Facebook Twitter

ბს- 427(გ-19) 29 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და სამტრედიის რაიონულ სასამართლოს შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 07.09.2018წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ლ. ფ-ის მიმართ მოპასუხისათვის საჯარიმო თანხის - 3 000 ლარის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურე ლ. ფ-ს შორის 19.06.2017წ. გაფორმდა სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე ხელშეკრულება, რომლითაც სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას 4 წლის ვადით კეთილსინდისიერად ემსახურა თავდაცვის სამინისტროში. გენერალური შტაბის უფროსის 10.08.2018წ. N4744 ბრძანების საფუძველზე ლ. ფ-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისთვის) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 18.03.14წ N238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVI თავის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.07.17წ. N54 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის „ბ“ (ჩადენილი უღირსი საქციელის გამო) ქვეპუნქტის და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.09.17წ. N737 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კონტრაქტის მიხედვით, მისი ვადამდე შეწყვეტა იწვევდა სამხედრო მოსამსახურის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, რაც ლ. ფ-ს თავდაცვის სამინისტროსთვის სარჩელის შეტანის დღემდე არ აუნაზღაურებია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 07.09.18წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს. სსკ-ის მე-15 მუხლის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოპასუხე ლ. ფ-ის მისამართია სამტრედიის რაიონი, სოფ. ტოლები. სამტრედიის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ამასთანავე, სსკ-ის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. როგორც აღინიშნა, მოპასუხის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს სამტრედიის რაიონი, სოფელი ტოლები, დავის საგნის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, ამდენად, სარჩელი წარდგენილი უნდა ყოფილიყო სამტრედიის რაიონულ სასამართლოში.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 18.03.2019წ. განჩინებით, განსჯადობის საკითხზე დავის გადაწყვეტის მიზნით, ადმინისტრაციული საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსჯადობის საერთო წესების თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (სსკ-ის 15.1 მუხ.), თუმცა სსკ-ის მე-16 მუხლში ასახული განსაკუთრებული განსჯადობის წესის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა სწორედ მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს. მართალია მხარეებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით დაადგინონ კონკრეტული საქმის ტერიტორიული განსჯადობა, თუმცა გამონაკლისია სსკ-ის მე-16 მუხლით დადგენილი განსაკუთრებული განსჯადობის წესები. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლ. ფ-ი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.06.17წ. ბრძანების საფუძველზე, სამსახურებრივ ვალდებულებას ასრულებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზ. 1 შესახ.-ში. შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ადგილს წარმოადგენს ქ. ქუთაისი. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსჯადობის სპეციალური წესის არსებობისას დაუშვებელია საერთო განსჯადობის გამოყენება, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დავის განსჯადობით გადაგზავნა, ამდენად, სსკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და სამტრედიის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 26 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, კონკრეტული დავის თავისებურებები. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც არის საქმეზე მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური ან იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, თუმცა საპროცესო კანონმდებლობა, გარკვეული კატეგორიის დავების თავისებურებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს განსჯადობის არაერთ სპეციალურ წესს.

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის მოპასუხისათვის დაკისრება. ადმინისტრაციული საქმეების ტერიტორიული განსჯადობა წესრიგდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, სასკ-ის 15-24-ე მუხლებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ცალკე არ აწესრიგებს ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების ტერიტორიულ განსჯადობას. საერთო წესის თანახმად, ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. ამდენად, ტერიტორიული განსჯადობა უმეტესად წყდება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. სსკ-ის მე-16 - 191 მუხლებით დადგენილია განსჯადობის სპეციალური წესები, რომელიც ამავე კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საერთო განსჯადობასთან მიმართებით ექსკლუზიური (გამომრიცხავი) ხასიათისაა, რაც გულისხმობს სპეციალური წესის დამდგენი ნორმების უპირატესობის მინიჭებით განსჯადობის საერთო წესების გამორიცხვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრისას განსჯადობის სპეციალურ წესს უპირატესობა ენიჭება განსჯადობის ზოგად წესთან მიმართებით. სწორედ ასეთ სპეციალურ წესს ადგენს სსკ-ის მე-16 მუხლი, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. ხელშეკრულების შესრულების ადგილი განისაზღვრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების, ანუ იმ ვალდებულების შესრულების ადგილით, რომლის შესრულების მიზნითაც დაიდო ხელშეკრულება. ვალდებულების შესრულების ადგილი შესაძლოა განისაზღვროს კონკრეტულად (ნორმატიულად ან მხარეთა შეთანხმებით) ან დარჩეს განუსაზღვრელი. უკანასკნელ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების ადგილი ვალდებულებითი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე დგინდება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების კონკრეტული ადგილი ხელშეკრულებით ან ნორმატიულად არ არის განსაზღვრული და არც ვალდებულების ბუნებიდან იკვეთება აშკარად. ასეთ შემთხვევაში შესრულების ადგილის დადგენა ხელშეკრულების მხარეთა ნების ახსნა-განმარტების გზით ხდება, რა დროსაც მხედველობაში მიიღება შესასრულებელი ვალდებულების ბუნება, მსგავს ურთიერთობებში დამკვიდრებული წესები, კონკრეტული ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები და სხვ.. შრომითი ხელშეკრულების დროს ვალდებულების შესრულების ადგილი შესაძლოა განსახორციელებელი სამუშაოს სპეციფიკაზე იყოს დამოკიდებული. როგორც წესი ასეთ დროს დასაქმებულის მიერ მასზე ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულება ხდება დამსაქმებელის მიერ განსაზღვრულ ადგილას.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ 19.06.2017წ. ერთი მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორე მხრივ ლ. ფ-ს შორის დაიდო „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი, რომლის მიხედვით სამხედრო მოსამსახურემ იკისრა ვალდებულება სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში (კონტრაქტის 1.1 პუნქტი). კონტრაქტის შემდგომი პუნქტებით განისაზღვრა ხელშეკრულების მიზნებისათვის „სამხედრო სამსახურის“ შინაარსი, მხარეთა მიერ გაცემული გარანტიები, სამხედრო სამსახურის გავლის ვადა და მასთან დაკავშირებული თავისებურებანი, შრომის ანაზღაურების წესი და ხელშეკრულების მხარეთა ვალდებულებები. კონტრაქტის შინაარსიდან დგინდება, რომ ხელშეკრულება დადებულია პირის სამხედრო სამსახურში დასაქმების მიზნით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა დებულებები კი გამომდინარეობს სწორედ აღნიშნული ძირითადი ვალდებულების სათანადოდ შესრულების ინტერესიდან. ამდენად, დავის მხარეებს შორის არსებული 19.06.2017წ. ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების შესრულების - სამხედრო სამსახურის გავლის ადგილი.

სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 31. 1 მუხ.). სამხედრო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს თავის ვალდებულებათა შესრულება შესაძლოა დაეკისროს როგორც ქვეყნის შიგნით ნებისმიერ ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მხარეთა შორის დადებული კონტრაქტით არ არის განსაზღვრული დასაქმებულის მიერ თავის ვალდებულებათა შესრულების კონკრეტული ადგილი, ასეთი ადგილი ვერ დგინდება აგრეთვე შესასრულებელი შრომითი ვალდებულების შინაარსიდან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ირკვევა დასაქმებულის - ლ. ფ-ის მიერ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მასზე დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების ადგილი. „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 10.08.18წ. ბრძანებიდან (ს.ფ. 23) დგინდება, რომ ლ. ფ-ი თავის სამსახურებრივ მოვალეობებს ახორციელებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის ერთ-ერთ დანაყოფში. ლ. ფ-ის ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ 13.08.2018წ. ცნობის ბლანკის მიხედვით ბატალიონის მისამართი არის ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზ., შესახ. 1 (ს.ფ. 24). საქმეში არ ხდება მითითება ვალდებულების შესრულების განსხვავებულ ადგილზე. ამდენად, დგინდება, რომ კონტრაქტის ძალაში ყოფნის დროს მისი შესრულება ხდებოდა ქ. ქუთაისში. საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ შემდგომ პერიოდში ლ. ფ-ის მიერ სამხედრო სამსახურის გავლა იგეგმებოდა სხვა ტერიტორიაზე.

საქმის მასალების მიხედვით მხარეებს შორის სამსახურეობრივი ურთიერთობა შეწყდა გენერალური შტაბის უფროსის 10.08.18წ. N4744 ბრძანების საფუძველზე. მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის გამო ლ. ფ-ს უნდა დაეკისროს კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა - 3000 ლარი. ამდენად, დავის საგანია შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო კონტრაქტის შეწყვეტისას მოსამსახურისათვის სანქციის დაკისრება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ჯარიმის გადახდის ადგილად აგრეთვე მიჩნეულ უნდა იქნეს ქ. ქუთაისი, რადგან სწორედ ქ. ქუთაისში უნდა შესრულებულიყო კონტრაქტით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულება. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი სანქციის ანაზღაურების ადგილი ის ადგილია, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, რადგან აღნიშნული დამატებითი ვალდებულება ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობით არის გამოწვეული. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელობა არ ენიჭება ხელშეკრულების სავარაუდო დამრღვევის ადგილსამყოფელს, ამდენად, არ არის გასაზიარებელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის შესახებ. სახელშეკრულებო დავის არსებობის პირობებში, როდესაც საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია განსჯადობის განსაკუთრებული წესი (16.2 მუხ.), საფუძველს მოკლებულია საერთო განსჯადობის წესის (15.1 მუხ.) გამოყენება.

„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. N1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. გადაწყვეტილების 43-ე მუხლის მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი სსკ-ის 16.2 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რადგან მხარეთა შორის 19.06.2017წ. კონტრაქტით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების შესრულების ადგილია ქ. ქუთაისი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამხედრო სამსახურის სპეციფიკის გამო,შესაძლებელია სამსახურის ადგილმდებარეობის ხშირი ცვალებადობა, ასეთ შემთხვევაში სასამართლო განსჯადობისათვის განმსაზღვრელი იქნება მოპასუხის სამსახურის ბოლო ადგილი, სადაც ის ასრულებდა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების ადგილი ცალსახად დგინდება (ქ. ქუთაისი), ასეთ შემთხვევაში განსჯადობა უნდა გადაწყდეს განსაკუთრებული განსჯადობის წესების მიხედვით. ორდინალური წესით ტერიტორიული განსჯადობის გადაწყვეტა (მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით (სსკ-ის მე-15 მუხ.)) შესაძლებელია მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის საზღვარგარეთ გავლის შემთხვევაში.

,,საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სასკ-ის 26-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) არ დაიშვება, მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს. ამდენად, მხარეთა შორის 19.06.2017წ. გაფორმებულ კონტრაქტში დავის წარმოშობის შემთხვევაში, განსჯადი სასამართლოს დადგენის წესის განსაზღვრა (8.4 მუხ.), განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისთვის არ არის რელევანტური. განსჯადობის შესახებ წერილობითი შეთანხმება დაიშვება მხოლოდ სამოქალაქო სასამართლოწარმოებაში, არ არის გამორიცხული მაგ. ალტერნატიულ განსჯადობაზე შეთანხმება, მაგრამ მხარეებს არ აქვთ განსაკუთრებული და გვარეობითი განსჯადობის შეცვლის უფლება ურთიერთშეთანხმებით, ვინაიდან განსჯადობის ეს სახეები კანონით პირდაპირ და უპირობოდაა განსაზღვრული, ამასთანავე სამოქალაქო სამართალწარმოებაში შეთანხმება განსჯადობაზე დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის დადგენილი ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო და მოპასუხეს განემარტება სასამართლოს არაგანსჯადობის თანამდევი შედეგები (სსკ-ის 21-ე მუხ.). სასკ-ის 1.2 მუხლის ჩანაწერი, რომ ადინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები, არ გულისხმობს ადმინისტრაციული დავების განხილვისას სსკ-ის 21-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას, რადგან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით საკითხი სხვაგვარად არ არის მოწესრიგებული. განსახილველ შემთხვევაში სასკ-ის 26.1 მუხლით ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი დავის განსჯადი სასამართლოს მიერ განხილვის საჭიროება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ლ. ფ-ის მიმართ განსჯადობთ განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავჯდომარე: ნ.სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი