Facebook Twitter

ბს-592 (კ-19) 11 დეკემბერი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ზ-ემ 23.07.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა მ. ზ-ისათვის 2011 წლის 7 ოქტომბრიდან 2012 წლის 15 მაისამდე მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 21.05.2018წ. N MOD 2 1800490439 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ. ზ-ის სასარგებლოდ 2011 წლის 7 ოქტომბრიდან 2012 წლის 15 მაისამდე მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება 17 311 ლარის ოდენობით, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ. ზ-ის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის - 17 311 ლარის 0.07%-ის ოდენობით ანაზღაურების დავალება 2017 წლის 21 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.10.2018წ. გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მ. ზ-ისათვის 2011 წლის 7 ოქტომბრიდან 2012 წლის 15 მაისამდე მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 21.05.2018წ. N MOD 2 1800490439 წერილობითი მიმართა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მ. ზ-ის სასარგებლოდ 2011 წლის 7 ოქტომბრიდან 2012 წლის 15 მაისამდე მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 17 311 ლარის ოდენობით და მ. ზ-ის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის - 17 311 ლარის 0.07%-ის ოდენობით ანაზღაურება 2017 წლის 21 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2018წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.10.2018წ. გადაწყვეტილება, მ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ზ-ის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ 06.10.2011წ. მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და შეეფარდა საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.11.2011წ. N3926 ბრძანების საფუძველზე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 01.11.2017წ. განჩინებით მ. ზ-ე გამართლდა სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში. 2017 წლის 25 ივლისამდე მოქმედი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011წ. N583 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/ მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის" 12.4 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება დაკავების, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა - ამ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მეორე დღიდან, მოსამსახურის გამართლების შემთხვევაში განაცდური შრომის გასამრჯელოს ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.07.2017წ. N54 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის" 18.5 მუხლის მიხედვით, მოსამსახურის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, განაცდური პერიოდი მოსამსახურეს ჩაეთვლება შრომის სტაჟში და მიეცემა შრომის გასამრჯელო (შრომის ანაზღაურება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, ზემოთაღნიშნული ნორმატიული აქტები უპირობოდ და იმპერატიულად ითვალისწინებს განაცდური შრომის გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობა შეუჩერდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველზე, ხოლო შემდგომ გამართლდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. შესაბამისად უკანონოა და სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 09.10.2011წ. განჩინების საფუძველზე მოსარჩელე მ. ზ-ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გამო საქართველოს თავდაცვის მინისტრის N3926 ბრძანებით მ. ზ-ეს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2011 წლის 7 ოქტომბრიდან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011წ. N583 ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის" 12.3 მუხლის "ა" ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველია სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. საკასაციო სასამრთლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მ. ზ-ისათვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება მოხდა იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან არ იკვეთება სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების თაობაზე მიღებული ბრძანების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მ. ზ-ისათვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში ხელფასის მიუღებლობის წინაპირობა გახდა სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოება, შესაბამისად უსაფუძვლოა განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიჩნევა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სუს 29.11.2019წ. Nბს-739(კ-19) განჩინებით მ. ზ-ეს აუნაზღაურდა ამავე სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოებისას მიყენებული ზიანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2018წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი