Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე ¹265აპ-11 ქ. თბილისი

26 სექტემბერი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ბ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 მარტიდან; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქონება, მდებარე თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, --- ქუჩის მხარეს, რკინიგზის ხაზსა და საავტომობილო გზას შორის მდებარე 2636 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 912 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობები და გადაეცა სახელმწიფოს. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტისა და 2010 წლის 12 მარტის ბრძანებები ბ. ხ-ის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, ასევე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის ბრძანებით საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა.

ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელ ა. თ-ეს შორის, რომლის თანახმად, ა. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2009 წლის 16 ოქტომბრიდან 2010 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.