გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 10-აპ 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე),
მ. გოგელია,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 ივნისის განაჩენი რ. ხ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 ივნისის განაჩენით რ. ხ-ვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ს მე-60 მუხლის თანახმად ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელის ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
განაჩენით რ. ხ-ვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა მ. ი-ის განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2002წ. 28 ივლისს, დაახლოებით 20 საათზე, ნასვამი მ. ი-ძე მეგობარ თ. ჯ-თან ერთად იმყოფებოდა რკინიგზის ცენტრალური ---ის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის წინ და ეკამათებოდა მას. ამ დროს მათთან მივიდა ასევე ნასვამი რ. ხ-ვი. რ. ხ-ის ნათქვამს, თავი დაენებებინა ქალისათვის, მოჰყვა კამათი რ. ხ-სა და მ. ი-ეს შორის, რომელიც შეეხო ძველ ვალსაც. მათი კამათი გაგრძელდა სკვერში, სადაც ისინი ჩაცუცქულნი საუბრობდნენ. კამათის დროს რ. ხ-ვს ხელში ეჭირა გაშლილი დანა, რომელიც ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მოკვლის მიზნით, მ. ი-ეს გულმკერდის არეში ჩაარტყა და დანით ხელში მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მ. ი-ძე საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
მსჯავრდებული რ. ხ-ვი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
პროკურორი ბ. გ-ძე არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და შუამდგომლობს რ. ხ-ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ განაჩენი რ. ხ-ის მიმართ კანონიერია და არ არსებობს მასში ცვლილების შეტანის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ რ. ხ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია და მას სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის. ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ რ. ხ-ის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და სასჯელიც შეეფარდა ჩანადენის სიმძიმისა და მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. სახელდობრ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ რ. ხ-ვი ადრე გასამართლებული იყო განზრახი დანაშაულისათვის, რისთვისაც სასამართლოს დადგენილებით პირობით ვადამდე იქნა გათავისუფლებული და მან ახალი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა პირობითი ვადის გასვლამდე.
საქართველოს სსსკ-ს 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის გამო, აშკარად უსამართლოა.
პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ რ. ხ-ის მიმართ განაჩენით შეფარდებული სასჯელის ზომა არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო; ამდენად არ არსებობს განაჩენის შეცვლის კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ოქტომბრის განაჩენი რ. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.