Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 2კ-7დად.-04 8 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგელია,

მ. ისაევი

განიხილა ადვოკატ მ. ც-ას კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოქალაქე ი. კ-ის საჩივარი ბ. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ისანი-სამგორის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის მოადგილის 2003წ. 8 სექტემბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 20 აგვისტოს მოქალაქე ი. კ-იმ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს განყოფილების უფროსს, რომელშიც მიუთითა, რომ წინა დღეს მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბ. გ-მა, ამასთან წაართვა ხელჩანთა და გაანადგურა ჩანთაში არსებული რელიგიური ლიტერატურა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ითხოვა სათანადო რეაგირება.

2003წ. 8 სექტემბერს შს სამმართველოს --- განყოფილების უფროსის მოადგილემ გამოიტანა დადგენილება ბ. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. მოქალაქე ი. კ-კი, არ დაეთანხმა რა აღნიშნულ დადგენილებას, მისი გაუქმების თაობაზე _ საჩივრით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს. მოსამართლე ნ. ო-მა 2003წ. 29 ოქტომბრის დადგენილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ადვოკატი მ. ც-ია კერძო საკასაციო საჩივრით მიიჩნევს, რომ სასამართლოს დადგენილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს. ამასთან ერთად ითხოვს, საკასაციო პალატამ მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების გაუქმებაზეც.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. ც-ამ ითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა პროკურორმა ნ. გ-მა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსამართლის დადგენილება გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსამართლემ მოქალაქე ი. კ-სა და მისი ადვოკატის საჩივარი განიხილა ისე, რომ ამ უკანასკნელს საშუალება არ მისცა მონაწილეობა მიეღო საჩივრის სასამართლო განხილვაში. მართალია, საქმეში არსებობს მოქალაქე ი. კ-სათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიმართვის ასლი, რაც მას ფოსტით გაეგზავნა, მაგრამ ამ საბუთით ირკვევა, რომ ის გაიგზავნა 26 ოქტომბერს, შემდეგ კი თარიღი 26 გადასწორებულია 21-ად, რითაც დასტურდება, რომ გზავნილი ორ დღეში ვერც ერთ შემთხვევაში მას ვერ ჩაბარდებოდა. ადვოკატს კი შეტყობინება საერთოდ არ გაგზავნია.

სასამართლომ არა მარტო საჩივრის ავტორს არ მოუსმინა, არამედ არც ის მასალები შეისწავლა, რომელზედაც გამოტანილია სადავო არაღძვრის დადგენილება.

ამდენად, მოსამართლემ ისე მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქის საჩივრის უარყოფის თაობაზე, რომ ფაქტობრივად სასამართლო სხდომა არ ჩაუტარებია და სადავო დადგენილების კანონიერება არ გამოუკვლევია.

ზემოაღნიშნული გარემოების გამო, პალატა არ მსჯელობს მომკვლევის მიერ გამოტანილი არაღძვრის დადგენილების გაუქმების თუ უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ საკითხზე არსებითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილი პროცესის ჩატარების შემდეგ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატ მ. ც-ას კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 ოქტომბრის დადგენილება მოქალაქე ი. კ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საჩივარი ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.