Facebook Twitter

№ბს-195(2კ-19) 16 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 16 იანვარს …ის რაისამომხმარებლო კოოპერატივმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრისა და მესამე პირების - სსიპ თვითმმართველი თემის კასპის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, კასპში, ...ას ქ. №2-ში მდებარე უძრავი ქონება - ადმინისტრაციული შენობა, ყოფილი ...ე, მომხმარებელთა საზოგადოებრივი შენობა, „...ი“ ავტომობილებისათვის, საყარაულო ჯიხური და სასურსათო საწყობი - წარმოადგენს ...ის რაისამომხმარებლო კოოპერატივის ბალანსზე რიცხულ, მის საკუთრებაში არსებულ ქონებას. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია ამ (და სხვა) ქონების რეალიზაცია აუქციონის წესით ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით. მიუხედავად ამისა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სადავო აქტებით ჯერ სახელმწიფოს სახელზე აღრიცხა ეს ქონება, ხოლო შემდეგ საკუთრებაში გადასცა კასპის მუნიციპალიტეტს. ამ შენობა-ნაგებობებით ...ის რაისამომხმარებლო კოოპერატივი დღემდე სარგებლობს, იქ აქვთ სამუშაო ოთახები, ნაწილი კი გაქირავებული აქვთ სხვადასხვა პირებზე, რომლებიც ასევე ფლობენ ამ ფართებს.

მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული უძრავი ქონების სახელმწიფოზე აღრიცხვა და შემდგომ კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა ისე მოხდა, რომ შიდა აზომვითი ნახაზების შედგენის დროს ადგილზე არავინ მისულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ კასპში, ...ას ქ. №2-ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 7 ივლისის №1/7-264 ბრძანების, სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, კასპში, ...ას ქ. №2-ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) კასპის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის №1/1-1771 ბრძანებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის №1-1/285 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით …ის რაისამომხმარებლო კოოპერატივის სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურეობის ცენტრის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით …ის რაისამომხმარებლო კოოპერატივის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპში, …ას ქ. №2-ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 7 ივლისის №1/7-264 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფოს სახელზე №… საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, კასპში, …ას ქ. №2-ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) კასპის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 24 ივლისის №1/1-1771 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის №1-1/285 ბრძანება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა შეისწავლოს კასპში, …ას ქ. №2-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მოსარჩელის, სახელმწიფოს (აუცილებლობის შემთხვევაში აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობა და ფარგლები, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონებების სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ; ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი და შესაბამისი შეფასება იქნეს მიცემული: 1. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებაზე; 2. დღეის მდგომარეობით, კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხული ქონებისა და …ის რაისამომხმარებლო კოოპერატივის მფლობელობაში მყოფ, სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გასატანი ქონების იდენტურობაზე; 3. ამ საკითხზე ამ საქმის განხილვაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციაზე; 4. მოსარჩელის უფლებაზე - სადავო შენობა-ნაგებობების მიმდებარედ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან მიმართებაში, რაც აღირიცხა ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სსიპ შემოსავლების სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ დებულების მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს კანონით დადგენილი წესით ქონების, მათ შორის, უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების, ასევე სახელმწიფოსათვის გადაცემული ქონების სახელმწიფო საკუთრებად მიღებასთან, აღრიცხვასთან ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის №1-1/107 ბრძანების მე-2 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, ცენტრი თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას და დაყოფას/გაერთიანებას.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს ქონების მმართველი მუნიციპალიტეტის მერიის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის მიმართვის საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო ვალდებული იყო კასპში, …ას ქ. №2-ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვისა და ამის შემდგომ კასპის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემამდე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე გამოეკვლია საკითხი იმგვარად, რომ არ მომხდარიყო …ის რაისამომხმარებლო კოოპერატივის კონსტიტუციურად გარანტირებული საკუთრების უფლების ხელყოფა, რამდენადაც სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას წარმოადგენს თავი შეიკავოს ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებით დადგინდა …ის რაისამომხმარებლო კოოპერატივის ბალანსზე რიცხული, 2005 წლის 19 მარტის ბრძანების საფუძველზე, 2005 წლის 27 აპრილს აღწერილი და დაყადაღებული 37 დასახელების უძრავ-მოძრავი ქონების, მათ შორის ადმინისტრაციული შენობის, ყოფილი ...ის, მომხმარებელთა საზოგადოებრივი შენობის, „…ის“, საყარაულო ჯიხურისა და სასურსათო საწყობის რეალიზაცია ღია აუქციონის წესით. ამავე ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ …ის რაისამომხმარებლო კოოპერატივის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადება, თუნდაც ეს ქონება არ იყოს საჯარო რეესტრში მასზე რეგისტრირებული, მართებული და კანონშესაბამისია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მითითებით, დადასტურებულია, რომ ეს ქონება ირიცხებოდა რა …ის რაისამომხმარებლო კოოპერატივის ბალანსზე, წარმოადგენდა მის საკუთრებას, და ამის გამოც მიექცა ღია აუქციონზე სარეალიზაციოდ, როგორც მოვალის კუთვნილი ქონება.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ საკითხისადმი ადმინისტრაციული ორგანოების ამგვარი ორაზროვანი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედ კანონის საფუძველზე უფლებამოსილების განხორციელების პრინციპს. ისეთ პირობებში, როდესაც არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება …ის რაისამომხმარებლო კოოპერატივის ბალანსზე რიცხული ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ, თვით სახელმწიფოს მიერ, ყოველგვარი კვლევისა და საქმის გარემოებების სათანადო შეფასების გარეშე მოხდა სადავო ქონების თავის სახელზე აღრიცხვა, სრულიად გაუგებარია ადმინისტრაციული ორგანოს სადავოდ გამხდარი აქტების გამოცემის მართლზომიერება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კასპში, …ას ქ. №2-ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 7 ივლისის №1/7-264 ბრძანებისა და სახელმწიფოს სახელზე №… საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, კასპში, …ას ქ. №2-ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) კასპის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის №1/1-1771 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლომ არასწორად და უკანონოდ მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. კასპში, ...ას ქ. №2-ში მდებარე 1589 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ...ის რაისამომხმარებლო კოოპერატივს. ეს გარემოება იყო არსებითი, რაც შემდგომში სასამართლომ საფუძვლად დაუდო გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას. სასამართლომ არსებითად იმსჯელა მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების არსებობაზე, მაშინ, როდესაც აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარებოდა. არ არსებობდა მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან მიმართებით. მოქმედი კანონმდებლობით, საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრის მონაცემებიდან. სასამართლომ ისე დაადგინა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, რომ არ არსებობდა კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქმის მასალებიდან ირკვევა და არ დასტურდება ისეთი გარემოება, რომელიც შექმნიდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ - სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ამავე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების პირობები.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ …ის რაისამომხმარებლო კოოპერატივი (ს/კ …) დაფუძნდა 1998 წლის 28 ოქტომბერს; მისი იურიდიული მისამართია კასპი, …ას ქ. №2. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის შუამდგმლობა და დადგინდა …ის რაისამომხმარებლო კოოპერატივის ბალანსზე რიცხული, 2005 წლის 19 მარტის ბრძანების საფუძველზე, 2005 წლის 27 აპრილს აღწერილი და დაყადაღებული 37 დასახელების უძრავ-მოძრავი ქონების, მათ შორის ადმინისტრაციული შენობის, ყოფილი ...ის, მომხმარებელთა საზოგადოებრივი შენობის, „…ის“, საყარაულო ჯიხურისა და სასურსათო საწყობის რეალიზაცია ღია აუქციონის წესით. აღნიშნული ბრძანება აღსასრულებლად მიექცა 2010 წლის 10 ივნისს. …ის რაისამომხმარებლო კოოპერატივის ბალანსზე რიცხული, 2005 წლის 19 მარტის ბრძანების საფუძველზე, 2005 წლის 27 აპრილს აღწერილი და დაყადაღებული 37 დასახელების უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ აქტი (რასაც დაეფუძნა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება) გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურსაც.

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებით (საქმე № 3/65-10) …ის რაისამომხმარებლო კოოპერატივის, 2005 წლის 19 მარტის ბრძანების საფუძველზე, 2005 წლის 27 აპრილს აღწერილი და დაყადაღებული, ღია აუქციონის წესით სარეალიზაციოდ გასატანი ქონებიდან უნივერმაღის შენობაზე (მდებარე კასპში, …ის ქ. №32-ში) აღიარებული იქნა …ის რაისამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრების უფლება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 ივლისის მიმართვით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქალაქ კასპში, „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ფილიალის განთავსების მიზნით, იგეგმება ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობა; კასპში, ...ას ქ. №2-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1598 მ2 მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 3 შენობა-ნაგებობით, არ წარმოადგენს კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებას და „სააგენტოს“ ეთხოვა ამ უძრავი ქონების კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 7 ივლისის ბრძანებით მიმართულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი კასპში, ...ას ქ. №2-ში მდებარე უძრავი ქონების - 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის, როგორც ყოფილი სასაწყობე მეურნეობის დამხმარე შენობების (სულ 268,70 მ2) სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით. ამ ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 21 ივლისს სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით აღირიცხა მითითებული უძრავი ქონება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის ბრძანებით, მითითებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა კასპის მუნიციპალიტეტს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 01 მაისის №1-1/107 ბრძანების მე-2 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, ცენტრი თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას და დაყოფას/გაერთიანებას.

საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის მიმართვის საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო კასპში, …ას ქ. №2-ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვისა და ამის შემდგომ კასპის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემამდე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე გამოეკვლია საკითხი იმგვარად, რომ არ მომხდარიყო …ის რაისამომხმარებლო კოოპერატივის კონსტიტუციურად გარანტირებული საკუთრების უფლების ხელყოფა, რამდენადაც სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას წარმოადგენს თავი შეიკავოს ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი