Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე ¹454აპ-11 22 სექტემბერი, 2011წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ გ. ფ-სა და მ. რ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 იანვრის განაჩენით:

გ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 26 აპრილიდან.

გ. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ. ფ-მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა. გ. ფ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 26 აპრილიდან.

მ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 26 აპრილიდან.

ტ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 26 აპრილიდან.

ვ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ვ. კ-ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომაგ განესაზღვრა 9 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ვ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 26 აპრილიდან.

დამტკიცდა თ. კ-სა და საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ა. კ-ს შორის 2011 წლის 17 იანვარს დადებული საპროცესო შეთანხმება.

თ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, თ. კ-ს დანიშნული სასჯელი შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 26 აპრილიდან 2011 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, თ. კ-ს სახელმწიფო სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას ავტომანქანა „ნისანი“, სახ.¹....

დამტკიცდა ნ. ა. ო-სა და საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ა. კ-ს შორის 2011 წლის 17 იანვარს დადებული საპროცესო შეთანხმება.

ნ. ა. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ნ. ა. ო-ს დანიშნული სასჯელი შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ნ. ა. ო-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს უნდა დაუბრუნდეს გირაოს თანხა სრულად.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულების _ გ. ფ-სა და მ. რ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულების _ გ. ფ-სა და მ. რ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ გ. ფ-სა და მ. რ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.