№ბს-305(კ-19) 4 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 12 აპრილს ნ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, თ. ლ-ას, ნ. ს-ას, გ. ლ-ასა და თ. ლ-ას მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, ...ს ქ. №5, წარმოადგენს მის საკუთრებას, რომელზეც სასამართლო დავა მოუწია ყოფილი მესაკუთრის ი. ქ-ას გამოსახლების მიზნით. აღნიშნულზე არსებობს 2015 წლის 13 მარტს სასამართლოს მიერ გაცემული №2/21402-14 სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც, ნ. ლ-ს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების 9/64 წილი, საკადასტრო კოდით ....
მოსარჩელის მითითებით, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების დროს შეექმნა პრობლემები, რადგან ბინაში უკანონოდ ცხოვრობენ მოპასუხეები - თ. ლ-ა და მისი ოჯახის წევრები, რომლებიც სარგებლობენ დევნილის სტატუსით და არ არიან დაკმაყოფილებულნი ბინით, რის გამოც არ გამოდიან მისი საკუთრებიდან. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციაც ვერ ასახლებს, როგორც სპეციალური სტატუსის მქონე პირებს. შესაბამისად, ვინაიდან მისი საკუთრებით ვერ სარგებლობს, ადგება მორალური და მატერიალური ზიანი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უზრუნველყოს დევნილის სტატუსის მქონე პირების - თ. ლ-ას, ნ. ს-ას, გ. ლ-ას, თ. ლ-ას გამოსახლება და შესახლება დევნილთა დროებითი განსახლებისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართობის მიხედვით და გადაეცეს ბინა მოსარჩელეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ნ. ლ-ს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე ეთქვა უარი. ნ. ლ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 120 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის საოქმო განჩინებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებაზე, საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით, განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას; სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხის გადაწყვეტა დადგინდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გამოიხატება დავის განსჯადი და უფლებამოსილი სასამართლოს მიერ განხილვასა და გადაწყვეტაში. მოცემულ შემთხვევაში, საქმე პირველი ინსტანციით განხილულია სამოქალაქო სამართალწარმოების მეშვეობით, ხოლო მეორე ინსტანციით საქმე განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოება ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდება კომპეტენციურად, გამოსაყენებელი კანონმდებლობის, საპროცესო თავისებურებების მიხედვით, მიუხედავად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დავის სპეციფიკიდან გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა თუ სამოქალაქო სამართლის მატერიალური ნორმების გამოყენების შესაძლებლობისა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად განისაზღვროს დავის საგანი და სასარჩელო მოთხოვნა, რასაც უშუალოდ უკავშირდება განსჯადი სასამართლოს (ადმინისტრაციული ან სამოქალაქო) დადგენა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამართალწარმოებაში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოში დავა იწყება სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის გზით, ამასთან, სწორედ მოსარჩელე განსაზღვრავს დავის საგანს და მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რის გამოც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბებული იყოს ნათლად, ზუსტად, არაორაზროვნად, ასახავდეს პირის რეალურ ინტერესს და შესაძლებლობას იძლეოდეს, განისაზღვროს, რას ითხოვს მხარე და რამდენად საფუძვლიანია მისი მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით; ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით; ხოლო 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სწორედ ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად უნდა შეირჩეს წარსადგენი სარჩელის სახე, სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკიდან და დარღვეული კანონიერი უფლების აღდგენის მიღწევის საუკეთესო შესაძლებლობის მიხედვით. კერძოდ, ერთი მხრივ, სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბებული უნდა იყოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სარჩელის რომელიმე სახით, მეორე მხრივ კი, შერჩეული სარჩელის ფორმა უნდა პასუხობდეს მხარის რეალურ ინტერესს, შესაძლებელს უნდა ხდიდეს მისი დარღვეული უფლების აღდგენას და გადასაწყვეტი საკითხი სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს უნდა განეკუთვნებოდეს. მოცემულ შემთხვევაში მხარე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ითხოვს მოპასუხედ მითითებული ფიზიკური პირების სადავო ფართიდან გამოსახლებას, დევნილთა დროებითი განსახლებისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართობის მიხედვით შესახლებასა და მოსარჩელისათვის სადავო ბინის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება, მაგრამ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ მხარის მოთხოვნა უნდა გამოიხატებოდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობით. ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ქმედება არის გასაჩივრებული მხარის მიერ, ან რომლისთვისაც ქმედების განხორციელების/აქტის გამოცემის დავალება არის მოთხოვნილი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხედ მითითებული ადმინისტრაციული ორგანოს განსაზღვრა ურთიერთდაკავშირებულია, რადგან მოპასუხედ სწორედ ის პირი მიეთითება, რომლის ქმედება, აქტი ან უმოქმედობა არის გასაჩივრებული.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამინისტროსგან მოთხოვნილია როგორც დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ისე პირთა სადავო ფართიდან გამოსახლება. ნ. ლ-ის რეალურ ინტერესს მისთვის სადავო ბინის გადაცემა წარმოადგენს, ამდენად, უნდა დაზუსტდეს, რა სასარჩელო მოთხოვნა გააჩნია მას მოპასუხე სამინისტროსგან და რა მოთხოვნა გააჩნია ფიზიკური პირებისაგან. კერძოდ, თუკი დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით ნ. ლ-ი ფიზიკური პირებისაგან უკანონო მფლობელობაში არსებული ნივთის გამოთხოვას მოითხოვს, აღნიშნული სამოქალაქო წესით განსახილველი ვინდიკაციური სარჩელის სახეა. ამასთანავე, თუკი მხარე აპელირებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე, ასეთ შემთხვევაში მოპასუხედ უნდა მიეთითოს ის პირი, ვინც პასუხისმგებელია გადაწყვეტილების აღსრულებაზე, თუმცა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით არ ახორციელებს შესაბამის ქმედებებს. რაც შეეხება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, უნდა დაზუსტდეს მისი რომელი კონკრეტული აქტი, ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) არის სადავოდ ქცეული და ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებათა გათვალისწინებით, რა კონკრეტული ქმედების განხორციელებას ითხოვს მხარე. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში, პირველ ყოვლისა, უნდა მოხდეს სასარჩელო მოთხოვნათა ზუსტად ჩამოყალიბება და განსაზღვრა. ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლით დადგენილია, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თუკი მოსარჩელის მიერ ვერ მოხდება მოთხოვნის სწორი ფორმულირება, სასამართლო უნდა დაეხმაროს მას მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დასაზუსტებელია სასარჩელო მოთხოვნები, უნდა მოხდეს მათი სწორი ფორმულირება, რასაც უშულოდ უკავშირდება გამოსაყენებელი კანონმდებლობისა და განსჯადი სასამართლოს დადგენა, დავის სწორად გადაწყვეტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის საოქმო განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან, გადაწყვეტილებაში მითითებული დასაბუთება ურთიერთსაწინააღმდეგო და ბუნდოვანია, გადაწყვეტილება საკმარისად არ არის დასაბუთებული.
კასატორის მითითებით, მის საკუთრებას ვერ განკარგავს იმის გამო, რომ იქ კანონდარღვევით იმყოფებიან შეჭრილი პირები და მათ მიმართ პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ლ-ი საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
განსახილველ შემთხვევაში, ნ. ლ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, თ. ლ-ას, ნ. ს-ას, გ. ლ-ასა და თ. ლ-ას მიმართ და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უზრუნველყოს დევნილის სტატუსის მქონე პირების - თ. ლ-ას, ნ. ს-ას, გ. ლ-ას, თ. ლ-ას გამოსახლება და შესახლება დევნილთა დროებითი განსახლებისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართობის მიხედვით, ასევე მოითხოვა მისთვის ბინის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არსებითად იმსჯელა მოცემულ საქმეზე, რის შედეგადაც 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის საოქმო განჩინებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებაზე საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე მოსარჩელე თავად წყვეტს სარჩელის აღძვრის საჭიროებას, განსაზღვრავს მოპასუხეს, სასარჩელო მოთხოვნას და ფაქტებს, რომლის დადგენასაც უკავშირდება ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლომ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები.
სამართალწარმოებაში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოში დავა იწყება სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის გზით, ამასთან, სწორედ მოსარჩელე განსაზღვრავს დავის საგანს და მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რის გამოც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქმის გადაწყვეტისას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბებული იყოს ნათლად, ზუსტად და ასახავდეს პირის რეალურ ინტერესს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე და განმარტავს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა არ არის შეზღუდული სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით და შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. მოსამართლე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას – მიზანშეწონილი და შესაძლებელია თუ არა სარჩელის ტრანსფორმირება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის ტრანსფორმირება არის ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოხატულება. ერთი მხრივ, ადმინისტრაციული პროცესი გულისხმობს სასამართლოს აქტიურობას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო, მიუხედავად მისი აქტიური როლისა, უფლებამოსილი არ არის გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათისა და სარჩელის ტრანსფორმირების შესაძლებლობისა, სასამართლოები შეზღუდული არიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე და მე-3 მუხლების მოქმედებით, რომელთა მიხედვითაც, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს მხარეებს ის, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მაშინ როდესაც მხარე პროცესუალურად სწორად ვერ აყალიბებს თავის მოთხოვნას პროცესის დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსამართლემ სარჩელის ტრანსფორმირებისას სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი – რა უფლების აღსადგენად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი მოსარჩელის გამოუცდელობის გამო, არამედ მოსამართლეს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის სწორად ფორმულირებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამინისტროსგან მოთხოვნილია როგორც დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ისე პირთა სადავო ფართიდან გამოსახლება. ნ. ლ-ის რეალურ ინტერესს კი, მისთვის სადავო ბინის გადაცემა წარმოადგენს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ უნდა დაზუსტდეს, რა სასარჩელო მოთხოვნა გააჩნია მას მოპასუხე სამინისტროსგან და რა მოთხოვნა გააჩნია ფიზიკური პირებისაგან. კერძოდ, თუკი დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით ნ. ლ-ი ფიზიკური პირებისაგან უკანონო მფლობელობაში არსებული ნივთის გამოთხოვას მოითხოვს, აღნიშნული სამოქალაქო წესით განსახილველი ვინდიკაციური სარჩელის სახეა. ამასთანავე, თუკი მხარე აპელირებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე, ასეთ შემთხვევაში მოპასუხედ უნდა მიეთითოს ის პირი, ვინც პასუხისმგებელია გადაწყვეტილების აღსრულებაზე. რაც შეეხება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, უნდა დაზუსტდეს მისი რომელი კონკრეტული აქტი, ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) არის სადავოდ ქცეული და ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებათა გათვალისწინებით, რა კონკრეტული ქმედების განხორციელებას ითხოვს მხარე. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში, უნდა მოხდეს სასარჩელო მოთხოვნათა ზუსტად ჩამოყალიბება და განსაზღვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დასაზუსტებელია სასარჩელო მოთხოვნები, უნდა მოხდეს მათი სწორი ფორმულირება, რასაც უშუალოდ უკავშირდება დავის სწორად გადაწყვეტა, გამოსაყენებელი კანონმდებლობისა და განსჯადი სასამართლოს დადგენა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს სარჩელის მიზანი, სარჩელში გამოკვეთილი უნდა იყოს პირის კანონიერი ინტერესი, რომელიც გამოხატული უნდა იყოს მატერიალურ-სამართლებრივ სივრცეში.
რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის საოქმო განჩინებას, რომლითაც ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის (ამჟამად 31.2 მუხლი) თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება საქმე. ამდენად, სასამართლოს, რომელსაც არ გააჩნია საქმის განხილვის იურისდიქცია, არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა განაცხადოს ამის შესახებ, მაშინაც კი, როდესაც განსჯადობის საკითხს არც ერთი მხარე არ აყენებს ან მხარის მოსაზრებები განსჯადობის შესახებ უსწოროა. ასეთ შემთხვევაში სასამართლო საქმეს არსებითი განხილვისათვის გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს. ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესი, რომლის თანახმად სასამართლო ვალდებულია სარჩელი გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს და დასაშვებია სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხზე დავა, განსჯადობის საკითხის სირთულის გათვალისწინებით, შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს მხარისგან დამოუკიდებლად დააყენოს განსჯადობის საკითხი სადავო სამართალურთიერთობის კვლევის შემდგომ ეტაპებზე, მათ შორის, ზემდგომ ინსტანციებში განხილვის პროცესშიც. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად. სასამართლოს განსჯადობაზე მხარეებს შორის შეთანხმება (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლო იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ წარმოადგენს განსჯადობის იმპერატიული წესის დარღვევის აღმომფხვრელ გარემოებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის საოქმო განჩინება;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი