Facebook Twitter

№ბს-1576(კ-18) 26 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. თ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 7 დეკემბერს ნ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის -საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1992 წლის 11 დეკემბერს (ორდერი #0177) საცხოვრებელი ბინის გაცლის შედეგად, შესაბამისი ორდერის გაცემის შემდგომ, ყველა დოკუმენტის საფუძველზე, ძირითადი დამქირავებლების სახით ბინა გადაეცათ ა. თ-ს და მის ოჯახს. ორდერში ჩაწერილები არიან: 1. თ-ი ა., 2. გ-ა მ., 3. თ-ი გ. და 4. თ-ი ნ. . ქ. ქუთაისში, ...ას ქ. 19, №100/47-ში მდებარე საცხოვრებელ (საპრივატიზაციო) ბინაში დღემდე ცხოვრობენ აღნიშნული პირები. 2016 წლის 6 ივნისს ბინათმოსარგებლე ნ. თ-მა ქ. ქუთაისში, ...ას ქ. 19, №100/47-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მოთხოვნით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას. 2016 წლის 4 ივლისის №01/14513 წერილით მერიამ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა“, „ბ.ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე. აღნიშნული ცნობის გაცემის მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა თავდაცვის სამინისტროს. ნ. თ-ს უარი ეთქვა მოთხოვნილი ცნობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქ. ქუთაისში, ...ას ქ. 19, №100/47-ში არსებული საცხოვრებელი ბინა განეკუთვნებოდა სამსახურებრივი სარგებლობის ბინას და არ ექვემდებარებოდა საკუთრებაში გადაცემას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 19 ივლისის #MOD61600661606 მიმართვისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 10 ნოემბრის #MOD11600000019 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. ქუთაისში, ...ას ქუჩა 19, #100/47-ში მდებარე ბინაზე სამსახურებრივი სტატუსის მოხსნისა და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, ,,ბ.ა“, ,,ბ.ბ“, და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ ცნობის გაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 19 ივლისის #MOD61600661606 წერილი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 10 ნოემბრის #MOD11600000019 ბრძანება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. თ-ი მეუღლესთან - მ. გ-ასთან და შვილებთან - გ. და ნ. თ-ებთან ერთად ქ.ქუთაისში, ...ას ქუჩა 19, №100/47 ბინაში საქართველოს რესპუბლიკის ქუთაისის პრეფექტურის 1992 წლის 11 დეკემბრის №0177 ორდერის საფუძველზე ბინების გაცვლის შედეგად დამქირავებლის სახით იქნა შესახლებული.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის №589 ბრძანების მეორე პუნქტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ყველა ბინა (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები) მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინებად გამოცხადდა.

2016 წლის 6 ივნისს ნ. თ-ის წარმომადგენელმა დ. ბ-ემ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა, რომლითაც ქ. ქუთაისში, ...ას ქუჩა 19, №100/47-ში მდებარე ბინის ნ. თ-ის სახელზე პრივატიზება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად მერიას №0177 ორდერი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება, შიდა აზომვითი ნახაზი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პრივატიზებაზე ნ. თ-ის ოჯახის წევრების - ა. თ-ის, მ. გ-ასა და გ. თ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები და რწმუნებულება წარედგინა.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის 2016 წლის 4 ივლისის №01/14513 წერილით ნ. თ-ის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განმცხადებელს დაევალა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მესამე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარედგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა“, ,,ბ.ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე.

2016 წლის 5 ივლისს ნ. თ-ის წარმომადგენელმა დ. ბ-ემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს განცხადებით მიმართა, რომლითაც ნ. თ-ის მფლობელობაში არსებული, ქ. ქუთაისში, ...ას ქუჩა 19, №100/47-ში მდებარე ბინის პრივატიზებისათვის საჭირო, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემა მოითხოვა. განცხადებასთან ერთად სამინისტროს №0177 ორდერის ასლი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება, შიდა აზომვითი ნახაზი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები, 2016 წლის 4 ივლისის №01/14513 წერილი და რწმუნებულება წარედგინა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 19 ივლისის №MOD61600661606 წერილით ნ. თ-ის წარმომადგენელს დ. ბ-ეს განემარტა სამინისტროს ბალანზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემისა წესისა და პირობების შესახებ და ეცნობა, რომ ნ. თ-ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი წარმოადგენდა სამსახურებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილ ბინას და არ ექვემდებარებოდა საკუთრებაში გადაცემას.

2016 წლის 28 ივლისს ნ. თ-ის წარმომადგენელმა დ. ბ-ემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს №698826 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 19 ივლისის №MOD61600661606 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და 2016 წლის 5 ივლისის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. საჩივრის თანახმად, აქტის გამომცემ ორგანოს ცნობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი არ ჰქონდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 10 ნოემბრის №MOD11600000019 ბრძანებით ნ. თ-ის წარმომადგენელს დ. ბ-ეს 2016 წლის 29 ივლისის №698826 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ნ. თ-ის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ბინა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის №589 ბრძანების მე-2 პუნქტის მიხედვით, განკუთვნილი იყო მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის და ამდენად, საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარებოდა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს, მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ განსაზღვრავს. დასახელებული წესი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღების უფლებამოსილებას შესაბამისი ფართის კანონიერ მოსარგებლეს ანიჭებს და განმარტავს, რომ ამ წესის მიზნებისათვის კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით (წესის მე-2 მუხლის ,,ე“ პუნქტი). დასახელებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ‑ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წინაპირობები რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (შემდეგში – ბინები) საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულება განსაზღვრავს. დასახელებული დებულების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად (მე-2 მუხლი). ამავე დებულების მიხედვით, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება: ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ, ან/და გ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას ან; დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში (მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი). ამავე დებულების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენისას ფიზიკურმა პირმა შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე; ბ) საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეიცავს მითითებულ ინფორმაციას); გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (იმ შემთხვევაში, თუ პირი დასაქმებულია) (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება ბინა: ა) რომელიც მდებარეობს დახურული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე; ბ) თუ ბინა დაკავებული აქვს: ბ.ა) 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); ბ.ბ) მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); ბ.გ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მომსახურე პირს; გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, ნ. თ-ის მფლობელობაში არსებული ბინის პრივატიზებისათვის საჭირო, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემაზე კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა ნ. თ-ის განცხადებაზე, თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებისა (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით).

რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე განხორციელებულ წარმოებას, სასამართლოს მითითებით, იგი ვერ ჩაითვლება ადეკვატურად და ჯეროვნად, რამეთუ ადგილი არ ჰქონია წარდგენილი მოთხოვნის სათანადო შეფასებასა და საქმის გარემოებების გამოკვლევას. სამინისტრომ ფაქტობრივად იმსჯელა ნ. თ-ის მოთხოვნაზე საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემაზე და აღნიშნული მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ იმის გამო, რომ ნ. თ-ის მფლობელობაში არსებული ბინა განკუთვნილი იყო სამსახურებრივი სარგებლობისათვის, თუმცა სამინისტროს არ უმსჯელია ბინისათვის შესაბამისი სტატუსის მოხსნაზე, რაც თავისთავად მოიაზრებოდა ნ. თ-ის მოთხოვნის შემადგენელ ნაწილად და არსებითი იყო საკითხის გადასაწყვეტად. განსახილველი საქმის არსის გათვალისწინებით, სამინისტროს ჰქონდა საჭიროება, მოეთხოვა დაინტერესებული პირის განმარტება, მისი განცხადება მოიცავდა თუ არა ბინისათვის სამსახურებრივი სარგებლობის ქონების სტატუსის შეცვლას და დადებით შემთხვევაში, ემსჯელა ამგვარი სტატუსის შეცვლაზე შესაბამისი ბინის გამოყენების ფაქტობრივად ჩამოყალიბებული სახიდან გამომდინარე.

სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.

სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირის უფლების რეალიზაცია პირდაპირ არის დამოკიდებული მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების რეალიზაციასთან, რაც კანონით დადგენილი რამდენიმე ფორმით ხორციელდება და რომელიც, თავის მხრივ, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს შემოწმებისა და შეფასების სფეროს. ამდენად, საჯარო მოხელეების მხრიდან პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საპროცესო დოკუმენტების ზუსტი კვალიფიკაცია უშუალო კავშირშია ადამიანის, როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული უფლებების უზრუნველყოფასთან, მმართველობის კანონიერების, თანასწორობისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპების განხორციელებასთან.

სასამართლოს მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი სამართლებრივი დახმარება. დასახელებული მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე - კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით. ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას, რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების თანამედროვე მოცემულობა – დაბალი სამართლებრივი კულტურა, მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, სრულფასოვანი და კვალიფიციური იურიდიული დახმარების ხელმიუწვდომლობა, და სხვ., განაპირობებს ზოგადად, საჯარო წესრიგისადმი დამოკიდებულების საერთო-ეროვნული ტრადიციის, როგორც კულტურის შემადგენელი ნაწილის, ჩამოყალიბების სირთულეს. ამ ვითარებაში საჯარო მოსამსახურე თავისი ფუნქციების განხორციელებისას ვალდებულია მოქმედებდეს სწორედ არსებული მოცემულობის ადეკვატურად, მისი მომსახურების სტანდარტი უნდა იქმნებოდეს და ყალიბდებოდეს არა შექმნილი კლიშეს, ან კანონის დანაწესის ცალმხრივი, ფორმალისტური გაგებიდან, არამედ მომსახურების მიმღების ინტერესების დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 19 ივლისის №MOD61600661606 წერილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 10 ნოემბრის №MOD11600000019 ბრძანება გამოცემულია რა კანონმდებლობის დანაწესების უგულებელყოფით, საქმის გარემოებათა სათნადო გამოკვლევის, შეფასებისა და დასაბუთების გარეშე და ამგვარად ზღუდავს მოსარჩელის უფლებას, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რაც გაიზიარა სააპელაციო პალატამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია და შეაფასა თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანების მეორე პუნქტი, რომლის თანახმად, სადავო ქ. ქუთაისში, ...ას ქ. 19, №100/47-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა განკუთვნილია მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები.

გარდა აღნიშნულისა, კასატორის განმარტებით, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 19.07.2016 წლის წერილით მხარეს სწორი და დასაბუთებული უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მოსარჩელეს აღნიშნული ცნობა ესაჭიროებოდა სწორედ იმისათვის, რათა მოეხდინა მის მიერ დაკავებული ბინის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია, რომლის უფლებამოსილებაც მას არ ჰქონდა გამომდინარე ბინის სტატუსიდან.

ამასთან, კასატორის მითითებით, არც ერთმა სასამართლომ არ იმსჯელა იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. თ-ს თავდაცვის სამინისტროსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს მის მიერ დაკავებული სადავო ბინის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით არც განცხადებით და არც ადმინისტრაციული საჩივრით. მის მიერ თავდაცვის სამინისტროსგან მოთხოვნილ იქნა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულების შესაბამისად ბინის საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო ცნობის გაცემა, რაზედაც დასაბუთებული უარი გაეცა და შემდგომ ეს უარი გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რომლითაც ასევე ითხოვდა განცხადებით მოთხოვნილი ცნობის გაცემას. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოები უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად აღნიშნავენ, რომ სამინისტროს მიუხედავად ნ. თ-ის მოთხოვნისა (ცნობის გაცემის შესახებ) უნდა ემსჯელა სადავო ბინისათვის სტატუსის მოხსნაზე, რასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2018წ. განჩინებაზე (საქმეზე №ბს-1016(გ-18)) და აღნიშნავს, რომ მართალია ამგვარი კატეგორიის დავებზე განსჯადობის თვალსაზრისით დადგენილია ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ მის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული დავები განიხილება უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, თუმცა ტერიტორიული განსჯადობის დარღვევა ვერ გახდება საგნობრივად უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა და არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

რაც შეეხება დავის არსებით მხარეს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოების დადგენას, რამდენად საფუძვლიანია ნ. თ-ის მოთხოვნა სადავო ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

განსახილველი დავის საგანს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 19 ივლისის №MOD61600661606 მიმართვისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 10 ნოემბრის №MOD11600000019 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. ქუთაისში, ...ას ქუჩა 19, №100/47-ში მდებარე ბინაზე სამსახურებრივი სტატუსის მოხსნისა და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა“, „ბ.ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ ცნობის გაცემის დავალება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“ (ძალადაკარგულია 09.06.2013წ. #1037 საქართველოს კანონით), რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენდა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბინის ორდერის, საბინაო წიგნაკის და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით (ანალოგიურ დებულებას შეიცავს ამჟამად მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ (2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი)). ნორმაში ჩამოთვლილია ის დოკუმენტები, რომლითაც უნდა დადასტურდეს კანონიერი სარგებლობა, თუმცა კანონმდებელი არ იძლევა ამ დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს და ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას დაეყრდნოს უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებსაც.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბინა იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების პირველი და მე-2 მუხლების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებით დადგენილი წესით, მითითებული დებულებით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად. სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლი შეიცავს საკუთრებაში ფართის უსასყიდლოდ გადაცემისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის ამომწურავ ჩამონათვალს. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება: ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ, ან/და გ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას, ან დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ დებულების მე-2 მუხლში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ფიზიკურმა პირმა შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე; ბ) საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეიცავს მითითებულ ინფორმაციას); გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (იმ შემთხვევაში, თუ პირი დასაქმებულია).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები. ამდენად, ნორმატიული აქტით განისაზღვრა ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინები არ ექვემდებარება პრივატიზაციას. აღნიშნული დებულებით საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ბინები.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, უდავოა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულება ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის #589 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ყველა ბინა, მათ შორის, სადავო ბინა გამოცხადებულ იქნა სამსახურებრივი სარგებლობისთვის გამოსაყენებელ ბინად. შესაბამისად, მითითებული ბრძანებულებით გარკვეული კატეგორიის ფიზიკური პირებისათვის მინიჭებული უფლება, ამავე ბრძანებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემოდათ დაკავებული ბინები, მთლიანად შეიზღუდა. უდავოა, ასევე, რომ სადავო ბინას მოხსნილი არ აქვს სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინის სტატუსი. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ ის საფუძველი, რომელიც საცხოვრებელი ბინის პრივატიზებაზე შესაბამისი თანხმობის (ცნობის) გაცემის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს (ბინის სამსახურებრივი დანიშნულების სტატუსი), დღეის მდგომარეობითაც არსებობს და იგი გაუქმებული არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიციას იმ კუთხით, რომ მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ცალსახად განსაზღვრავს, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთვევაში ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის სათანადო შეფასებასა და საქმის გარემოებების გამოკვლევას, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს წარდგენილი მოთხოვნის ფარგლებში არ უმსჯელია ნ. თ-ის ოჯახის სარგებლობაში არსებული ბინისათვის სამსახურებრივი სტატუსის მოხსნაზე, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის გადასაწყვეტად, ვინაიდან სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინის სტატუსის მოხსნა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. ამ კუთხით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა. თ-ი მეუღლესთან - მ. გ-ასთან და შვილებთან - გ. და ნ. თ-ებთან ერთად ქ.ქუთაისში, ...ას ქუჩა 19, №100/47 ბინაში საქართველოს რესპუბლიკის ქუთაისის პრეფექტურის 1992 წლის 11 დეკემბრის №0177 ორდერის საფუძველზე ბინების გაცვლის შედეგად დამქირავებლის სახით იქნა შესახლებული. მოსარჩელის მითითებით, ისინი დღემდე ცხოვრობენ სადავო ბინაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი მათთვის ბინის ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია. თავდაცვის სამინისტროს სადავო ბინაზე ფაქტობრივად მოხსნილი აქვს სამსახურებრივი სტატუსი, ბინის გამოყენება არ ხდება სამსახურებრივი დანიშნულებით. ამდენად, მოსარჩელის ოჯახი წლებია ფლობს სადავო ბინას, რისი საწინააღმდეგოც სამინისტროს არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თავდაცვის სამინისტრომ წლების განმავლობაში სადავო ბინაზე პრეტენზიის განუცხადებლობით, ბინის მობინადრეთა სარგებლობაში დატოვებით, მხოლოდ სამართლებრივად დატოვა ბინისთვის სამსახურებრივი სტატუსის არსებობა. ფაქტობრივად, სადავო ბინის სამსახურებრივი სტატუსით გამოყენება წლების განმავლობაში არ ხდება. სწორედ აღნიშნული უდავოდ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს თავდაცვის სამინისტრომ სადავო ბინაზე სამსახურებრივი სტატუსის მოხსნის შესაძლებლობასა და მიზანშეწონილობაზე.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი სამართლებრივი დახმარება. დასახელებული მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე - კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით. ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას, რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამ ვითარებაში საჯარო მოსამსახურე თავისი ფუნქციების განხორციელებისას ვალდებულია მოქმედებდეს სწორედ არსებული მოცემულობის ადეკვატურად, მისი მომსახურების სტანდარტი უნდა იქმნებოდეს და ყალიბდებოდეს არა კანონის დანაწესის ცალმხრივი, ფორმალისტური გაგებიდან, არამედ მომსახურების მიმღების ინტერესების დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფით.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან, სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინის სტატუსის მოხსნა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან (ამგვარი სტატუსის მოხსნის გარეშე ბინები არ ექვემდებარება საკუთრებაში გადაცემას), თავდაცვის სამინისტროს წარდგენილი მოთხოვნის ფარგლებში შეფასება სწორედ სადავო ბინაზე სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით უნდა გაეკეთებინა, რაც წარმოადგენდა მოსარჩელის უფლების რეალიზაციის სათანადო ფორმას, ვინაიდან კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ბინები. შესაბამისად, სტატუსის მოხსნის შესაძლებლობაზე მსჯელობის არარსებობის პირობებში, იმთავითვე ნათელი იყო მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობა. ადმინისტრაციულ ორგანოს კი მოთხოვნა უნდა განეხილა მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსისა და მისი მიზნის შესაბამისად. რის გამოც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - თავდაცვის სამინისტროს მითითებას მოთხოვნის ფარგლებთან დაკავშირებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის სამართლებრივ შინაარსზე, რომელიც „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“.“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09;).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მომავალი შემოსავალი განიხილება „საკუთრებად“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უკვე გამომუშავებულია ან მასზე აღსრულებადი მოთხოვნა უკვე არსებობს (ამბრუსი იტალიის წინააღმდეგ (Ambruosi v. Italy), No. 31227/96, 19.10.00, მე-20 პარაგრაფი). უფრო მეტიც, „დიდი ხნის განმავლობაში ეფექტიანად აღუსრულებადი ძველი საკუთრების უფლების გადარჩენის აღიარების იმედი“ არ უტოლდება „საკუთრებას“ (სლივენკო ლატვიის წინააღმდეგ (Slivenko v. Latvia), No. 48321/99, 23.1.02, მე-12 პარაგრაფი).

„ლეგიტიმური მოლოდონის“ ცნებასთან მიმართებით, საინტერესოა საქმე კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ (კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ (Kopecký v. Slovakia), No. 44912/98, 7.1.03 (პალატა) და 28.9.04 (დიდი პალატა). მოცემულ საქმეში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ განმცხადებელს არ ჰქონდა „ლეგიტიმური მოლოდინი“ 1950-იან წლებში ჩამორთმეულ მონეტებზე მის მოთხოვნასთან მიმართებით, ვინაიდან ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები რეალურად არ შესრულებულა. ლეგიტიმური მოლოდინის საკითხზე მნიშვნელოვანია, ზემოხსენებულ საქმეში მოცემული განმარტება, რაც ხშირად მეორდება შემდგომ პრეცედენტულ სამართალშიც (Centro Europa 7 S.r.l და დისტეფანო იტალიის წინააღმდეგ (Centro Europa 7 S.r.l and Di Stefano v. Italy), No. 38433/09, 07.06.2012, 73-ე პარაგრაფი.): „როდესაც საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ინტერესი მოთხოვნის ბუნებისაა, პირი, რომელსაც ის გააჩნია, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს „ლეგიტიმური მოლოდინის“ მქონედ, თუ აღნიშნული ინტერესის არსებობისთვის საკმარისი და სათანადო საფუძველი არსებობს ეროვნულ სამართალში, მაგალითად, სადაც არსებობს ეროვნულ სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკა/პრეცედენტული სამართალი, რომელიც აღნიშნულის არსებობას ადასტურებს...“

ლეგიტიმური მოლოდინის შესაფასებლად ხაზგასასმელი დეფინიციაა მოცემული საქმეში რამაერი და ვან ვილიგენი ნიდერლანდების წინააღმდეგ (რამაერი და ვან ვილიგენი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Ramaer and Van Willigen v. the Netherlands), No. 34880/12, 23.10.2012. 81-ე პარაგრაფი), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „მომჩივნების მოლოდინები არ ეფუძნებოდა რაიმე სამართლებრივ დანაწესს ან სამართლებრივ აქტს, როგორიცაა, მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილება. ისინი უფრო ეყრდნობოდა იმედს, რომ მათ გაუხანგრძლივებდნენ ან განუახლებდნენ სადაზღვევო ხელშეკრულებებს იმ პირობებით, რომლებიც ძველ პირობებთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელი მათთვის არ იქნებოდა. სასამართლომ საკუთარ პრეცედენტულ სამართალში უკვე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება განსხვავებაზე სარგებლის მიღების იმედსა (როგორი გასაგებიც არ უნდა იყოს ეს იმედი) და ლეგიტიმურ მოლოდინს შორის, რომელიც აუცილებელია, იყოს უფრო კონკრეტული ბუნების ვიდრე უბრალო იმედი და ეფუძნებოდეს სამართლებრივ დანაწესს ან სამართლებრივ აქტს.“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ბინის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება არ წარმოადგენდა ევროსასამართლოს პრაქტიკით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშ მოქცევად „ლეგიტიმურ მოლოდინს“ საკუთრების უფლების მიღებაზე, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში ამგვარი მოლოდინის წარმოშობას გამორიცხავდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახს სარგებლობაში გადაეცა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინა, ხოლო მეორე მხრივ, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის „ლეგიტიმურ მოლოდინს“ გამორიცხავს თავად საკანონმდებლო დანაწესი (საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი), სადაც ცალსახად არის განსაზღვრული, რომ მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ოჯახს სადავო ბინა გადაეცა სარგებლობაში, ხოლო კანონი დაუშვებლად მიიჩნევს ასეთი ბინის საკუთრებაში გადაცემას მანამ, სანამ ბინას არ მოეხსნება სამსახურებრივი სტატუსი, მოსარჩელის ოჯახის მხრიდან სადავო ბინის სარგებლობის ფაქტს არ შეეძლო გამოეწვია „ლეგიტიმური მოლოდინი“ სადავო ბინაზე საკუთრების უფლების მიღებისა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი