Facebook Twitter

ბს-854 (კ-18) 11 დეკემბერი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ჭ-ას, გ. ჭ-ას და თ. ჭ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 27.04.2017წ. განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს დაინტერესებული პირების მ. ჭ-ას, გ. ჭ-ას და თ. ჭ-ას მიმართ და მოითხოვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე მ. ჭ-ას, გ. ჭ-ას და თ. ჭ-ას საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4805 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილის 592 კვ.მ. ფართობზე, მასზე არსებულ შენობა/ნაგებობასა და მრავალწლიანი ნარგავების გათვალისწინებით. განმცხადებელმა მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 23.06.2017წ. გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება, შემდეგ მესაკუთრეთა მიწის ნაკვეთზე: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე მოქალაქეების მ. ჭ-ას (პ/ნ ...), გ. ჭ-ასა (პ/ნ ...) და თ. ჭ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ ... მთლიანი ფართი 4805 კვ.მ., საექსპროპრიაციო ფართი 592 კვ.მ და მასზე არსებული შენობა/ნაგებობა, მრავალწლიანი ნარგავები. დაკმაყოფილდა აგრეთვე შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჭ-ამ, გ. ჭ-ამ და თ. ჭ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ჭ-ას, გ. ჭ-ას და თ. ჭ-ას მიერ.

კასატორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვენ, მიუთითებენ მართლმსაჯულების არსზე, სასამართლო გადაწყვეტილების ფუნქციაზე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 162-ე მუხლების დანაწესზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 02.07.2007წ. №1/2/384 გადაწყვეტილების შინაარსზე და აღნიშნავენ, რომ ისინი არ ეთანხმებიან 592 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას, ვინაიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მათთვის შეუძლებელი იქნება მათ საკუთრებაში დარჩენილი მიწის ნაკვეთით სრულფასოვნად სარგებლობა ავტობანის 15 მეტრით სიახლოვეს მშენებლობის გამო. აღნიშნულის გამო კასატორები თანხმობას გამოთქვამენ მათ საკუთრებაში არსებული მთელი უძრავი ნივთის გამოსყიდვაზე და აღნიშნავენ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში იშუამდგომლეს ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, რომლითაც დადგინდებოდა ავტობანის 15 მეტრით სიახლოვეს მშენებლობის გამო მათი კანონიერი ინტერესების დარღვევის ხარისხი, რაზეც მიიღეს უარი. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორები თვლიან, რომ არსებობს მათი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ას, გ. ჭ-ას და თ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ საქმეში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება შეეხება კასატორების საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის ნაწილზე, კერძოდ, 592 კვ.მ.-ზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას, რაც გამოწვეული იყო „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობის გამო, კერძოდ, მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის (2.2 მუხ.). შესაბამისად, უდავოა, რომ საკუთრების უფლების ჩამორთმევა დაშვებულია კანონით და ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ემსახურება კანონიერ მიზანს. მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებებს, მათ შორის ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების ნუსხას ადგენს შესაბამისი ორგანო, რომლის მიერ განხორციელებული მოქმედებები წინააღმდეგობაში არ მოდის კანონმდებლობის მოთხოვნებთან. საქმეში დაცული კ. ზ-ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის მიერ 05.11.2014წ. გაცემული №006018114 დასკვნით დასტურდება კასატორების საკუთრების მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მაგისტრალის მშენებლობის სამშენებლო ნორმატივებთან შესაბამისობა (ს.ფ.28-32). საქმის მასალებით დგინდება აგრეთვე, რომ კასატორებმა არაერთხელ მიმართეს სხვადასხვა უწყებას მათი საკუთრების უფლების შელახვის ინფორმირების მიზნით, რაზეც შედგა შესაბამის ორგანოებს შორის მიმოწერა. აღნიშნული მიმოწერით არ დგინდება კასატორების მოთხოვნათა უგულებელყოფა, კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის 17.08.2016წ. №2-05/7021 მიმართვით და 06.02.2017წ. მოხსენებითი ბარათით დასტურდება საკითხის რამოდენიმეჯერ განხილვა და დეპარტამენტის მზაობა კასატორების საკუთრებაში დარჩენილი უძრავი ქონებით შეუზღუდავად სარგებლობის მიზნით ხმადამხშობი კედლის აშენებაზე, რაზეც თავად კასატორების მხრიდან დაფიქსირდა წინააღმდეგობა. კასატორები მოითხოვდნენ მათ საკუთრებაში არსებული მთლიანი უძრავი ნივთის გამოსყიდვას, რისი საჭიროებაც დეპარტამენტის მოსაზრებით არ არსებობს, ვინაიდან საკითხის შესწავლით დგინდებოდა საკუთრებაზე უარყოფითი ზეგავლენის მცირე მასშტაბი (ს.ფ. 6-7, 16).

უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება კასატორების მითითება ავტომაგისტრალსა და მათ საკუთრებას შორის 15 მეტრიანი დაშორების და მკვეთრი უარყოფითი ზეგავლენის არსებობის შესახებ. საქმეში დაცული კასატორების მიმართვა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსადმი, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ფორმით, მასზე არ არის ასახული დოკუმენტის რეგისტრაციის შესაბამისი რეკვიზიტები, მათ შორის, დოკუმენტისთვის მინიჭებული ნომერი და წარდგენის თარიღი (ს.ფ.149). ამასთანავე, არ წარმოდგენილა აღნიშნული მიმართვის შედეგად ბიუროს მიერ გაცემული დოკუმენტი ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობის თაობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დავის საგანს შეადგენს უძრავ ნივთზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება 592 კ.მ. უძრავ ნივთზე და არა დანარჩენი ფართობის ექსპროპრიაცია. კასატორები არ ასაბუთებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების არამართლზომიერებას, ისინი უსამართლოდ მიიჩნევენ მათ საკუთრებაში არსებული დანარჩენი ფართობის ექსპროპრიაციის უარყოფას, რაც არ შეადგენს განსახილველი დავის საგანს. ამდენად, არ დგინდება კასატორების მოსაზრების საფუძვლიანობა მათი კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებმა თავი ვერ გაართვეს სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად მათთვის დაკისრებულ მტკიცების ტვირთს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ჭ-ას, გ. ჭ-ას და თ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი