ბს-45 (კ-19) 09 დეკემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-ემ 26.09.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.05.2016წ. N000886 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 18.08.2016წ. N1-1588 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2017წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 18.08.2016წ. N1-1588 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ნ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორი სზაკ-ის 58-ე, 76-ე, 79-ე, 89-ე, 179-ე, 180-ე, 182-ე და 185-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ნ. მ-ის მხრიდან გასული იყო სადავო დადგენილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, შესაბამისად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი დაეტოვებინა განუხილველი. კასატორი აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მკაცრად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოების დაწყების წინაპირობებს და ამ მიზნით წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციაში გატარების ვალდებულებას, რა დროსაც საჩივარს ენიჭება რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, ხოლო საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საჩივრის წარმდგენი პირის მოთხოვნისთანავე გადასცეს მას ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციაში გატარების დამადასტურებელი მტკიცებულება. ყოველივე ზემოაღნიშნული შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის ფიზიკურად წარდგენის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში, ვინაიდან ასეთ დროს საჩივრის განმხილველ ორგანოს წარედგინება ხელმოწერილი ადმინისტრაციული საჩივარი შესაბამისი დანართით, განსხვავებით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი დოკუმენტაციისაგან, როდესაც საჩივრის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს წარედგინება მხოლოდ დოკუმენტისა და საჩივრის ასლები. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ იცნობს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას. ამდენად, არ არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. მ-ემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.05.2016წ. N000886 დადგენილებაზე საჩივარი ელექტრონული ფოსტის საშუალებით 09.06.2016წ., ხოლო მატერიალური ფორმით 10.06.2016წ. წარუდგინა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სზაკ-ის 83-ე, 182-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ამოწმებს ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს, თუ წარმოდგენილი საჩივარი აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს, იღებს მას წარმოებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეს განუსაზღვრავს ვადას დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის წარმოსადგენად, რომლის წარუდგენლობის შემთხვევაში იღებს განუხილველად დატოვების თაობაზე გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ზემოაღნიშნული საჩივარი მიიღო წარმოებაში და სზაკ-ის 194-195-ე მუხლების შესაბამისად მოიწვია დაინტერესებული მხარეები ზეპირ მოსმენაზე მონაწილეობის მისაღებად. საქმეში წარმოდგენილია ასევე ნ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად ჩატარებული 29.06.2016წ. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის აპელირება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ფორმის დარღვევაზე, რამეთუ ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნულის თაობაზე საჩივრის წარმოებაში მიღების დროს უნდა ემსჯელა, შესაბამისად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 18.08.2016წ. N1-1588 ბრძანება არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად სზაკ-ის 201-ე მუხლის შესაბამისად გამოაქვს გადაწყვეტილება ადმინისტარციული საჩივრის დაკმაყოფილების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამდენად, სახეზეა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 18.08.2016წ. N1-1588 ბრძანების ბათილად ცნობის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის ხელახალი განხილვისას გასათვალისწინებელია საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 19.06.2018წ. N3983604 ბრძანება ნ. მ-ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ, რომლის მიხედვითაც ლეგალიზებულად ჩაითვალა N… საკადატრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი