ბს-905 (გ-19) 17 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-ის“ სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ „112-მა“ 02.11.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ო. ნ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ავტომანქანის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი საფასურის სრულად ანაზღაურების დავალება ავტომანქანის გაყვანის დღისთვის დარიცხული თანხის ოდენობით, რომელიც 02.11.2018წ. მდგომარეობით შეადგენს 4622 ლარს. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ „112-ის“ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხისათვის სსიპ „112-ის“ სპეციალური სადგომიდან (მის.: ქ. თბილისი, გახოკიძის ქუჩა) ავტომანქანის (სახ. ნომრით: …) საკუთარი ხარჯებით დაუყონებლივ გაყვანის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2014 წლის მაისიდან ახორციელებს ევაკუატორით მომსახურების სერვისს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანას და მათ შენახვას სპეციალურ დაცულ სადგომზე. 23.05.2015წ. ო. ნ-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121.3 მუხლის შესაბამისად, დროებით ჩამოერთვა მფლობელობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება. ავტომანქანა სსიპ „112-ის“ მიერ გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ სადგომზე, სადაც განთავსებულია დღემდე. სარჩელის შეტანის მომენტისათვის არსებული მდგომარეობით სატრანსპორტო საშუალებას სსიპ „112-ის“ მიმართ ერიცხება მომსახურების დავალიანება 4622 ლარი, რომელიც გაანგარიშებულია საქართველოს მთავრობის 27.12.2011წ. N489 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112-ის“ მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესით“ დადგენილი განაკვეთების შესაბამისად. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სატრანსპორტო საშუალების მიმართ დასრულებულია ყველა საჭირო პროცედურა, რის გამო არ არსებობს მისი სპეციალურ სადგომზე დატოვების საჭიროება. ამასთანავე, სპეციალური სადგომის ტერიტორია სსიპ „112-ს“ კანონიერ სარგებლობაში გადაცემული აქვს მესაკუთრე სახელმწიფოსაგან კონკრეტული მიზნით. საჭიროების გასვლის შემდეგ ავტომანქანის სადგომზე დგომა უარყოფითად აისახება სსიპ „112-ის“ სერვისზე, რადგან იზღუდება სადგომის ფაქტობრივი გამოყენების რესურსი. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 161-ე, 172-ე მუხლებიდან გამომდინარე სსიპ „112-ს“, როგორც სადგომის მართლზომიერ მფლობელს, შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. რაც შეეხება, ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრებას, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სკ-ის 316-ე, 317-ე მუხლების მიხედვით ვალდებულება შესაძლოა წარმოიშვას ხელშეკრულებიდან, დელიქტიდან ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, განსახილველ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გადაყვანისა და შენახვის ხარჯების მოპასუხის მიერ გადახდის ვალდებულება კანონისმიერია და წარმოიშობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის პირველი შენიშვნიდან, რომელიც გაწეული ხარჯის ანაზღაურებას დამრღვევს აკისრებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.03.2019წ. განჩინებით სსიპ „112-ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილი უნდა იყოს საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოსარჩელე სსიპ „112“ ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20.02.2018წ. N18 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული დებულების შესაბამისად. დებულების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, „112-ის“ ფუნქციაა სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომის მოწყობა-ორგანიზება საქართველოს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით სამინისტროს კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სამართალდარღვევების შემთხვევაში ჩამორთმევას დაქვემდებარებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე გადაყვანის და დგომის უზრუნველსაყოფად. საჯარიმო სადგომზე განთავსებული ავტომობილის გაყვანას ესაჭიროება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური უწყების ნებართვა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ „112-ის“ მიერ აღძრული სარჩელის დავის საგანი გამომდინარეობს ადმინისტრაციული და არა სამოქალაქო კანონმდებლობიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2019წ. განჩინებით სსიპ „112-ის“ სარჩელი სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია განსახილველი საქმის ძირითადი მოთხოვნის სამართლებრივი ბუნების დადგენა და აღნიშნა, რომ მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნაა ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხისათვის ავტოსადგომიდან სატრანსპორტო საშუალების გაყვანის დავალება. მართალია სსიპ „112“ ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა დავაში მისი მონაწილეობა იმთავითვე არ ადასტურებს დავის ადმინისტრაციულ ხასიათს, განსჯადობის საკითხზე მსჯელობისას გადამწყვეტია სადავო სამართალურთიერთობის ხასიათი და დავის საგანი. სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთაზე აღძრული სარჩელი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ინსტიტუტს, სამოქალაქო სამართლის შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრული სარჩელი სამოქალაქო დავაა, რადგან სწორედ სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს მფლობელობის და საკუთრების უფლების საკითხებს. სამოქალაქო კანონმდებლობაც განსჯადობის განსაზღვრის პრინციპად არა დავის სუბიექტებს, არამედ სამართლებრივ ურთიერთობას აღიარებს. ამასთანავე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხისათვის მომსახურების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა არ არის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა და იგი განხილულ უნდა იქნას, როგორც ხელშეშლის აღკვეთის თანამდევი შედეგი. დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილებას არ ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სსიპ „112-ის“ მომსახურების ტარიფი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2019წ. Nბს-431(გ-19) განჩინებაზე, რომლის მიხედვით მოცემული კატეგორიის საქმე სამოქალაქო წესით განხილვას დაექვემდებარა. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია სასარჩელო მოთხოვნები წარმოშობილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების შედეგად, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დავის საგანს არ შეადგენს სამართალდარღვევის ჩადენა და მასზე რეაგირების ფარგლებში შესრულებული ოპერაციები. სასარჩელო მოთხოვნა ეხება თანხის დაკისრებას და სადგომის გამოთავისუფლების დავალებას. აღნიშნულ მოთხოვნებზე მსჯელობისას, საკითხის არსებითად განმხილველ სასამართლოს სწორედ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი რეგულაციების გამოყენება, დგომის საჭიროების გასვლის შემდეგ წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობების შეფასება მოუწევს, ამდენად, დავის ძირითადი კომპონენტი კერძოსამართლებრივია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ სსიპ „112-ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. განსახილველ შემთხვევაში დავა ეხება საგნობრივ განსჯადობას. შესაბამისად, შეფასებას საჭიროებს არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი, რადგან განსჯადობის საკითხის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ დავის ბუნებას და არა სუბიექტურ შემადგენლობას ენიჭება. სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძო-სამართლებრივი ურთიერთობები სკ-ის 8.2 მუხლის თანახმად, სამოქალაქო კანონმდებლობით წესრიგდება. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები .
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სსიპ „112“, რომელიც სზაკ-ის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოა, მოპასუხე ფიზიკური პირისაგან ითხოვს მომსახურების საფასურის ანაზღაურებას და სპეციალური სადგომიდან ავტომანქანის გაყვანის დავალებას. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია ის გარემოებები, რომ 23.05.2015წ. ო. ნ-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მუშაკის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121.3 მუხლის შესაბამისად, დროებით ჩამოერთვა მფლობელობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება. სსიპ „112-ის“ მიერ ავტომანქანა გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ სადგომზე, სადაც დღემდეა განთავსებული, საჭიროების გასვლის მიუხედავად. სსიპ „112-ის“ მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხა მოიცავს ევაკუატორის გამოძახების ღირებულებას (30 ლ.), სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასურსა (24 ლ.) და საჯარიმო სადგომზე დგომის ღირებულებას (4 568ლ.)(ტ.1, ს.ფ. 31).
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121.1 მუხლი სამართალდარღვევად მიიჩნევს სატრანსპორტო საშუალების მართვას პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის და აღნიშნული გადაცდომის შემთხვევაში ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით (მე-3 ნაწ.). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის 1-ლი შენიშვნის მიხედვით, ამ კოდექსის 121-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე მართვის მოწმობის ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტების უქონლობის შემთხვევაში დამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება და მას გადაიყვანენ სპეციალურ სადგომზე; ტრანსპორტირებისა და სადგომის შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს. აღნიშნულ დარღვევაზე სამართალდარღვევის შედგენისა და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შინაგან საქმეთა ორგანოებს, პოლიციელს (კოდექსის 209.1, 250.11 მუხ.). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის ვალდებულება სსიპ „112-ის“ მიმართ საჯარო კანონმდებლობიდან გამომდინარე საფუძვლიდან წარმოიშობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლის ნორმების განსხვავებული შინაარსის მიუხედავად, მათი სტრუქტურა ერთნაირია, სამართლის ნორმის სტრუქტურა შედგება ფაქტობრივი შემადგენლობისა და იურიდიული შედეგისაგან, ფაქტობრივი შემადგენლობა განსაზღვრავს ნებადართულ ან აკრძალულ ქმედებას, იურიდიული შედეგი დგება ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობის დადგომის შემთხვევაში. იურიდიული შედეგი, ხშირად სანქციის ფორმით არის გამოხატული, რომელიც იძულებითი ხასიათის ღონისძიებაა. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის გათვალისწინებული სანქცია არის სახელმწიფო იძულების მექანიზმით გარანტირებული იურიდიული პასუხისგებლობის ზომა, რომელიც შესაძლოა გამოიხატოს ფულადი სახით, თავისუფლების აღკვეთით, პირისათვის გარკვეული ქმედების დავალებითა თუ აკრძალვით და სხვ.. სანქციის შეფარდებას ახორციელებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო - განსახილველ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც გამოავლენს სამართალდარღვევას, ახდენს მასზე რეაგირებას და იღებს გადაწყვეტილებას ნორმატიულად განსაზღვრულ ფარგლებში დამრღვევისთვის სანქციის კონკრეტული ზომის შეფარდებასთან დაკავშირებით (სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N993 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ 6.1 მუხ. „გ“ და „ე“ ქვ.პ.). განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ო. ნ-ის მიერ სატრანსპორტო სამართალდარღვევის ჩადენა, რაც სადავო არ გამხდარა და შესაბამისად არ არის მოცემული დავის საგანი. ო. ნ-ი პატრულ-ინსპექტორის მიერ დაჯარიმდა სამართალდარღვევათა კოდექსის 121.3 მუხლის საფუძველზე 1000 ლარით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 29, 30), თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება საჭიროებდა აღსრულებას, რადგან საჯარო უფლებამოსილების განხორცილების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა აზრს უკარგავს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, კონკრეტული დარღვევის გამოვლენასა და მასზე რეაგირებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, როგორც წესი, გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს (სზაკ-ის 162.1 მუხ.), თუმცა დაიშვება აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირება (სზაკ-ის 162.3 მუხ.). დელეგირებისას კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანო მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს გადასცემს მესამე პირს, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც კერძო პირი, ასევე ადმინისტრაციული ორგანო. დელეგირების შედეგად სუბიექტი აღიჭურვება კონკრეტულ სფეროში საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებებით და მოქმედებს მინიჭებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში. ამასთანავე, დელეგირებული უფლებამოსილებების მოცულობა, ვადა და სუბიექტი განისაზღვრება შესაბამისი საჯარო-სამართლებრივი ფუნქციის მატარებელი ორგანოს მიერ. დელეგირება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ასევე ფუნქციის მიმღებ სუბიექტთან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებით ან მათი ერთობლივი გამოყენებით.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 28.12.2011წ. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112-ის“ დებულების“ მე-3 მუხლის "ლ" ქვეპუნქტით სსიპ „112-ის“ ფუნქციებს შორის მითითებული იყო სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სამართალდარღვევების შემთხვევაში ჩამორთმევას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურად დაცული სადგომის მოწყობა-ორგანიზების და სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების უზრუნველყოფის ფუნქცია (ასეთივე მოწესრიგებას ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20.02.2018წ. N18 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112-ის“ დებულების 2.2 მუხლის "ი" ქვეპუნქტი), რომელიც სსიპ-ის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილებისათვის, სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომებზე სატრანსპორტო საშუალებათა განთავსება/შენახვისათვის სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი დებულებით გათვალისწინებული იყო სსიპ „112-ის“ სტრუქტურაში სპეციალური სტრუქტურული ერთეული (დებულების 9.7 მუხ.), ასეთივე მოწესრიგებას ითვალისწინებს აგრეთვე „112-ის“ ამჟამად მოქმედი დებულების 11.2 მუხლი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე დამრღვევის ავტომანქანის ე.წ. „საჯარიმო“ სადგომზე გადაყვანა სწორედ სსიპ „112-მა“ განახორციელა. სასარჩელო განცხადებაში სსიპ „112“ აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და სსიპ „112-ს“ შორის 15.05.2014წ. დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულება დაიდო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დეპარტამენტის შეტყობინების შედეგად სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის, შენახვისა და დაცვის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით (2.2 პუნქტი). აღნიშნული ქმედებების განხორციელება ფაქტობრივად წარმოადგენს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სამართალდარღვევის გამოვლენის გამო სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას, ანუ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტაციულ სამართალდარვევაზე რეაგირების მიზნით მისთვის საჯარო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, რისი უფლებაც ამ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსვე ჰქონდა მინიჭებული (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119.1 მუხ., 250.11 მუხ.). ამდენად, დასტურდება, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის უფლებამოსილების სსიპ „112-თვის“ გადაცემით, ეს უკანასკნელი აღჭურვა აქტის აღსრულების უფლებამოსილებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სახელწოდებას, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, ხოლო კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებლებად. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და მოსარჩელეს შორის დადებული ხელშეკრულების ადმინისტრაციული ხასიათი, რადგან ხელშეკრულებით განხორციელდა სსიპ „112-ის“ ისეთი საჯარო-სამართლებრივი ფუნქციით აღჭურვა, რომელიც ნორმატიულად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება. ამდენად, სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანას, დაცვასა და შენახვას სსიპ „112“ ახორციელებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული დებულების საფუძველზე. შესაბამისად აღნიშნული ფუნქციის განხორციელებებისას პირთან წარმოშობილი სამართალურთიერთობები საჯარო ხასიათისაა.
ხელშეკრულება ითვალისწინებს აღსრულების უფლებამოსილების დელეგირებას და არა აღსრულების პროცესში ტექნიკურ დახმარებას, რადგან სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გადაყვანასთან და დგომასთან დაკავშირებული პროცესის განხორციელება სრულად სსიპ-თვის არის გადაცემული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის პირველი შენიშვნის თანახმად, ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ეკისრება დამრღვევს, აღნიშნული ხარჯი ფაქტობრივად აღსრულების ღირებულებაა, რომლის მიღების უფლებაც ხელშეკრულებით ასევე სსიპ „112-ს“ აქვს გადაცემული, ხოლო ანაზღაურების განაკვეთები განსაზღვრულია ნორმატიულად - საქართველოს მთავრობის 27.12.2011წ. N489 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -„112-ის“ მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესით“ (მე-4 მუხ.). ამდენად, შსს-ს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების ფარგლებში სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა და შენახვა შესაბამისი საჭიროების გასვლამდე წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას, რადგან ხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და სსიპ „112-ს“ შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიხედვით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მფლობელისათვის დაბრუნებაზე, რის შესახებაც აცნობებს სსიპ „112-ს“ (3.1.4 პუნქტი), ხოლო სსიპ „112“ ვალდებულია დაუბრუნოს მესაკუთრეს (მფლობელს) სატრანსპორტო საშუალება დეპარტამენტის აღნიშნული ნებართვის საფუძველზე (3.2.12 პუნქტი). ამდენად, სსიპ „112-ის“ მიერ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება სრულდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიზნებისათვის სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დგომის საჭიროების ამოწურვით, თუმცა პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც საჭიროების არარსებობის მიუხედავად მესაკუთრე (მფლობელი) არ ახდენს სატრანსპორტო საშუალების სადგომიდან გაყვანას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დასტურდება საჭიროების გასვლის შემდეგ დამრღვევის მიერ სატრანსპორტო საშუალების სსიპ „112-ის“ ავტოსადგომზე დატოვება. ამდენად, ერთი მხრივ ფაქტობრივი უმოქმედობით მფლობელმა გამოხატა სსიპ-ის ავტოსადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომის ნება, ხოლო მეორე მხრივ - ქმედითი წინააღმდეგობის გაუწევლობით, დუმილით სსიპ „112“ კონკლუდენტურად დაეთანხმა სატრანსპორტო საშუალების მის სადგომზე დატოვებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება, კერძოდ: მიბარება, უკეთუ დასტურდება სსიპ-ის პასუხისმგებლობა ქონების შენახვასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებით, ან სადგომის კონკრეტული ადგილის დამრღვევის მიერ დაქირავება, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებას არ მოჰყვება გამქირავებელი მხარისათვის ნივთის შენახვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა. სსიპ „112-სა“ და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების 8.2 პუნქტის მიხედვით, საჭიროების გასვლის შემდეგ ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობები არ ვრცელდება „112-ის“ და დამრღვევ მძღოლთან (სატრანსპორტო საშუალების მფლობელთან) ურთიერთობაზე, ამდენად, ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება სსიპ „112-ის“ ვალდებულება საჭიროების გასვლის შემდეგ სადგომზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალების დაცვის შესახებ, თუმცა მეორე მხრივ ავტოსადგომი არაერთგზის მოიხსენიება დაცულ ავტოსადგომად. ამდენად, საქმის მასალებით არ იკვეთება სადგომზე განთავსებული ავტომანქანის მიმართ სსიპ „112-ის“ უფლება-მოვალეობების ფარგლები, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს ხელშეკრულების კონკრეტული სახის დადგენის შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნული არ ქმნის დაბრკოლებას განსჯადობის წესის განსაზღვრისათვის, რადგან განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია ხელშეკრულების ბუნება და არა - ხელშეკრულების კონკრეტული სახე, ამ უკანასკნელი საკითხის განსაზღვრა დავის არსებითად განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას შეადგენს. ხელშეკრულების კონკრეტული სახის მიუხედავად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ურთიერთობის ამ ნაწილის ბუნება კერძო-სამართლებრივია, აღიშნულზე მითითებას ახდენს აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, საჭიროების გასვლის შემდეგ „112-სა“ და დამრღვევ მძღოლს (სატრანსპორტო საშუალების მფლობელს) შორის არსებული ურთიერთობა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით (ხელშეკრულების 8.2 პუნქტი). ამდენად, მითითებულ ნაწილში არსებული ურთიერთობა კერძო-სამართლებრივია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება გამოძახების, გადაყვანის და შენახვის ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნას საჯარო კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ხოლო შენახვის საჭიროების შემდეგ სადგომის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა კერძო-სამართლებრივი ხასიათისაა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი სასამართლოები არ ქმნიან ერთმანეთისგან იზოლირებულ, ცალკე სასამართლო სისტემებს, მართლმსაჯულების ნებისმიერი განშტოება სასამართლო დავის გადაწყვეტისას უფლებამოსილია გამოიყენოს და განმარტოს ნებისმიერი ნორმატიული, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი აქტი, მათი რეგულირების საგნის და გამომცემი ორგანოს მიუხედავად. დავის კომპლექსური ხასიათი, გამოსაყენებელი ნორმების სიმრავლე, ნორმატიული აქტის მიერ როგორც საჯარო-სამართლებრივი ისე კერძო-სამართლებრივი ხასიათის რეგულირება, სადავო ურთიერთობების ნახევარტონალობა ართულებს საჯარო და კერძო-სამართლებრივ საკითხებს შორის მკვეთრი ზღვარის გავლებას, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს დავის მთავარი კომპონენტის დადგენას, მისი განსჯადობის განსაზღვრისას მთავარი საკითხის გადამწყვეტ სასამართლოს აქვს უფლება გადაწყვიტოს დავის ყველა კომპონენტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სასარჩელო მოთხოვნები წარმოშობილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების შედეგად, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დავის საგანს არ შეადგენს სამართალდარღვევის ჩადენა და მასზე რეაგირების ფარგლებში შესრულებული ოპერაციები: ევაკუატორის გამოძახება, სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გადაყვანა, სადგომზე გაჩერება. სასარჩელო მოთხოვნა ეხება თანხის დაკისრებას და სადგომის გამოთავისუფლების დავალებას, მოსარჩელის ინტერესი მომსახურების, სადგომზე დგომის ღირებულების ანაზღაურება და უძრავი ნივთით სათანადოდ სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთაა. სკ-ის 316-ე, 317-ე მუხლების მიხედვით, ვალდებულება შესაძლოა წარმოიშვას ხელშეკრულებიდან, დელიქტიდან, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. მოცემულ შემთხვევაში სსიპ „112-სა“ და ფიზიკურ პირს შორის დავა არ ეხება შსს-ს და სსიპ-ს შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულებას, სსიპ-თვის დელეგირებული საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას, მოცემულ შემთხვევაში სადავო ურთიერთობა ეხება უკვე გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. აღნიშნულ მოთხოვნებზე მსჯელობისას, საკითხის არსებითად განმხილველ სასამართლოს ძირითადად სწორედ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი რეგულაციების გამოყენება, დგომის საჭიროების გასვლის შემდეგ წარმოშობილი კერძო-სამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის შეფასება, მისგან გამომდინარე ვალდებულებებზე მსჯელობა მოუწევს. ამდენად, დავის ძირითადი კომპონენტი კერძო-სამართლებრივია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავა განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ქვემდებარეა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „112-ის“ სარჩელი მოპასუხე ო. ნ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი