გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
2კ-4კოლ.-04 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
მ. გოგელია
განიხილა პროკურორ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 21 ოქტომბრის განაჩენზე შ. მ-სა და მ. ქ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 21 ოქტომბრის განაჩენით შ. მ-უა და მ. ქ-ძე გამართლდნენ სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
საბრალდებო დასკვნით შ. მ-სა და მ. ქ-ეს ბრალი ედებოდათ შემდეგში:
შ. მ-უა და მ. ქ-ძე მუშაობდნენ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების ---ად და ითვლებოდნენ მოხელეებად.
2002წ. 31 ივლისს შ. მ-ას შესასრულებლად დაეწერა ნ. დ-ის განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გ. ჯ-ლი ემუქრებოდა შვილის მოტაცებითა და ფიზიკური განადგურებით. აღნიშნული განცხადების შემოწმება შ. მ-ამ უსაფუძვლოდ გააჭიანურა და 2002წ. 8 და 17 აგვისტოს შეადგინა ცნობები, რომ თითქოს გ. ჯ-ლი შემოწმებისას სამუშაო ადგილზე არ აღმოჩნდა და ისე, რომ სხვა რაიმე კანონშესაბამისი ზომები არ მიუღია გ. ჯ-ის დასაბარებლად, 18 აგვისტოს განყოფილების უფროსის წინაშე დააყენა საკითხი განცხადების შემოწმების ვადის გაგრძელებაზე, რაც არ დაკმაყოფილდა.
2002წ. 9 სექტემბერს შ. მ-უა მ. ქ-სთან ერთად მივიდა დ. ა-ის გამზირზე მდებარე მოზარდ მაყურებელთა თეატრთან გ. ჯ-ის სანახავად და მის წასაყვანად სამმართველოში ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად.
გ. ჯ-მა პოლიციის მუშაკებს ჰკითხა მისი სამმართველოში წაყვანის მიზეზი, რაზედაც მიუგეს, რომ ყველაფერს პოლიციაში შეიტყობდა.
გ. ჯ-მა პოლიციაში გაყოლაზე მათ უარი განუცხადა, რის შემდეგაც შ. მ-უა და მ. ქ-ძე შეეცადნენ ძალის გამოყენებით ხელბორკილის დადებას და მის პოლიციაში წაყვანას. აღნიშნულით მათ გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ძალის გამოყენებისას გ. ჯ-ლი მიეჯახა კედელს და მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ნაჭდევების სახით, მასვე ძალადობისას შემოეხა პერანგი, რითაც შეილახა მისი ღირსება და არსებითად დაირღვა მისი უფლება.
ინციდენტში ჩაერივნენ თეატრის თანამშრომლები, რომლებმაც გ. ჯ-ლი შეიყვანეს თეატრის შენობაში. შ. მ-უა და მ. ქ-ძე დარწმუნდნენ, რომ გ. ჯ-ლს ვერ წაიყვანდნენ პოლიციაში და ამიტომ გამოიძახეს დამხმარე ძალა, რომელთა მისვლის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.
ამის შემდეგ გ. ჯ-სათვის ცნობილი გახდა მისი პოლიციაში გამოძახების მიზეზი, იგი გამოცხადდა დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოში და დაწერა ახსნა-განმარტება.
საკასაციო საჩივრით პროკურორი ზ. რ-ლი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის ხელმეორედ განხილვის მიზნით, თბილისის საოლქო სასამართლოში დაბრუნებას. მისი აზრით, სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლოდ გაამართლა შ. მ-უა და მ. ქ-ძე წარდგენილ ბრალდებაში. პროკურორი თვლის, რომ განაჩენი მათ მიმართ დაუსაბუთებელი და უკანონოა.
სასამართლო სხდომის მოსამზადებელ ეტაპზე დაზარალებულმა გ. ჯ-მა, რომელიც ცნობილ იქნა სამოქალაქო მოსარჩელედ, მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის სახით 3500 ლარის ანაზღაურება. სასამართლო გამოძიების დროს კი უარი თქვა სამოქალაქო სარჩელსა და განსასჯელთა დასჯაზე.
შესაგებელში დაზარალებული გ. ჯ-ლი ეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივარს, თუმცა აღნიშნავს, რომ იგი პატიობს განსასჯელებს, რადგან აღარ სურს იაროს სასამართლო და პროკურატურის ორგანოებში.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე. ქ-ამ საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
შ. მ-ამ, მ. ქ-ემ და მათმა ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა _ თ. შ-ემ და თ. ნ-ემ საკასაციო საჩივარი მიიჩნიეს უსაფუძვლოდ და მოითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო კოლეგიამ, დაზარალებულ გ. ჯ-ის, მოწმეების: თ. ნ-ის, შ. პ-ის, დ. ჯ-ის, თ. კ-სა და სხვათა ჩვენებების, ასევე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დაადგინა რა საბრალდებო დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განსასჯელებს _ შ. მ-სა და შ. ქ-ეს არ ჩაუდენიათ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაული, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი ქმედება არ სცილდებოდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს და მას არ გამოუწვევია დაზარალებულ გ. ჯ-ის უფლების არსებითი დარღვევა. პალატა ეთანხმება განაჩენის მოსაზრებას, რომ შ. მ-უა და მ. ქ-ძე მოქმედებდნენ “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის ფარგლებში, რომლის 34-ე და მე-9 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ უფლება ჰქონდათ, მ. დ-ის განცხადების განხილვასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებების ჩამოსართმევად გამოეძახებინათ გ. ჯ-ლი, ხოლო არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში _ იძულებით წარედგინათ იგი პოლიციაში. პალატას მიაჩნია, რომ შ. მ-სა და მ. ქ-ის ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული, განაჩენი დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 21 ოქტომბრის განაჩენი შ. მ-სა და მ. ქ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.