გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 8-აპ 13 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),
გ. ბორჩხაძე,
დ. სულაქველიძე
განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს უფროსი პროკურორის _ გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის პროკურორის თანაშემწის სააპელაციო საჩივარი მსჯავრდებულების _ ჯ. ნ-ის, გ. გ-სა და პ. მ-ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 აგვისტოს განაჩენის საუარესოდ შებრუნების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 აგვისტოს განაჩენით ჯ. ნ-ვი; გ. გ-ლი და პ. მ-ლი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და თითოეულს სასჯელის ზომად განესაზღვრა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალათ პირობითი მსჯავრით სამი წლის გამოსაცდელი ვადით. მათვე დაზარალებული ორგანიზაციის სასარგებლოდ ერთობლივად დაეკისრათ 4528 ლარის გადახდა.
იმავე განაჩენით სსკ-ს 360-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ იქნა ვ. შ-ლი, რომლის მიმართ განაჩენი სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით ჯ. ნ-ვს, გ. გ-სა და პ. მ-ს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ აწ გარდაცვლილ გ. ღ-ის ინიციატივით და მასთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, არაერთგზის, საცავში უკანონო შეღწევით ჩაიდინეს ქურდობა, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ყოველივე ეს გამოიხატა შემდეგში: ზემოაღნიშნული პირები დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ რა ერთმანეთს, 2002წ. 16 და 22 მაისს, ღამის საათებში, ქ. რუსთავში მდებარე შპს “---ს” (---) ცენტრალური საწყობიდან ფარულად გაიტაცეს 2160 კილოგრამი 4782 ლარად ღირებული სპილენძის ნაკეთობები, რაც ჩააბარეს ჯართის მიმღებ პუნქტს და აღებული ფული გაინაწილეს.
პროკურორის საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ ჯ. ნ-ის, გ. გ-სა და პ. მ-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება არაადეკვატურია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში და, მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ბ. გ-ემ ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელმა ზ. ნ-მა პროკურორის საჩივარს მხარი დაუჭირა იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულებს ზარალის ასანაზღაურებლად დღემდე არდ.არი ღონისძიება არ მიუღიათ.
ადვოკატმა კ. ხ-მა და მსჯავრდებულმა გ. გ-მა ითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეცეს ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე, რომ სრულყოფილად არ გამოიკვლია პროკურორის საჩივარში მითითებული ფაქტები და გარემოებები, სახელდობრ: პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს განსასჯელებმა _ ჯ. გ-მა, პ. მ-მა და ჯ. ნ-მა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტეს, რომ მათ ქურდობა არ ჩაუდენიათ. სააპელაციო სასამართლომ არ დაკითხა სხდომაზე გამოცხადებული არც ერთი მსჯავრდებული, არ გაარკვია მათი დამოკიდებულება შერაცხული დანაშაულის მიმართ და განაჩენში მიუთითა, რომ მათ მიერ ქურდობა ჩადენილია უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში, მაშინ, როდესაც მსჯავრდებულებს ასეთი განმარტება არც ერთი სასამართლოსათვის არ მიუციათ და მათი “ეკონომიკური სიდუხჭირის” დამადასტურებული მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. პირიქით, დადგენილია, რომ სამივე მსჯავრდებული დასაქმებული იყო, მათ სოფ. ---ში გააჩნიათ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და აქვთ გარკვეული შემოსავალი.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულთა მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენების ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლომ ზარალის ასანაზღაურებლად ხელშეწყობა მიიჩნია. განაჩენის დადგენიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად, მსჯავრდებულებს არდ.არი ზომები არ მიუღიათ ზარალის თუნდაც ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის და დაზარალებულისათვის დღემდე არც ერთი ლარი არ გადაუხდიათ. საკასაციო პალატა შესაძლებლად მიიჩნევს მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტის დროს, სხვა შესაბამისი პირობების არსებობისას, კვლავ გახდეს მსჯელობის საგნად შეღავათების განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქმის ხელახალ სააპელაციო განხილვამდე უზრუნველყოფენ ზარალის მთლიან ან უმეტესი ნაწილის ანაზღაურებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უნდა დააზუსტოს ზარალისა და ასანაზღაურებელი თანხების ზუსტი ოდენობა და აღმოფხვრას ის წინააღმდეგობა, რაც ამ მხრივ საქმეში მოიპოვება, სახელდობრ: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულია, რომ გ. გ-მა, პ. მ-მა და სხვებმა შპს “---ს” საწყობიდან მოიპარეს 7528 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობა, რომლისგანაც ანაზღაურებულია მხოლოდ ათასი ლარი. მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულებს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გადასახდელად დააკისრა 4528 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზარალის ოდენობად 5014 ლარი, ხოლო ასანაზღაურებლად 4014 ლარი მიუთითა. სააპელაციო პალატის განაჩენში კი აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულებმა მოიპარეს 4782 ლარის ღირებულების ფასეულობა.
ზემოაღნიშნული გარემოებების დაზუსტებისა და გადაწყვეტის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და განსასჯელთა პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, უნდა დაადგინოს კანონიერი და სამართლიანი განაჩენი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 562-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ოქტომბრის განაჩენი ჯ. ნ-ის, გ. გ-ისა და პ. მ-ის მიმართ და საქმე ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.