Facebook Twitter

ბს-16 (კ-19) 09 დეკემბერი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ჯ-ემ 27.07.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 19.09.2016წ. N18582 ბრძანების, დ. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 22.06.2017წ. N MOC 4 17 00473063 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2017წ. გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 22.06.2017წ. N MOC 4 17 00473063 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.09.2018წ. განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გახდა შემდგომ დ. ჯ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რომელიც რაიმე უარყოფით გავლენას არ ახდენს დ. ჯ-ეზე. სამინისტროს პოზიცია დადასტურებული იყო არაერთი უტყუარი მტკიცებულებით და მხოლოდ ფორმალური მხარე არ უნდა გამხდარიყო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. სადავო აქტი გამოცემულია პატიმრობის კოდექსის 46.4 მუხლის საფუძველზე, ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დირექტორის 19.09.2016წ. N18582 ბრძანებას და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 22.06.2017წ. N MOC 4 17 00473063 წერილს ხელს აწერს ერთიდაიგივე პირი, თუმცა 22.06.2017წ. N MOC 4 17 00473063 წერილს ზ. მ-ი ხელს აწერს, როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე და არა როგორც პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსის 46.4 მუხლის მიხედვით სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ამავე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ზ. მ-ის 19.09.2016წ. N18582 ბრძანების მიხედვით მსჯავრდებული დ. ჯ-ე N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამავე ბრძანების მე-3 პუქტში მითითებულია ბრძანების გასაჩივრების შესაძლებლობა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. აღნიშნული უფლება გამოიყენა დ. ჯ-ემ, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 22.06.2017წ. N MOC 4 17 00473063 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულ აქტს ხელს აწერს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზ. მ-ი. ამდენად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასა და მასზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღო იგივე პირმა, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასა და გამოცემაში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სზაკ-ის 187-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღოს პირმა, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებაში ან გამოცემაში. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ დ. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა უნდა დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რომელმაც სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და შეაფასოს არსებობდა თუ არა დ. ჯ-ის სხვა ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი