გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
2კ-5კოლ.-04 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),
თ. ლ.აშვილი,
გ. ბორჩხაძე
განიხილა დაზარალებულების _ დ. მ-სა და მ. კ-ის დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მსჯავრდებული მ. რ-ლი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2003წ. 20 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების _ ძალადობითა და იარაღის გამოყენებით, აგრეთვე, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურახყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების _ ჩადენაში.
ჩადენილი დანაშაულისათვის სასამართლომ მსჯავრდებულ მ. რ-ლს სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუნიშნა 3 წელი. იმავე განაჩენით მ. რ-ლს 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში.
განაჩენის მიხედვით მ. რ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2003წ. 21 მაისს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, ქ. თბილისში, --- მდებარე კაფე-ბარ “---ში” ახალგაზრდებსა და ბარის კერძო დაცვის თანამშრომლებს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც დაზიანდა კაფე-ბარის ინტერიერი. კაფე-ბარის თანამშროლებმა გამოიძახეს ოპერატიული ჯგუფი. შემთხვევის ადგილზე მყოფი ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს --- განყოფილების --ე სექტორის უფროსი ---ი, პოლიციის ---ი მ. რ-ლი არ გაერკვა შექმნილ ვითარებაში, თვითნებურად ჩაერია კონფლიქტში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, რეზინის ხელკეტით, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, სცემა დ. მ-სა და მ. კ-ეს, რომელთაც შეელახათ პირადი ღირსება და ცემით მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
აღნიშნული განაჩენის თაობაზე დაზარალებულების _ მ. კ-ისა და დ. მ-ის დამცველმა, ადვოკატმა დ. ხ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ ის არის ზედმეტად ლმობიერი მსჯავრდებულთა მიმართ.
პალატის სხდომაზე განხილვისას დაზარალებულებმა _ დ. მ-მა და მ. კ-მ შეცვალეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძველი, კერძოდ, მათ მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად იმ მოტივით, რომ მათ წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულ მ. რ-თან ერთად მონაწილეობდნენ სხვა პირებიც, რომლებიც უნდა დადგინდნენ და მიცემულ იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
მსჯავრდებული მ. რ-ლი და მისი დამცველი, ადვოკატი დ. დ-ლი მხარს არ უჭერენ საკასაციო საჩივარს და ითხოვენ, რომ დაზარალებულებს უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო განაჩენი დარჩეს უცვლელად.
პროცესში მონაწილე პროკურორი ე. ქ-ვა მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივარს და ითხოვს მსჯავრდებულ მ. რ-ის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით დამაჯერებლად არის დადასტურებული მსჯავრდებულ მ. რ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და სასამართლოს ასეთი დასკვნა საკასაციო განხილვისას არც თვით მსჯავრდებულსა და არც მის დამცველს არ გაუხდიათ სადავოდ. რაც შეეხება დაზარალებულთა მოთხოვნას, განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების თაობაზე იმ მოტივით, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენაში მ. რ-თან ერთად მონაწილეობდნენ სხვა პირებიც, რომლებიც მიცემულ უნდა იქნენ ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ვერ იქნება გაზიარებული პალატის მიერ, რადგან საქმეში არის თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის ---ის _ ა. უ-ის მიერ 2003წ. 18 ივლისს გამოტანილი დადგენილება აღნიშნული სისხლის სამართლის საქმიდან განხილული დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა მიმართ ცალკე წარმოებად ახალი სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ. ამ აქტით დაზარალებულთა მოთხოვნა დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის შესახებ ფაქტობრივად დაკმაყოფილებულია, რის გამოც არ არსებობს საფუძველი იმავე მიზნით განაჩენის გაუქმებისა და მ. რ-ის ბრალდების საქმის დაბრუნებისათვის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
სხვა მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ. რ-ის მიმართ 2003წ. 20 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენი როგორც ქმედების კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში, პალატას დასაბუთებულად მიაჩნია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პრველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაზარალებულების _ დ. მ-სა და მ. კ-ის დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ მ. რ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.