Facebook Twitter
ბს-637(კ-19) 11 ნოემბერი, 2019 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ-მა 18.08.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 09.06.2017წ. გადაწყვეტილების, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 26.07.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის გ. ბ-ის სახელზე ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.10.2017წ. დროებითი განჩინებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გ. ბ-ის მიმართ დაევალა დავის დასრულებამდე დროებითი პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ბ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ბ-ის მიერ.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის 13.1, 14.2 მუხლები ერთმნიშვნელოვნად იძლევა ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას. კანონი არ შეიცავს ვალდებულებას ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ, იგი ადგენს ალტერნატივას და კონკრეტული სახის პირადობის მოწმობის გაცემას დამოკიდებულს ხდის დაინტერესებული პირის ნებაზე. პირადობის მოწმობის დანიშნულების შესასრულებლად არ არის სავალდებულო ელექტრონული მატარებლის ქონა. სასამართლომ არ განმარტა ის ნორმები, რომლებიც ასაბუთებენ სარჩელის საფუძვლიანობას. ის, რომ გამოყოფილია ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც გასცემენ მხოლოდ ელექტრონულ პირადობის მოწმობას არ გულისხმობს ზოგადად, მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას. კანონქვემდებარე აქტი გამოიცემა კანონის შესასრულებლად და მის ფარგლებში, ამდენად, N98 ბრძანებით არ შეიძლება დადგინდეს ვალდებულება მხოლოდ ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ, ამასთანავე, ბრძანებით უკანონოდ არის გაუქმებული 4-10 წლის ვადით არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ სააგენტოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება. N98 ბრძანება ეწინააღმდეგება „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონს.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მოსაზრებით ბიომეტრიული მონაცემების გაცემა პირის ავტონომიური ნებიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა იძულებიდან. ამ შემთხვევაში პირის არჩევანი შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა ასპექტით, როგორებიცაა: პიროვნული თავისუფლება, ინფორმაციული თვითგამორკვევა და ა.შ., შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების შესახებ, სავსებით ლეგიტიმურია, რათა იგი არ დარჩეს სამართლებრივი სივრცის მიღმა. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საერთაშორისო მიდგომები, ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე უარი განაცხადა დიდმა ბრიტანეთმა, საბერძნეთმა და ამერიკის რამდენიმე შტატმა. კანონი ადგენს მხოლოდ პირადობის მოწმობის და არა ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ვალდებულებას. კანონის მითითება, რომ პირადობის მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, ნიშნავს, რომ ზოგადი წესის მიხედვით გაიცემა არაელექტრონული პირადობის მოწმობა, თუმცა გამონაკლისის სახით შეიძლება გაცემულ იქნეს აგრეთვე ელექტრონული პირადობის მოწმობაც. სასამართლომ არ გაითვალისწინა აგრეთვე, რომ არსებობს უკვე გაცემული, მუდმივად მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობები, რომლებითაც ამჟამადაც სარგებლობენ მოქალაქეები. არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ობიექტურ საჭიროებას ქმნის ის, რომ მოქალაქეები არ დარჩნენ სამართალურთიერთობების მიღმა, შეძლონ მონაწილეობა არჩევნებში, მიიღონ სამედიცინო მომსახურება და სხვ..
კასატორი მიიჩნევს, რომ ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობის მაღალტექნოლოგიური დაცვის არსებობას მოპასუხე ვერ ადასტურებს. ელექტრონული პირადობის მოწმობების ბაზაში შეღწევის არაერთი შემთხვევა არსებობს. პირისათვის ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობის გაცემის იძულებით ირღვევა თანასწორობისა და თავისუფლების პრინციპები. თანაზომიერების პრინციპის თანახმად, უფლების შემზღუდავ საკანონმდებლო რეგულაციას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საჯარო მიზანი. ამავე დროს უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული უნდა იყოს. განსახილველ შემთხვევაში მოწესრიგების ლეგიტიმური მიზნის არსებობა არ დასტურდება. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საპატრიარქოს წმინდა სინოდის მიერ ჯერ კიდევ 2012 წ. ეთხოვა სახელმწიფოს საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო ალტერნატივის დაშვება

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (იხ. სუსგ 05.07.2018წ. Nბს-389-389(კ-18), 27.11.2018წ. Nბს-1019(კ-18), 21.02.2019წ. Nბს-1461(კ-18), 16.05.2019წ. Nბს-209(კ-19), 16.05.2019წ. Nბს-227(კ-19)) და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული მიმართულებით, კონკრეტულ სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებით. სახელმწიფო პოლიტიკა არის სახელმწიფო მიზნების, ამოცანების, პრიორიტეტების, ძირითადი პრინციპების, სტრატეგიული პროგრამებისა და გეგმების ერთობლიობა, რომელიც მუშავდება და რეალიზდება სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით. კონკრეტულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა შესაძლებელია არსებული ნორმატიული მოწესრიგების ანალიზის შედეგად. პირის იდენტიფიკაციის წესისა და ფორმის დადგენა ქვეყნის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და სტრატეგიის გადასაწყვეტი საკითხია. სახელმწიფო არ არის შეზღუდული შეცვალოს არსებული ნორმატიული მოწესრიგება და მოქმედების პრაქტიკა, უკეთუ სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილების გამო იგეგმება კონცეპტუალურად განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავდაპირველად კანონმდებლობა ითვალისწინებდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მხოლოდ ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის შესაძლებლობას, თუმცა 2010 წლის და 2011 წლის ზაფხულში განხორციელებული ნოვაციების შედეგად მოცემულ სფეროში ჩამოყალიბდა სრულიად განსხვავებული სამართლებრივი წესრიგი და გარკვეული გამონაკლისების გარდა დასაშვები გახდა მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა. პირადობის ელექტრონული მოწმობა მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისაგან მეტად დაცული დოკუმენტია, მასზე მოთავსებულია ელექტრონული მატარებელი, რომელიც შეიცავს მოწმობაზე ვიზუალურად დატანილი მონაცემების ელექტრონულ ასლს. მოწმობის ელექტრონული მატარებელი ასევე აღჭურვილია ონლაინ ავთენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის საშუალებებით, რომელთა გამოყენებაც მოწმობის მფლობელს სურვილისამებრ შეუძლია, მისი გამოყენება შესაძებელია აგრეთვე სამგზავრო დანიშნულებით.
კასატორის მოსაზრება, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონი შესაძლებლობას აძლევს სურვილის შემთხვევაში მიიღოს არაელექტრონული პირადობის მოწმობა, ეფუძნება ნორმათა არასწორ განმარტებას და არ არის დასაბუთებული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნორმის განმარტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოწესრიგების მიზანი, ნორმა უნდა განიმარტოს სხვა ნორმებთან კავშირში და არა იზოლირებულად. ნორმის მხოლოდ გრამატიკული განმარტება, როგორც წესი არ იძლევა მისი რეალური შინაარსის სრულად წვდომის შესაძლებლობას. მართალია კანონის მე-14 მუხლი იმპერატიულად არ ადგენს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის საჭიროებას და უთითებს, რომ პირადობის მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს (მე-4 პუნქტი), თუმცა ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა შესაძლებელია უკეთუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა. ამდენად, ნორმატიულად განსაზღვრულია როგორც ელექტრონული, ისე არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა, თუმცა პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლის გარეშე შესაძლოა გაიცეს მხოლოდ ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 27.07.2011წ. #98 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლში. ნორმა საგამონაკლისო წესით ითვალისწინებს არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას მხოლოდ ისეთ შემთხვევეში, როდესაც დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფსიქიკური დახმარების მიღების საჭიროების, ფორსმაჟორული გარემოებების, მეტეოროლოგიური პირობების გამო გამოირიცხება პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღების ობიექტური შესაძლებლობა. საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებიდან, არ დატოვოს მოქალაქე სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა, მისგან დამოუკიდებელად შექმნილი, მისი ან ადმინისტრაციული ორგანოს კონტროლს მიღმა არსებული ვითარების გამო. კანონში მითითებული ობიექტური გარემოებები არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობასა და სურვილს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ნორმატიული, ობიექტური საფუძველი, მისი გაცემა ხდება მხოლოდ დროებით, არაუმეტეს 6 თვის ვადით („წესის“ 33.2 მუხ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ასევე დაუსაბუთებელია მოსაზრება N98 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ კანონთან წინააღმდეგობის შესახებ. „წესი“ მხოლოდ აკონკრეტებს კანონის დებულებებს და ქმნის პირადობის მოწმობის გაცემის მარეგულირებელ ერთიან წესრიგს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კანონი თავადვე კრძალავს არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას საგამონაკლისო ობიექტური საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში, ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობა კანონქვემდებარე აქტით არ არის შემოღებული, „წესი“ მიღებულ იქნა კანონის საფუძველზე, მის ფარგლებში და მის შესასრულებლად, კანონის დებულებების განხორციელების მიზნით, ამდენად, „წესის“ 25.1 მუხლი, რომელიც სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ პირადობის მოწმობის მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობის გაცემის შესაძებლობას ითვალისწინებს არ ეწინააღმდეგება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის მოწესრიგებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ბ-მა პირადობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა იმ დროს, როდესაც მოქმედი ზოგადი წესის მიხედვით ხდებოდა მხოლოდ ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობების გაცემა, უკეთუ სახეზე არ იყო ნორმატიულად განსაზღვრული ობიექტური საგამონაკლისო გარემოება. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მსგავსი ობიექტური გარემოების არსებობა, მითითება მხოლოდ საკუთარ სურვილზე არ ქმნის არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის საკმარის საფუძველს. ამდენად, გ. ბ-ისათვის არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემაზე უარი მართლზომიერია და გამომდინარეობს შესაბამისი ფაქტობრივი და ნორმატიული საფუძვლებიდან.
საკასაციო პალატა თვლის, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების შერწყმის შედეგად არის შემუშავებული, რათა დაცულ იქნეს მოქალაქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თავიდან აცილების თვალსაზრისით, გამოირიცხოს ინფორმაციის დუბლირება და პარალელიზმი, გამოყენებულ იქნეს უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიები, გამარტივდეს მონაცემთა დამუშავება, მოქალაქემ სურვილის შემთხვევაში შეძლოს სხვადასხვა ელექტრონული სერვისებით სარგებლობა და სხვ., რაც უდავოდ ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს წარმოადგენს. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მოსარჩელე ვერ ასახელებს კონკრეტულად რა ზიანის მომტანია მისთვის ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობის გაცემა, იგი ზოგადად, რაიმე კონკრეტული ფაქტების გარეშე, უთითებს თავისი უფლებების დარღვევაზე. მართალია არსობრივად ერთიანი საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებას, ჭარბი ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე განთავსებას შესაძლოა ახლდეს გარკვეული რისკები, თუმცა აღნიშნული ქმნის არა ელექტრონული პირადობის მოწმობის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველს, არამედ მისი გამოყენების ოპტიმალური სამართლებრივი რეგლამენტაციისა და ნორმატიული მოწესრიგების პრაქტიკული შესრულების კონტროლის აუცილებლობას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელია არაელექტრონული პირადობის მოწმობაზე დატანილ ინფორმაციაზე მეტი ინფორმაციის განთავსება, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს მხოლოდ პირადობის მოწმობის მქონე პირის თანხმობით (კანონის 14.9 მუხ.), რაც პირისათვის ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლების დაცვას უზრუნველყოფს. ამასთანავე, ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი ტევადობა და თვისებები, რათა გარანტირებულ იყოს მონაცემთა ერთიანობა, ავთენტიკურობა და კონფიდენციალურობა (კანონის 14.5 მუხ.). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებული ნორმატიული მოწესრიგება ქმნის პირის უფლებების დაცვის გარკვეულ გარანტიებს, რომელთა დარღვევაც შესაძლოა გახდეს ცალკე დავის საგანი, უფლებადამრღვევი სუბიექტისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საუფძველი. პერსონალური მონაცემების უკანონო შეკრება, შენახვა, დამუშავება, გამოყენება ან გადაცემა შესაძლოა იყოს ამ მონაცემთა სუბიექტის კერძო ცხოვრების სფეროში ჩაურევლობის უფლების ხელყოფა, რაც იწვევს შესაბამის სანქციას, თუმცა აღნიშნული არ ასაბუთებს ელექტრონული პირადობის მოწმობის გამოყენებაზე უარს. მართალია სახელმწიფო ადგენს ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას, თუმცა ამავე დროს უზრუნველყოფს მოქალაქეს მის შესახებ ინფორმაციის გაკონტროლების მექანიზმებით, აძლევს მას შესაძლებლობას არ დაუშვას პირადი ხასიათის ინფორმაციის ჭარბი შეგროვება და დამუშავება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობა იმთავითვე არ არღვევს პირის კანონით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხოლო უკეთუ მოწმობის გაცემისას, მასზე ინფორმაციის დატანისას, მონაცემების დამუშავებისას და სხვ., ადგილი ექნება პირის უფლებათა დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს, მოქალაქეს შეეძლება გამოიყენოს უფლების დაცვის შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება იწვევს არა მხოლოდ სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ, არამედ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც (სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხ.). საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ცხოვრება ხასიათდება იდენტიფიკაციის დადასტურების საჭიროების სიხშირით, ელექტრონული ბარათის გამოყენება ამჟამად გარდაუვალი იმპერატივია, მის გამოყენებასთან დაკავშირებული შესაძლო ნეგატიური ეფექტი ქმნის მასზე არა უარის თქმის, არამედ მისი ოპტიმალური გამოყენების მოთხოვნის აუცილებლობას.
კასატორის მითითება თავისუფლების პრინციპის დარღვევაზე, არ არის დასაბუთებული, რადგან თანამედროვე საზოგადოებასა და სახელმწიფოში ინდივიდის თავისუფლება არ არის აბსოლუტური, სამართალი უზრუნველყოფს ინდივიდისა და საზოგადოების სხვა წევრების ინტერესებს შორის გონივრულ ბალანსს, ნორმატიული მოწესრიგება, საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საერთო ნების გამოხატულებად მიიჩნევა. გასათვალისწინებელია, რომ პირადობის მოწმობის კონკრეტული სახის არჩევანის შეზღუდვა ხდება ძალაში მყოფი, მოქმედი კანონის საფუძველზე მაღალი საჯარო ინტერესის უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება თანასწორობის პრინციპის შესაძლო დარღვევას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თანასწორობის კონსტიტუციური პრიციპი არ გულისხმობს პირთა ტოტალურ გათანაბრებას, პირიქით არსებითად განსხვავებული შემთხვევების ერთგვაროვნად განხილვა არღვევს თანასწორობის პრინციპს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირებთან მიმართებით, რომელთაც ფიზიკური თუ ფსიქიკური პრობლემებისა და სხვა ობიექტური გარემოებების, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შეუძლიათ ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობის აღება, დადგინდა პირადობის მოწმობის მიღების განსხვავებული, საგამონაკლისო წესი. ამ კუთხით გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა იმსჯელა შესაძლო დისკრიმინაციულ მოპყრობაზე და თანასწორობის პრინციპის დარღვევა არ დაადგინა. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ პირი, რომელიც ვერ ხვდება ნორმატიულად განსაზღვრულ საგამონაკლისო პირთა ჯგუფში, ვერ იქნება მიჩნეული შესადარებელ სუბიექტად იმ პირთა მიმართ, რომელთაც ობიექტური მიზეზების გამო აქვთ არაელექტრონული პირადობის მოწმობის მიღების შესაძლებლობა (ტ.1, ს.ფ. 64).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინება;
3. გ. ბ-ს (პ.ნ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.06.2019წ. N8106110922 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ვ. როინიშვილი