Facebook Twitter

ბს-93 (კ-19) 9 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2018წ. განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

08.02.2018წ. ნ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 21.12.2017წ. №2017/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და 01.01.2018წ. – 01.05.2018წ. მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 21.12.2017წ. №2017/1 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ნ. მ-ის სასარგებლოდ 01.01.2018წ. – 01.05.2018წ. მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.18წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე და 44-ე მუხლების დანაწესზე, საკონსტიტუციო სასამართლოს 12.09.2014წ. გადაწყვეტილებაზე, რომელშიც აღნიშნულია სახელმწიფოს სახსრების ამოწურვად ხასიათზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 17.5 მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის შინაარსზე და აღნიშნავს, რომ საჯარო სამართალში მოქმედებს პრინციპი - ყველაფერი აკრძალულია, რაც კანონით ნებადართული არ არის, შესაბამისად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს მინიჭებული გარკვეული უფლებამოსილება, მისი მხრიდან საქმიანობის განხორციელება ჩაითვლება უფლებამოსილების გადამეტებად. კასატორი თვლის, რომ მის მიერ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნას ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. მ-ე შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით იღებდა სახელმწიფო გასაცემელს, რაც გასაჩივრებული აქტით შეუწყდა საჯარო სამსახურში საქმიანობის გამო, კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ მისი 29.12.2017წ. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმება სსიპ თბილისის #... საჯარო სკოლაში მანდატურის სამსახურში, ითვლებოდა საჯარო სამსახურში საქმიანობად, რაც გამორიცხავდა ამავდროულად მის მიმართ სახელმწიფო გასაცემელის გაცემას. ნ. მ-ის მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელს შეადგენს 01.01.2018წ. – 01.05.2018წ. პერიოდის შესაბამისი თანხა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიუთითეს გასაჩივრებულ აქტში გამოცემის საფუძვლად მითითებულ საქართველოს მთავრობის 23.07.2012წ. №279 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნიეს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის განხორციელება არ გამორიცხავს სახელმწიფო გასაცემელის მიღებას, ვინაიდან ამავე დადგენილების თანახმად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა არ არის მიჩნეული საჯარო საქმიანობად. საკასაციო სასამართლო იზიარებს აღნიშნულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.

საკასაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების არგუმენტირებულ დასაბუთებას, მასში მითითებული ზოგადი მსჯელობა არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. სახელმწიფოს სახსრების ამოწურვად ხასიათზე მითითება არ ათავისუფლებს კასატორს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება იმოქმედოს კანონიერების პრინციპის შესაბამისად რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით, აგრეთვე სზაკ-ის მე-5 მუხლით. სოციალურ სფეროში განხორციელებული მოქმედებები მოითხოვს განსაკუთრებული კეთილსინდისიერების, აგრეთვე ეფექტურობის და ეკონომიის მოთხოვნის დაცვას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 24.06.1993წ. №14518/89 გადაწყვეტილება საქმეზე „შულერ-ზგრაგენი შვეიცარიის წინააღმდეგ“ ((Schuler-Zgraggen v. Switzerland §58); 12.11.02წ. №28394/95 გადაწყვეტილება „დორი შვედეთის წინააღმდეგ“ (Döry v. Sweden §41 )). მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ დასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი