Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 20-კოლ 29 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თ. ლ.აშვილი (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი,

დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 14 ნოემბრის განაჩენით მ. ჯ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით მ. ჯ-ნს მსჯავრი დაედო შემდეგისათვის:

2003 წლის ივლისის დასაწყისში ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, წინასწარი გამოძიებით დაუდგენელი პირებისაგან უკანონოდ შეიძინა ცელოფნის ნაჭერში შეხვეული განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 44,76 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,---”, რომელიც დაფასოებული იყო 87 შეკვრად, რაც უკანონოდ შეინახა თავის ხელჩანთაში.

2003 წლის 8 ივლისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მ. ჯ-ნი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მ. ჯ-ნი ითხოვს მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ იგი არის ოთხი მცირეწლოვანი შვილის დედა, არის მარტოხელა, შეგნებული აქვს მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე, ასევე მოსალოდნელი შედეგები, გულწრფელად ინანიებს მის მიერ განხორციელებულ ქმედებას.

ადვოკატებმა _ ნ. ხ-ემ და ხ. ყ-მა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება. ადვოკატების მითითებით, მსჯავრდებულმა წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას გულწრფელად აღიარა დანაშაული, მან ყველანაირად ხელი შეუწყო საქმის მწარმოებელ ორგანოებს საქმის სწრაფად გამოძიებასა და სასამართლო განხილვაში, ინანიებს ჩანადენს, არის მარტოხელა დედა, კმაყოფაზე ჰყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი.

პროკურორმა ბ. გ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და განმარტა, რომ განაჩენი არის დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი. მ. ჯ-სათვის სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო მისი პასუხისმგებლობის ყველა შემამსუბუქებელი გარემოება. პროკურორის მითითებით, მ. ჯ-სათვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მის პიროვნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, პროკურორ ბ. გ-ეს, მსჯავრდებულ მ. ჯ-ნს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, მ. ჯ-მა როგორც წინასწარი, ასევე სასამართლო გამოძიებისას ხელი შეუწყო საქმის სრულყოფილად და სწრაფად გამოძიებას. იგი საქმის წარმოების დაწყების პირველივე დღიდან აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. Mმას სრულად აქვს შეგნებული ამ ქმედების სიმძიმე, ასევე ასეთი ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მსჯავრდებულს კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, არის მარტოხელა დედა, წარსულში არ არის ნასამართლევი. Pპალატა ასევე ითვალისწინებს მსჯავრდებულის განმარტებას: მას შეგნებული აქვს, რომ უნდა დაისაჯოს მის მიერ განხორციელებული მოქმედებისათვის, ასევე შეგნებული აქვს, თუ რა სახის დანაშაული ჩაიდინა დაგულწრფელად ნანობს ყოველივეს. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მ. ჯ-ის მიმართY გამოყენებულ იქნეს საქართველოს სსკ-ს 55-ე მუხლი და მას ჩადენილი ქმედებისთვის შეეფარდოს კანონით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, კერძოდ, სასჯელის ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ს 55-ე მუხლით, საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე და 568-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 14 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: მ. ჯ-ნს საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი _ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 6 წლამდე.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.