ბს-762-762(კ-18) 29 ნოემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. დ-ამ 16.05.2017წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუეხეების - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედეველობის სამსახურის მიმართ და მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მ. დ-ას დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 12.01.2017წ. N20 დადგენილებისა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედეველობის სამსახურის 12.01.2017წ. N20 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მ. დ-ას 06.02.2017წ. N3826/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 18.04.2017წ. N02/85 ბრძანების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.09.2017წ. გადაწყვეტილებით მ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მ. დ-ას დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 12.01.2017წ. N20 დადგენილება, ბათილად იქნა ცნობილი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედეველობის სამსახურის 12.01.2017წ. N20 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მ. დ-ას 06.02.2017წ. N3826/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 18.04.2017წ. N02/85 ბრძანება, რაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 17.01.2018წ. განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 01.09.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორმა მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტები კანონიერია და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი. მ. დ-ამ არ შეასრულა მითითებით განსაზღვრული პირობები, რის გამოც დაჯარიმდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. საჩივრის განხილვის შემდგომ, 02.02.2017წ. Nმ/165 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობა N002370 ვერ გახდებოდა მ. დ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინიდან მისი გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ მოხდა. ამასთანავე, მითითებული მშენებლობის ნებართვა გაცემულია არა მ. დ-ას, არამედ ბმა „…ას“ სახელზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 12.01.2017წ. N20 დადგენილების შესაბამისად, ქ. ბათუმში, ...ის ქ. N12-ში, საცხოვრებელ სახლზე მანსარდის უნებართვოდ დაშენებისათვის მ. დ-ა დაჯარიმდა 3 000 ლარით, რაც ძალაში იქნა დატოვებული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 18.04.2017წ. N02/85 ბრძანებით. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ მ. დ-ას მიმართ მითითების გაცემის შემდგომ, 13.06.2016წ. ბმა „…ამ“, რომლის ერთ-ერთი წევრი არის მ. დ-ა, ქ. ბათუმში, ...ის ქ. N12-ში, საცხოვრებელ სახლზე მანსარდის დაშენების ნებართვის მოპოვების მიზნით განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 29.06.2016წ. N მ/1542 ბრძანებით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 28.11.2016წ. Nმ/2827 ბრძანებით შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 02.02.2017წ. Nმ/165 ბრძანებით ბმა „…ას“ განცხადება დაკმაყოფილდა, ქ. ბათუმში, ...ის ქ. N12-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია - დაშენების მიზნით ბმა „…ას“ სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული გარემოებები ცნობილი იყო მოპასუხეებისათვის. სადავო აქტების გამოცემამდე ადმინისტრაციულ ორგანოებს ჰქონდათ ინფორმაცია ქ. ბათუმში, ...ის ქ. N12-ში, საცხოვრებელ სახლზე მანსარდის დაშენების ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რაც სადავო აქტების გამოცემისას გათვალისწინებული არ ყოფილა. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მ. დ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 18.04.2017წ. N02/85 ბრძანების გამოცემის დროისათვის სადავო მანსარდის დაშენების სანებართვო მოწმობა უკვე გაცემული იყო. ამდენად, სადავო აქტები მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი