ბს-367-367(კ-18) 29 ნოემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „სასწავლო უნივერსიტეტ ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „სასწავლო უნივერსიტეტ ...მა“ 26.06.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შედეგ მოითხოვა 81,38 კვ.მ. აივნის რეგისტრაციის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.01.2013წ. N… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.11.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. კ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.06.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „სასწავლო უნივერსიტეტ ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 20.12.2017წ. განჩინებით შპს „სასწავლო უნივერსიტეტ ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.06.2016წ. გადაწყვეტილება, რაც შპს „სასწავლო უნივერსიტეტ ...მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა გამოეკვლია სადავო ნაკვეთის სხვა სუბიექტზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან, საკადასტრო მონაცემებთან, დაედგინა სადავო ფართის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები და გეოგრაფიული მდებარეობა. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს „სასწავლო უნივერსიტეტ ...ის“ საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ... N170-ში მდებარე უძრავ ქონებაზე 11.10.2011წ. დარეგისტრირდა, ხოლო ქ. კ-ის სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება 10.01.2013წ. სადავო გადაწყვეტილებით განხორციელდა. კასატორმა აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის ცნობილი იყო სადავო ნაკვეთების წითელი ხაზების მდებარეობა. აღნიშნული საზღვრები ერთმანეთს ემთხვევა, ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა დაედგინა სად მდებარეობდა და ვის საკუთრებაში იჭრებოდა 81,38 კვ.მ. ფართი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული სადავო ჩანაწერი ფაქტობრივად უკარგავს მოსარჩელეს საკუთრების უფლების გამოყენების შესაძლებლობას 81,38 კვ.მ. ფართზე, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, საკუთრების უფლების ჩამორთმევად განიხილება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ქ. კ-ეს საკუთრების უფლება 27.06.1990წ. თბილისის პირველი მაისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭა, რომლითაც განისაზღვრა ლოჯიების მიშენება - სამივე სართულზე 107 კვ.მ.-ის ოდენობით. ამდენად, თითოეული სართულისათვის გათვალისწინებული იყო 35 კვ.მ.-ის და არა 81.83 კვ.მ.ის მიშენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „სასწავლო უნივერსიტეტ ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 27.06.1990წ. გადაწყვეტილებით ... ქ. N172-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეებს ნება მიეცათ საკუთარი ხარჯებით მიეშენებინათ ლოჯიები. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 21.06.1991წ. N734 ბრძანებით შეთანხმდა მითითებული მიშენების პროექტი. ... N170-ში მდებარე ქ. თბილისის N... საშუალო სკოლის დირექტორის წერილით დასტურდება, რომ 1991 წელს სკოლის მომიჯნავედ, ... N172-ში მდებარე სახლს მიუშენდა აივანი, რომლის საყრდენი ბოძები მდებარეობს სკოლის ტერიტორიაზე, აღნიშნული აივანი ხელს არ უშლის სკოლის ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ ქ. კ-ე არ დაჯარიმებულა უნებართვო მშენებლობისათვის, რაც ქ. კ-ის მიერ ფართის თვითნებურად გაზრდის, სადავო მიშენების ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 21.06.1991წ. N734 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის შეუსაბამოდ განხორციელების შესახებ კასატორის მოსაზრებას დაუსაბუთებელს ხდის. ამასთანავე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 18.02.2014წ. N0/14/09/26 წერილით დასტურდება, რომ ... N172-ში მდებარე შენობას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 01.10.2007წ. N3/181 ბრძანებით მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი სადავო მინაშენის გათვალისწინებით, შესაბამისად, მითითებული მინაშენის ხელახალი ლეგალიზაციის ან/და რეგისტრაციის ვალდებულება არ არსებობდა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ... N170-ში მდებარე უძავი ქონება შპს „სასწავლო უნივერსიტეტ ...ის“ საკუთრების უფლებით 18.10.2011წ. დარეგისტრირდა. მითითებულ პერიოდში სადავო ტერიტორიაზე უკვე განთავსებული იყო ... ქ. N172-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მინაშენის საყრდენი კარკასი და არსებობდა პირვანდელი მესაკუთრის თანხმობა, შესაბამისად, მფლობელობის შეზღუდვა მესაკუთრის თანხმობით განხორციელდა. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, სადავო აქტით ქ. კ-ის სახელზე ღია აივნის რეგისტრაციის მართლზომიერად განხორციელების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „სასწავლო უნივერსიტეტ ...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, შპს „სასწავლო უნივერსიტეტ ...ს“ (ს.კ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.05.2018წ. N1525348197 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „სასწავლო უნივერსიტეტ ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2017წ. განჩინება;
3. შპს „სასწავლო უნივერსიტეტ ...ს“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.05.2018წ. N1525348197 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი