№ბს-150(2კ-19) 7 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 21 ივნისს კ. ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლიდან საკუთრებაში ფლობს მიწის ნაკვეთს სოფ. წ-ში, ს/კ ..., მიწის ფართობი 0.10 ჰა (დაუზუსტებელი), რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ტაბახმელას საკრებულოს მიერ 2005 წლის 27 დეკემბერს გაცემული ცნობა №2360. 2016 წლის 10 ნოემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქ. თბილისში, ტაბახმელაში, სოფ. წ-ში ს/კ ... რეგისტრირებულ უძრავი ნივთის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას ერთვოდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №...-03 გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში. კერძოდ, მის განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ... ს/კ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. მოსარჩელის განმარტებით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის განცხადების განხილვის ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წერილობით ეცნობა, რომ ტაბახმელას საკრებულოს სოფ. წ-ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის გადამხდელად 2004 წლიდან ფიქსირდებოდა კ. ლ-ა.
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №...-08 გადაწყვეტილების ფარგლებში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს №... წერილით ეცნობა კ. ლ-ას განცხადებაზე მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების შესახებ და ეთხოვა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ქ. თბილისში, სოფ. ტაბახმელაში მდებარე ... კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დაფიქსირებული ზედდების გაუქმება, ვინაიდან წარდგენილი და მოძიებული დოკუმენტაციით ფიზიკური პირის კ. ლ-ას საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უძრავი ქონების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდება.
მოსარჩელის განმარტებით, №... სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადების განხილვისას წარდგენილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ადგილზე დათვალიერების ოქმი №00007 და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
2017 წლის 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში კ. ლ-ამ წარადგინა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №...-03 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №...-03 და №...24-25 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მის მიერ მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით კ. ლ-ას სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე განსჯადობით გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ რამდენიმეჯერ დააზუსტა სარჩელი, საბოლოოდ მოპასუხეებად მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის თაობაზე 2011 წლის 1 ივნისის №... გადაწყვეტილების (ს/კ ...) ბათილად ცნობა კ. ლ-ას სახელზე რეგისტრირებული 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში თანმდევი სამართლებრივი შედეგებით; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 1 ივნისის 05/11085 მიმართვის ბათილად ცნობა კ. ლ-ას სახელზე რეგისტრირებული 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის ნაწილში; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის 1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 70-ე ოქმის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 დეკემბრის 1/1-4047 ბრძანების ბათილად ცნობა კ. ლ-ას ნაწილში; „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კუთვნილების განსაზღვრის კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის 1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 30 ნოემბრის 70-ე სხდომის ოქმის ბათილად ცნობა მე-10 საოქმო გადაწყვეტილების ნაწილში; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის 1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 77-ე ოქმის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 აპრილის ბრძანების ბათილად ცნობა კ. ლ-ას ნაწილში; „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კუთვნილების განსაზღვრის კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის 1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 01 მარტის 77-ე სხდომის ოქმის ბათილად ცნობა 35-ე საოქმო გადაწყვეტილების ნაწილში; ასევე მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის დავალება კ. ლ-ას სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ზედების ნაწილში (ს/კ ...); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის №...-24 გადაწყვეტილების, კ. ლ-ას ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 მაისის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს 2018 წლის 27 თებერვლის №1-1/87 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის კ. ლ-ას სახელზე ქ. თბილისში, ტაბახმელაში, სოფ. წ-ში, ... საკადასტრო კოდის ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით კ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციის თაობაზე მიღებული 01.06.2011 წლის №... გადაწყვეტილება (ს/კ ...) კ. ლ-ას სახელზე რეგისტრირებული 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში თანმდევი სამართლებრივი შედეგებით; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 01.06.2011 წლის 05/11085 მიმართვა კ. ლ-ას სახელზე რეგისტრირებული 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20.12.2016 წლის 1/1-4047 ბრძანება, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის 1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 70 ოქმის დამტკიცების შესახებ - კ. ლ-ას ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კუთვნილების განსაზღვრის კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2012 წლის 16 ოქტომბრის 1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 30 ნოემბრის 70 სხდომის ოქმი მე-10 საოქმო გადაწყვეტილების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 05.04.2017 წლის 1/1-778 ბრძანება, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის 1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 77-ე ოქმის დამტკიცების შესახებ - კ. ლ-ას ნაწილში, „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კუთვნილების განსაზღვრის კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2012 წლის 16 ოქტომბრის 1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 01 მარტის 77-ე სხდომის ოქმი 35-ე საოქმო გადაწყვეტილების ნაწილში; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა წარადგინოს კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი კ. ლ-ას სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში (ს/კ ...); ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 20.04.2017 წლის №...-24 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №... კ. ლ-ას ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს 2018 წლის 27 თებერვლის ბრძანება №1-1/87 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კ. ლ-ას სახელზე ქ. თბილისში, ტაბახმელა, სოფ წ-ი, ... საკადასტრო კოდის ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; მოპასუხეებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალათ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება კ. ლ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, რაც გამორიცხავს მიწის ნაკვეთის კორექტირების და მათ მიერ გამოცემული აქტების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აქვე განმარტა, რომ კ. ლ-ას საკუთრების უფლება, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრაციის მიუხედავად, არის დაცული და აღიარებული საქართველოს კონსტიტუციით. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორალური რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; იმავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება. ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის უფლებამოსილება ენიჭება სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლების დელეგირების საფუძველზე და ამავდროულად, უფლება დასტურდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით.
სასამართლოს მითითებით, საქმეში დაცულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული დათვალიერების ოქმი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იდენტურობის დადასტურების შესახებ, რომლითაც დადგენილია, რომ კ. ლ-ას სახელზე საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არის იდენტური.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიცია იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მხრიდან დაირღვა კანონი, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 01.06.2011 წლის 05/11085 მიმართვა კ. ლ-ას სახელზე რეგისტრირებული 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის ნაწილში.
სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესაძლებლობას უკავშირებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობას. სახელმწიფო, როგორც სამართლის სუბიექტი და სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს გამონაკლისს, რამეთუ მის სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციასაც გააჩნია თავისი სამართლებრივი საფუძველი. სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განსაზღვრის, დამაგრებისა და გამიჯვნის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 24.10.07წ. №233 დადგენილება. მითითებული დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავი ნივთების უფლებათა რეესტრში ხორციელდება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (2012 წლიდან მოქმედი რედაქციით - ქონების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე). ამდენად, აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 01.06.2011 წლის 05/11085 მიმართვა წარმოადგენს იმ სამართლებრივ აქტს, რომელიც საფუძვლად დაედო ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ პირველადი რეგისტრაციის შემდგომ არაერთგზის განხორციელდა საკადასტრო ერთეულის დაყოფა და დაყოფილი საკადასტრო ერთეულებიდან საბოლოოდ გადაფარვა გამოვლინდა ამჟამად ...საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ 01.06.2011 წლის 05/11085 მიმართვა, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რჩება სახელმწიფოს სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლად და გადაფარვის ნაწილში, ზიანს აყენებს მოსარჩელის უფლებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იდენტურობის დადასტურების შესახებ, თუმცა არ გაითვალისწინა რიგი შეუსაბამობების არსებობა. კერძოდ, მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკის მიხედვით კ. ლ-ას ნაკვეთია №..., ხოლო სარეგისტრაციო სამსახურში მის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით ქონების ადგილმდებარეობა ემთხვევა №... ნაკვეთის მდებარეობას. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აზომვით ნახაზში მითითებულია, რომ ნაკვეთს სამხრეთით ესაზღვრება გზა, დასავლეთით - ნ. ქ-ი (ს/კ ...), ჩრდილოეთით - ვ. დ-ი (ს/კ ...), აღმოსავლეთით - ნ. ტ-ა (ს/კ ...), ხოლო უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმში №0007 მითითებულია, რომ მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს წარმოადგენენ თ. დ-ი და გ. ფ-ი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ წარმოდგენილი და მოძიებული დოკუმენტაციით ფიზიკური პირის - კ. ლ-ას საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უძრავი ქონების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დადასტურდა, შესაბამისად, სააგენტოს კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია უძრავ ნივთზე დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფო საკუთრების უფლების ნაწილში რეგისტრაციის გაუქმება. აქედან გამომდინარე, უპირველესად დასადგენი და გამოსაკვლევი იყო დაინტერესებული პირის მიერ მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი რამდენად შეესაბამებოდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს - ცნობას, რაც სააგენტოს მიერ სრულად იქნა გამოკვლეული, თუმცა სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ იდენტურობის დადასტურების შესახებ აქტი სააგენტოს მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა და შესაბამისად, უგულვებელყო რიგი შეუსაბამობები, რომელიც გამორიცხავს მითითებული მიწის ნაკვეთების იდენტურობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ...საკადასტრო კოდი ჩამოყალიბდა სხვადასხვა საკადასტრო კოდის დაყოფის შედეგად. სამინისტროს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 1 ივნისის №05/11085 მიმართვის საფუძველზე განხორციელებულმა რეგისტრაციამ ძალიან ბევრი ცვლილება განიცადა და საბოლოოდ ახალ დამოუკიდებელ რეგისტრირებულ უძრავ ქონებად ჩამოყალიბდა, შესაბამისი ახალი კოდით სამინისტროს 2011 წლის 1 ივნისის მიმართვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება არ წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტს.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მიწის ნაკვეთის იდენტურობასთან დაკავშირებით საქმეში დაცულ დოკუმენტაციას და არ გაითვალისწინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებული გარემოება, რომ მიუხედავად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ადგილზე დათვალიერების ოქმის არსებობისა, მოსარჩელის მიერ არ არის აზომილი ის მიწის ნაკვეთი, რომელიც უფლების დამდგენი დოკუმენტით გადაეცა. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილი გარემოებები და დაადგინა კ. ლ-ასათვის გადაცემული უძრავი ქონების იდენტურობა მის მიერ წარდგენილ აზომვით ნახაზთან, თუმცა სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვითაც სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. ლ-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 0.10 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონი, ტაბახმელას საკრებულო, სოფელი წ-ი, სარეგისტრაციო ზონა ..., სექტორი ..., კვარტლის №..., ნაკვეთის №..., მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებულია და მინიჭებული აქვს შესაბამისი საკადასტრო კოდი (...). უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ცნობა №2360, გაცემული 27.12.05 წელს ტაბახმელის საკრებულოს მიერ.
2016 წლის 10 ნოემბერს კ. ლ-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქ. თბილისში, ტაბახმელაში, სოფ. წ-ში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია. განცხადებას თან ახლდა უძრავი ნივთის აზომვითი ნახაზი (შესაბამისი ელექტრონული ვერსია), №... ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების შესახებ. განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა სახელმწიფოს სახელზე ... საკადასტო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. 2016 წლის 14 ნოემბერის №301500 წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №17/90 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს ეცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ზედდების გაუქმება, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა კ. ლ-ას მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში რეგისტრაციის ფაქტი.
დადგენილია ასევე, რომ კ. ლ-ას სარეგისტრაციო განცხადების განხილვის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ადგილზე დათვალიერების ოქმი №00007 და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (13.03.2006, №... სააღრიცხვო ბარათი) გათვალისიწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
2017 წლის 21 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კ. ლ-ას მიერ №7885/21 ადმინისტრაციული საჩივრით მოთხოვნილ იქნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 დეკემბრის №1/1-4047 და 2017 წლის 5 აპრილის სააგენტოს №1/1-778 ბრძანებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და „სააგენტოსათვის“ სახელმწიფოს საკუთრებაში ...საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების დავალების მოთხოვნა. მითითებულ საჩივარზე მიღებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 27 თებერვლის №1- 1/87 ბრძანება კ. ლ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
№... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალური რეგისტრაციის სამსახურის მიერ 2017 წლის 20 აპრილს მიღებულ იქნა №...- 24 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, რომელიც 2017 წლის 24 აპრილის №180526/17 ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა კ. ლ-ას მიერ. 2017 წლის 23 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს №... გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალური რეგისტრაციის სამსახურის მიერ 2017 წლის 28 მაისს მიღებულ იქნა №...-25 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ პირველადი რეგისტრაციის შემდგომ არაერთგზის განხორციელდა საკადასტრო ერთეულის დაყოფა და დაყოფილი საკადასტრო ერთეულებიდან საბოლოოდ გადაფარვა გამოვლინდა ამჟამად ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სარჩელის აღძვრის საფუძველია საკუთრების უფლების დაცვა და, შესაბამისად, იმ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლებითაც მოწინააღმდეგე მხარის - კ. ლ-ას მოსაზრებით, შეილახა მისი საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საკასაციო პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი, უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის დაცვას ემსახურება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.02.2013წ. №ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა.
მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურს ნებისმიერი სხვა პირის საკუთრებაში უძრავი ნივთის (ნაკვეთის) რეგისტრაციამდე აუცილებლად უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორალური რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული დათვალიერების ოქმი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იდენტურობის დადასტურების შესახებ, რომლითაც დადგენილია, რომ კ. ლ-ას სახელზე საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არის იდენტური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება კ. ლ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან და მიუთითებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლითაც დასტურდება, რომ 2004 წლის მონაცემებით კ. ლ-ა რეგისტრირებულია მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში და ფლობს 0.10 ჰა მიწის ნაკვეთს №... . კ. ლ-ასთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის იდენტურობას ადასტურებს გ. ფ-ი, რომელიც მიწის გადაცემის პერიოდში წარმოადგენდა ტაბახმელის საკრებულოს თავმჯდომარეს; საქმეში წარმოდგენილია მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუქა, რომელიც თან ერთვის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის №2360 ცნობას (მიწის რეგისტრაციის საფუძველს). ფაქტი იმის თაობაზე, რომ საკადასტრო რუქაზე დატანილი მიწის ნაკვეთი და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი (სადავო მიწის ნაკვეთი) არის იდენტური, დადასტურებულია სათანადო წესით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მხრიდან ფლობის ფაქტს ადასტურებენ მიმდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მხრიდან დაირღვა კანონი, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 01.06.2011 წლის 05/11085 მიმართვა კ. ლ-ას სახელზე რეგისტრირებული 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის ნაწილში და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განსაზღვრის, დამაგრებისა და გამიჯვნის წესის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავი ნივთების უფლებათა რეესტრში ხორციელდება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (2012 წლიდან მოქმედი რედაქციით - ქონების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე). ამდენად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 01.06.2011 წლის 05/11085 მიმართვა წარმოადგენს იმ სამართლებრივ აქტს, რომელიც საფუძვლად დაედო ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ის გარემოება, რომ პირველადი რეგისტრაციის შემდგომ არაერთგზის განხორციელდა საკადასტრო ერთეულის დაყოფა და დაყოფილი საკადასტრო ერთეულებიდან საბოლოოდ გადაფარვა გამოვლინდა ამჟამად ...საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, არ ცვლის იმ გარემოებას, რომ 01.06.2011 წლის 05/11085 მიმართვა, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რჩება სახელმწიფოს სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი