Facebook Twitter

ბს-1102 (კ-18) 29 ნოემბერი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ც-ემ 03.02.2017წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 07.11.2016წ. №335 დადგენილებისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 17.01.2017წ. №02/10 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.09.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 07.11.2016წ. N335 დადგენილება და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 17.01.2017წ. N02/10 ბრძანება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით ქ. ბათუმში, ... ქ. 13-ში მდებარე 1,32 კვ.მ. ფართის დამხმარე ნაგებობის მესაკუთრეა ნ. ც-ე, რომელსაც საკუთრება შეძენილი აქვს 09.08.2013წ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. ამჟამად მითითებული ფართი დემონტირებულია, თუმცა არ არსებობს დემონტაჟის სანებართვო დოკუმენტაცია. დემონტაჟი მშენებლობის ერთ-ერთი სახეა და საჭიროებს შესაბამის ნებართვას. საქმეში დაცული ფოტომასალით დგინდება, რომ ნ. ც-ის მიერ განხორციელდა 1,60 კვ.მ. ფართის დამხმარე სათავსოს დემონტაჟი, ამდენად, სწორედ ნ. ც-ეა ჩადენილ სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი პირი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ დარღვევის ჩამდენ პირს, ხოლო თუ დამრღვევის ვინაობა ვერ დგინდება - სამშენებლო მიწის ნაკვეთის ან ნაგებობის მესაკუთრეს/მოსარგებლეს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს, რომ მისი საკუთრების წარმოშობის მომენტისათვის სათავასო უკვე დემონტირებული იყო. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ აღნიშნული გარემოება სათანადოდ არ გამოკვლეულა, არ დადგენილა დემონტაჟის განხორციელების კონკრეტული პერიოდი. კასატორის მოსაზრება, რომ საქმეში დაცული ფოტომასალით დასტურდება ნაგებობის ნ. ც-ის მიერ დემონტირება, არ არის დასაბუთებული, რადგან აღნიშნული ფოტომასალით შესაძლოა დადასტურდეს დემონტაჟის ფაქტი და არა მისი განმახორციელებელი სუბიექტის ვინაობა. ორგანოს სათანადოდ არ დაუდასტურებია ნ. ც-ის საკუთრების წარმოშობის შემდეგ ნაგებობის დემონტაჟის ფაქტი. სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლების საფუძველზე, ორგანოს ევალებოდა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათანადოდ დასაბუთება, რაც არ განხორციელდა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ არ გამოკვლეულა დემონტირებულ ფართზე ნ. ც-ის ინდივიდუალური საკუთრების არსებობა, ნ. ც-ის მეზობლების - ჯ. ე-ისა და ლ.დ-ის განმარტებების მიხედვით, ფართი, რომელზეც დემონტირებული ნაგებობა იყო განთავსებული მეზობელთა საერთო საკუთრებაა და დემონტაჟი განხორციელდა საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული გარემოების დადგენას შესაძლოა გავლენა მოეხდინა სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი სუბიექტის განსაზღვრისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი