Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 7-კოლ 27 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგელია,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულების _ დ. გ-სა და მ. რ-ის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 10 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც დამნაშავეებად იქნენ ცნობილი:

1. დ. გ-ლი საქართველოს სსკ-ს 224-ე მუხლით, 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ზ”, “თ” პუნქტებითა და მესამე ნაწილის “ა” პუნქტით, 19,144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “ვ”, “ზ”, “ი” პუნქტებითა და მესამე ნაწილის “ა” პუნქტით, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “ვ”, “ზ”, “ი” პუნქტებითა და მესამე ნაწილის “ა” პუნქტით, 19,109-ე მუხლის “ა”, “გ”, “თ” პუნქტებით და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით მიესაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელს იხდის 2002წ. 23 აპრილიდან. მ. რ-ძე საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 184-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტითა და მესამე ნაწილით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ზ”, “თ” პუნქტებითა და მესამე ნაწილის “ა” პუნქტით, 19,144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “ვ”, “ზ”, “ი” პუნქტებითა და მესამე ნაწილის “ა” პუნქტით, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “ვ”, “ზ”, “ი” პუნქტებითა და მესამე ნაწილის “ა” პუნქტით და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელს იხდის 2002წ. 7 აპრილიდან.

იმავე განაჩენით 23 წლით თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულია გ. ბ-ძე, ხოლო ვიქტორია ერაძე გამართლდა სსკ-ს 375-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. მათ მიმართ განაჩენი გასაჩივრებული არ არის.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, დ. გ-ლი თავს დამნაშავედ ცნობს მხოლოდ დროებითი გამოყენების მიზნით ავტომანქანის გატაცებაში. ყველა სხვა ბრალდებაში ითხოვს გამართლებას.

მ. რ-ძე ითხოვს მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მისი უდანაშაულობის მოტივით.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით დადგენილია შემდეგი:

გ. ბ-ემ, ამჟამად მსჯავრდებულ ლ. გ-სთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენებით, რომელიც უკანონოდ შეიძინა, ინახავდა, ატარებდა და გადაზიდავდა, 2001წ. 8 ოქტომბერს ხონის რაიონის სოფ. ---ში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა იმავე სოფ ---ში მცხოვრებ შ. ხ-ს კუთვნილ “ვაზ-2106” მარკის ავტომანქანას. მანვე, ძალადობის გამოყენებით, ლ. გ-ესთან ერთად, ჯგუფურად, წინააღმდეგობა გაუწია და არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკებს, რომლებიც ითხოვდნენ ზემოაღნიშნული გატაცებული ავტომანქანის გაჩერებას და მათი მიმართულებით მოახდინა რამდენიმე გასროლა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან. ცდილობდა რა მიმალვას მისი მართვის ქვეშ მყოფი გატაცებული ავტომანქანით, დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესები და შეეჯახა ღობეს, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფმა ლ. გ-ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის გ. ბ-ძე დაკავებული და დაპატიმრებულ იქნა.

პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გ. ბ-ემ ორგანიზება გაუკეთა ცალკეულ პირებსა და ორგანიზაციებზე თავდასხმის მიზნით მყარი შეიარაღებული ჯგუფის _ ბანდის შექმნას, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ: დ. გ-ლი, გ. ქ-ვა, ნ. ბ-ძე და სხვები. დანაშაულებრივი ჯგუფი მან უზრუნველყო სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღითა და დიდძალი საბრძოლო მასალით. ბანდას ხელმძღვანელობდა თვითონ გ. ბ-ძე და შემდგომ იგი მონაწილეობდა ამ ბანდის მიერ განხორციელებულ ზოგიერთ თავდასხმაში.

გ. ბ-ის ხელმძღვანელობითა და მითითებით, რასაც პატიმრობაში ყოფნისას იგი ახერხებდა მობილური ტელეფონის გამოყენებით, ბანდის წევრებმა _ დ. გ-მა და სხვებმა, ანგარებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით 2001წ. 3 ნოემბერს მძევლად ხელში ჩაიგდეს ხონის რაიონის ---ის _ პ. ხ-ის შვილი დ. ხ-ძე და მისი განთავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვეს გ. ბ-სათვის აღკვეთის ღონისძიების _ პატიმრობის _ შეცვლა აღკვეთის სხვა, უფრო მსუბუქი ღონისძიებით. ბოროტმოქმედებმა მიაღწიეს მიზანს და 2001წ. 4 ნოემბერს გ. ბ-ძე განთავისუფლდა პატიმრობიდან.

2002წ. 7 იანვარს, დაახლოებით 11 საათზე, გ. ბ-ძე ბანდის სხვა წევრებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავს დაესხა ქ. თბილისში მცხოვრებ ლ. გ-ის ოჯახს, სადაც ამ უკანასკნელისა და მისი მეუღლის _ მ. თ-ას მიმართ გამოიყენეს ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და გაიტაცეს 348200 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობა. მანვე 2002წ. 18 იანვარს, დილით, ბანდის სხვა წევრებთან ერთად, შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა ქ. თბილისში მცხოვრებ თ. ხ-ის ოჯახზე და გაიტაცა 2955 ლარის ღირებულების ფასეულობა. ამასთან, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თ. ხ-საგან მოითხოვა უახლოეს დღეებში მისთვის 10000 აშშ დოლარის გადაცემა.

2002წ. 19 იანვარს დაკავებული და თბილისის ¹-- საპყრობილეში მოთავსებული გ. ბ-ძე მობილური ტელეფონით ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბანდის წევრთა დანაშაულებრივ ქმედებებს. მისი მითითებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ დ. გ-ლი და ბანდის სხვა წევრები, 2002წ. 2 თებერვალს ქ. ხონში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირის _ ვ. კ-ის ოჯახზე. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გატაცებულ იქნა ოჯახის კუთვნილი 858 ლარის ღირებულების ფასეულობა და 2700 ლარად ღირებული “ვაზ-2106” მოდელის ავტომანქანა. იმავდროულად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, მძევლად აიყვანეს არასრულწლოვანი ვ. კ-ძე, რომელსაც ძალადობით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ამით ცდილობდნენ ზემოქმედება მოეხდინათ ვ. კ-ზე და მძევლის განთავისუფლების სანაცვლოდ პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ გ. ბ-ძე, მაგრამ არასრულწლოვანმა ვ. კ-ემ მოახერხა მძევლობიდან თავის დაღწევა. ამ გზით პატიმრობიდან განთავისუფლების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ საპყრობილეში მყოფმა გ. ბ-ემ ორგანიზება გაუკეთა ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ დ. გ-ლი და ბანდის სხვა წევრები, ქ. თბილისში, ---ის ქუჩაზე მცხოვრები გ. ბ-ის მძევლად აყვანას. ამ მიზნით ბანდის წევრები 2002წ. 5 თებერვალს, საღამოს, ქ. თბილისში, მეტროს სადგურ “---ის” მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მ. ტ-ს კუთვნილ “ვაზ-21011” მარკის ავტომანქანას, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მძღოლ ზ. გ-ლს, რომელსაც შეუკრეს ხელ-ფეხი და მოათავსეს ავტომანქანის საბარგულში. ამის შემდეგ გატაცებული ავტომანქანით მივიდნენ გ. ბ-ის სახლთან. მაგრამ, ვინაიდან ეს უკანასკნელი შინ არ დახვდათ, მძევლად აიყვანეს მისი არასრულწლოვანი ძმა _ ვ. ბ-ლი და მისი განთავისუფლების სანაცვლოდ ცდილობდნენ გ. ბ-ის პატიმრობიდან განთავისუფლებას. როცა გ. ბ-ძე დარწმუნდა, რომ ამ გზით მისი განთავისუფლება შეუძლებელი იყო, მძევლად აყვანილის მამას _ ს. ბ-ლს გამოსძალა 4000 აშშ დოლარი.

2002წ. 13 აგვისტოს გ. ბ-ემ გვირაბის გათხრის გზით სცადა ქუთაისის ¹-- საპყრობილიდან გაქცევა, მაგრამ მისი ეს განზრახვა დროულად შეამჩნიეს და აღკვეთეს.

დ. გ-მა, იმყოფებოდა რა ბანდის წევრებთან _ აწ გარდაცვლილ ნ. ბ-სა და გ. ქ-სთან ერთად მიმალვაში, ქ. ხონში, -- ¹--ში, 2002წ. 23 აპრილს, დილით, მათი დაკავების მიზნით განხორციელებული სპეცოპერაციის მონაწილე პოლიციის თანამშრომლებს გაუწია აქტიური შეიარაღებული წინააღმდეგობა, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნებს და მის ხელთ არსებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ბანდიტური ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ცეცხლი გახსნა მათი მიმართულებით, რითაც საფრთხე შეუქმნა მრავალ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მ. რ-ემ, რომელიც არ იყო ზემოაღნიშნული ბანდიტური ჯგუფის წევრი, უკანონოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტს, საბრძოლო ვაზნებსა და ორ ხელყუმბარას; მანვე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა 6 გრამი ნარკოტიკული საშუალება “---” და 0,08 გრამი “---”. იგი 2002წ. 5 თებერვალს მონაწილეობდა გ. ბ-ის ბანდიტური ჯგუფის მიერ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ამგვარი ძალადობის მუქარით მ. ტ-ის კუთვნილი ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში, ამ მანქანის მძღოლის _ ზ. გ-ის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში, გ. ბ-ის მძევლად ხელში ჩაგდების მცდელობასა და არასრულწლოვან ვ. ბ-ის მძევლად ხელში ჩაგდებაში, რომელსაც წინასწარ მომზადებულ ბინაში დარაჯობდა სხვა გამტაცებელთან ერთად.

პალატის სხომაზე ადვოკატებმა _ მ. ა-ემ და მ. ბ-ემ ითხოვეს წარმოდგენილ საჩივართა დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა პროკურორმა ე. ქ-ამ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი, როგორც დ. გ-სა და მ. რ-ის მიმართ, ასევე სხვა პირთა მიმართაც უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, შეკრებილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო კოლეგიამ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რომელთა საფუძველზე დაადგინა კანონიერი და სამართლიანი განაჩენი.

მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდებები, უპირველეს ყოვლისა, დადასტურებულია წინასწარი გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის დროს მის მიერვე მიცემული ჩვენებებით. იგი მის ბრალეულობას ნაწილობრივ საკასაციო საჩივარშიც აღიარებს და აღნიშნავს: “წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ ვცნობ ნაწილობრივ. დროებითი გამოყენების მიზნით დავეუფლე მ. ტ-ს კუთვნილ მანქანას, მაგრამ მისი მძღოლისათვის არანაირი თავისუფლება არ აღმიკვეთია. შემდგომ მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, რომ ვერც გავაცნობიერე, თუU რა სიმძიმის დანაშაულს წარმოადგენდა აღნიშნული ქმედება”.

პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული სიტყვებით მსჯავრდებული დ. გ-ლი მთლიანად აღიარებს არა მარტო მ. ტ-ის კუთვნილი ავტომანქანის გატაცებას, არამედ ამ მანქანის მძღოლ ზ. გ-ის უკანონო თავისუფლების აღკვეთასაც, რომელიც, მისი თანდასწრებით და მონაწილეობით, ხელ-ფეხშეკრული მოათავსეს იმავე მანქანის საბარგულში, შემდეგ კი ამავე მანქანის გამოყენებით, რომელსაც თვითონ მართავდა, ჯგუფურად გაიტაცეს და მძევლად ხელში ჩაიგდეს არასრულწოვანი ვ. ბ-ლი.

პალატა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს დ. გ-ის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ იმ მოსაზრებას, რომ მას წინასწარი გამოძიების დროს იძულებით გამოსძალეს აღიარებითი ჩვენებები იმ დანაშაულთა შესახებ, რომლებიც მას არ ჩაუდენია.

წინასწარი გამოძიების დროს დ. გ-ლს, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დასწრებით, მიცემული აქვს არაერთი ჩვენება, რომლებშიც საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი მისი მონაწილეობა ბანდიტური ჯგუფის მიერ ჩადენილ მრავალ დანაშაულში. აღნიშნული ჩვენებები ლოგიკურად დასტურდება საქმის ფაქტობრივი გარემოებებით.

პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის პრეტენზიები სასამართლო გამოკვლევის არასრულად და არაობიექტურად ჩატარების თაობაზე, საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და უსაფუძვლოა.

პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მსჯავრდებულ მ. რ-ის საკასაციო საჩივარს მისი უდანაშაულობის თაობაზე.

სასამართლო კოლეგიამ სრულყოფილად გამოიკვლია ყველა ის მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებენ მ. რ-ის ბრალეულობას განაჩენით შერაცხულ ბრალდებაში და მათ მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება.

მ. რ-ის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული ალიბი და გამოძიების დროს ჩვენების თითქოს წამების გზით გამოძალვის ფაქტი სასამართლო კოლეგიამ გამოიკვლია საპროცესო ნორმების დაცვით და ისინი არ ცნო დადგენილად საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

ის მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლო კოლეგიამ გამოიკვლია და შეაფასა, სასამართლო შემადგენლობას სრულ საფუძველს აძლევდა, მ. რ-ის მიმართ დაედგინა გამამტყუნებელი განაჩენი. შეფარდებული სასჯელი კი სამართლიანია და შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს.

ამრიგად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულების _ დ. გ-სა და მ. რ-ის საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა, ხოლო მათ მიმართ დადგენილი განაჩენი კანონიერი და სამართლიანია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 10 ნოემბრის განაჩენი დ. გ-ის, მ. რ-სა და სხვათა მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.