ბს-96 (გ-19) 9 დეკემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მ. ბ-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-ემ 21.12.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.11.2018წ. №… გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთი მდებარე გარდაბნის რაიონის სოფ. კუმისში, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.11.2018წ. №… გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ტ. კ-ის საკუთრების უფლებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით შეილახა მ. ბ-ის უფლება, რომელსაც აგრეთვე სურდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოეპოვებინა და შესაბამისი განცხადებაც წარდგენილი ჰქონდა მარეგისტრირებელ ორგანოში. მოპასუხის უკანონო გადაწყვეტილებით უპირატესობა მიენიჭა იგივე უძრავ ნივთზე ტ. კ-ის მიერ შეტანილ განცხადებას, რაც მოსარჩელეს არასწორად მიაჩნია და ითხოვს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.12.2018წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, მე-18 მუხლებზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-15 და მე-18 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად უძრავ ქონებასთან და მასთან მიბმულ უფლებასთან დაკავშირებული დავა უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს უძრავი ნივთი. ვინაიდან გასაჩივრებული აქტი ეხება გარდაბანში, სოფ. კუმისში მდებარე მიწის ნაკვეთს, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დავის განხილვის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, დავა განსჯადობის წესის შესაბამისად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 31.12.2018წ. განჩინებით საქმე განსჯადობის თაობაზე დავის გადაწყვეტის მიზნით გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითება სადავო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის შესახებ, სასამართლომ მიუთითა „ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 27.12.2006წ. №4173-რს დადგენილებაზე და აღნიშნა, რომ მითითებული დადგენილებით სოფ. კუმისი შევიდა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება გააჩნდა არა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს დავა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები.
მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი ორგანო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს უშუალოდ, ტერიტორიული სამსახურების ან ავტორიზებული პირების მეშვეობით („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ბ-ე ითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომელიც ეხება გარდაბანში, სოფ. კუმისში მდებარე მიწის ნაკვეთზე ტ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 27.12.2006წ. №4173-რს დადგენილებით და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.12.2014წ. №16-41 დადგენილებით არ დასტურდება სოფ. კუმისის ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებობა. ამასთანავე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13.04.2018წ. №21 დადგენილებით დამტკიცებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით“ დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულია კუმისის ადმინისტრაციული ერთეული, სამოქმედო ტერიტორიად განსაზღვრულია სოფლები: კუმისი, ახალი კუმისი და დასახლებები: კუმისის აგარაკები, კოჯრისხევის აგარაკები (მე-11 მუხ.). ამდენად, არ დასტურდება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება სადავო მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარეობის შესახებ.
სსკ-ის 18.1 მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, განსჯადი სასამართლო მოცემულ შემთხვევაში განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. კონკრეტულ შემთხვევაში დავა ეხება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას, რომელიც მდებარეობს გარდაბანში, სოფ. კუმისში. „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. №1/150-2007 გადაწყვეტილების 33-ე მუხლის მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით. შესაბამისად ნივთობრივი განსჯადობის წესების თანახმად, დავის გადაწყვეტაზე უფლებამოსილი განსჯადი სასამართლო არის რუსთავის საქალაქო სასამართლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ბ-ის სარჩელი არსებითი განხილვისათვის უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი