კასატორმა აღნიშნა, რომ ლ. ქ-ი სარჩელის აღძვრის პერიოდში იყო 17 წლის, ანუ არასრულწლოვანი, მის ინტერესს არ გამოხატავდა კანონიერი წარმომადგენელი, რაც არსებით საპროცესო დარღვევაა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2019წ. განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (სუსგ 04.06.2015წ., Nბს-485-474(2კ-14); 07.02.2019წ. Nბს-432-429(2კ-17)) და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (Case of Poghosyan and Baghdasaryan v. Armenia, 12.09.2012წ., განაცხ. #22999/06). ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ პროკურატურის ბრალეული ქმედების დაუდასტურებლობის პირობებში, დაუშვებელია მისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება, რადგან განსახილველ შემთხვევაში პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად. დაუშვებელია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით (სკ-ის 992, 1005.1 მუხ.) დადგენილი მოთხოვნების გავრცელება სპეციალური ნორმით (სკ-ის 1005.3 მუხ.) მოწესრიგებულ კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე, რომელსაც ადგილი აქვს უკანონო ბრალდებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო შეფარდების შემთხვევაში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დადასტურდა ლ. ქ-ის უდანაშაულობა, ამდენად, დგინდება, რომ განხორციელების მომენტში ფორმალურად კანონიერად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის, მიიჩნევიან უკანონოდ. საკასაციო პალატა თვლის, რომ უკანონო ბრალდება იმთავითვე წარმოშობს მორალურ ზიანს, პირი არ არის ვალდებული ითმინოს უკანონო ბრალდებისაგან გამოწვეული დისკომფორტი, რაც შესაძლოა გამოიხატოს გარკვეული უფლებებით სარგებლობის ხელშეშლაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობის შესახებ. რაც შეეხება დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ქ-ის პატიმრობის, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობის, წაყენებული ბრალდების შინაარსის, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნების, ლ. ქ-ის არასრულწლოვნების გათვალისწინებით, მიკუთვნებული თანხა ლ. ქ-ისთვის მიყენებული მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებაა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სარჩელის აღძვრის მომენტში ლ. ქ-ის არასრულწლოვნება არ ქმნის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რადგან სსკ-ის 393.3 მუხლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამასთანავე, საპროცესო კანონმდებლობა არ უკრძალავს არასრულწლოვანს სასამართლოსადმი მიმართვას, უკეთუ დავა ეხება მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს (811 მუხ.). მართალია, ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დანიშნოს საპროცესო წარმომადგენელი და საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, თუმცა არასრულწლოვანს უფლება აქვს დამოუკიდებლადაც დაიცვას საკუთარი ინტერესები (811 მუხ.). აღნიშნული ნორმატიული მოწესრიგება უპირველესად სწორედ არასრულწლოვანი პირის ინტერესების სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება. განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ლ. ქ-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, პროცესში კანონიერი წარმომადგენლის ჩაურთველობით არასრულწლოვნის ინტერესებს რაიმე ზიანი არ მიდგომია. ამასთანავე, სარჩელის აღძვრის მომენტში მოსარჩელე იყო 17 წლისა და 6 თვის, ხოლო სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას იგი იყო სრულწლოვანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2018წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი