Facebook Twitter

ბს-948(2კ-18) 29 ნოემბერი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა კ. ლ-ისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ლ-ემ 23.12.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ მოპასუხის 02.12.2016წ. ბრძანების ბათილად ცნობის, კ. ლ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.10.2017წ. გადაწყვეტილებით კ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2018წ. გადაწყვეტილებით კ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.10.2017წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 02.12.2016წ. ბრძანება და დეპარტამენტს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ბრძანების გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა კ. ლ-ისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ.

კასატორმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ კ. ლ-ის მიმართ ჩატარდა სრულყოფილი სამსახურებრივი მოკვლევა, დაიკითხნენ თვითმხილველები, შესწავლის იქნა ავტომობილის რეგისტრატორის ჩანაწერი, გამოთხოვილ იქნა სხვადასხვა მტკიცებულებები. მოძიებული მასალებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა კ. ლ-ის მიერ სამსახურებრივი ავტომობილით საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევა და ძაღლის გადავლა, რასაც მოჰყვა მისი სიკვდილი. ასევე უდავოა კ. ლ-ის გულგრილი დამოკიდებულება მომხდარი ფაქტის მიმართ, მას რაიმე ქმედებები დაზიანებული ცხოველის დასახმარებლად არ განუხორციელებია. კ. ლ-ის მიერ განხორციელდა სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული ქმედება, ფაქტის შემსწრე მოსახლეობა ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავდა არა მხოლოდ უშუალოდ კ. ლ-ის, არამედ მისი დამსაქმებლის მიმართაც. სადავო აქტი გამოიცა საქმის გარემოებათა სრულად გამოკვლევის შედეგად, მოკვლევის საფუძველზე, რომლითაც დადგინდა დამრღვევი პირი, ავტომანქანა, დარღვევის დრო, ადგილი და სახდელის შეფარდებისათვის საჭირო სხვა გარემოებები. ორგანოს დისკრედიტაციის თავიდან აცილება მხოლოდ კ. ლ-ის გათავისუფლებით მიიღწეოდა.

კასატორი კ. ლ-ე თვლის, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები, საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. სასამართლო ვერ უთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოსაკვლევ ისეთ გარემოებებზე, რომელთა დადგენის შესაძლებლობას თავად იყო მოკლებული. სასამართლოს უნდა ემსჯელა გამოყენებული სახდელის თანაზომიერებაზე მით უფრო, რომ თავადვე დაადგინა კ. ლ-ის ქმედებაში განზრახვის არარასებობა. სამსახურიდან გათავისუფლება მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, უკეთუ გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული არ დასტურდება. სასამართლომ კ. ლ-ის არგუმენტაციის მნიშნელოვან ნაწილზე არ იმსჯელა. სააპელაციო პალატა დაუსაბუთებლად დაეთანხმა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას კ. ლ-ის მიერ უხეში გადაცდომის ჩადენის შესახებ. კასატორმა აღნიშნა, რომ სამსახურებრივ მოვალეობებს მიეკუთვნება ის მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ შეეხება მოხელის სამსახურსა და სამსახურებრივ ადგილს. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება კ. ლ-ის მიერ რაიმე სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევა, ასეთად ვერ იქნება მიჩნეული საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფა. ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ჩადენა იმთავითვე არ ქმნის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს და არ ასაბუთებს უღირსი საქციელის ჩადენას. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ კ. ლ-ემ საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, რადგან ჩქარობდა ავტოსახელოსნოში, ხოლო ავტოსადგომის გასასვლელი იყო ბლოკირებული, კასატორს ამოძრავებდა სამსახურებრივი დავალების დროულად შესრულების მოტივი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კ. ლ-ემ მომხდარის შესახებ დაუყონებლივ მიაწოდა ინფორმაცია ზემდგომი თანამდებობის პირს, მიიღო მონაწილეობა ცხოველის მანქანის ქვეშიდან გამოყვანაში და შემთხვევის ადგილი დატოვა მას შემდეგ, რაც დარწმუდა, რომ ძაღლს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება ვიზუალურად არ აღენიშნებოდა. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა სახდელის პროპორციულობა და თანაზომიერება, უნდა ემსჯელა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ლ-ისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება დავის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის შესახებ, რადგან მართალია ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა თვითმხილველები, შეისწავლა ავტომობილის რეგისტრატორის ჩანაწერი და სხვა მტკიცებულებები, თუმცა არ მოახდინა ფაქტობრივ გარემოებათა სათანადო შეფასება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მითითება, რომ კ. ლ-ემ განზრახ, რამდენჯერმე გადაუარა ძაღლს, არ დასტურდება. საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება კ. ლ-ის მიერ ძაღლის დაზიანების ფაქტი, თუმცა მას არ აქვს მრავალჯერადი ხასიათი. გასათვალისწინებელია, რომ კ. ლ-ე გადაადგილდებოდა მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილით, რომლის წონა რამდენიმე ასეულ კილოგრამს შეადგენს, შესაბამისად რამდენჯერმე განზრახ გადავლის შემთხვევაში, ცხოველი ვერ შეძლებდა ავტომობილის ქვემოდან გამოსვლას. ამასთანავე, ვიდეომასალის მიხედვით, ძაღლის ხმაზე კ.ლ-ის ავტომობილი ანელებს სვლას, მოძრაობს უკანა მიმართულებით და ჩერდება, მოძრაობისას ხდება დამსწრეთა მითითებების გათვალისწინება. ამდენად, მოსაზრება, რომ კ. ლ-ე მოქმედებდა ცხოველის მოკვლის განზრახვით, არ დასტურდება. ამასთანავე, აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს კ. ლ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების არამართლზომიერებას. მართალია საქმის მასალებით არ დგინდება ცხოველის მოკვლის განზრახვა, თუმცა დასტურდება სამსახურებრივი ავტომობილით საგზაო მოძრაობის წესების განზრახ დარღვევა. კ. ლ-ემ სამსახურებრივი ავტომობილით გადაკვეთა სკვერი, რისი თვითმხილველიც იყო არაერთი პირი, რომელთა მიერ საცნობი ნიშნის ქონის გამო სატრანსპორტო საშუალება აღიქმებოდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტომანქანად. კ. ლ-ის მითითება სამსახურებრივ მოვალეობათა დროულად შესრულების გამო უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში ქმედების განხორციელების შესახებ, არ არის დასაბუთებული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანების მიხედვით კ. ლ-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 78.1 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რაც გულისხმობს მოხელის მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას ან შეუსრულებლობას და ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენას. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და არგუმენტაციით არ დასტურდება კ. ლ-ის მიერ მასზე ნორმატიულად დაკისრებულ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულება ან შეუსრულებლობა. ზოგადზნეობრივი ნორმების დარღვევა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული საქციელი იმთავითვე არ მოიაზრებს სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას. ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენა მოხელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების დამოუკიდებელ საფუძველს ქმნის.

საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა იწვევს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, დადგენილი ქცევის წესების დაცვა, მათი დარღვევის პრევენცია. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა მოხდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის, მისი თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული (იხ. სუსგ 17.01.2019წ. Nბს-809-805(3კ-17)). დარღვევის ჩამდენი მოხელისათვის კონკრეტული სახდელის შერჩევა უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციაა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ განსახილველი საქმის გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეარჩიოს დარღვევის თანაზომიერი და მიზანშეწონილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო კ. ლ-ისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ლ-ისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2018წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი