ბს-653(კ-19) 09 დეკემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2019წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...-მა“ 05.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ მოსარჩელის კუთვნილი ნივთების (Defenol CS სპრეი 40 მლ, 160 ცალი; KO CS სპრეი 40 მლ, 160 ცალი; ძაღლისგან დამცავი სპრეი 50 მლ, 160 ცალი) დაბრუნების დავალების და საბაჟო საწყობში მიბარებული ნივთების შენახვის საფასურის - 905 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.06.2017წ. განჩინებით შპს „...-ის“ სარჩელი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ განსჯადობით გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 28.09.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ქმედების განხორციელება, კერძოდ შპს „...-თვის“ მისი ნივთების (Defenol CS სპრეი 40 მლ, 160 ცალი; KO CS სპრეი 40 მლ, 160 ცალი; ძაღლისგან დამცავი სპრეი 50 მლ, 160 ცალი) დაბრუნება და აღნიშნული ნივთების საბაჟო საწყობში შენახვის საფასურის - 905 ლარის ანაზღაურება, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისრა აგრეთვე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2019წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
კასატორმა „იარაღის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის“, მე-3, მე-4, მე-5 მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ გაზის აეროზოლური მოწყობილობა წარმოადგენს სამოქალაქო თავდაცვის იარაღს. მართალია „იარაღის შესახებ“ კანონის 19.8 მუხლის მიხედვით ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს ფიზიკური პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობის შეძენა და საქართველოში შემოტანა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვება ნიშნავს აეროზოლური მოწყობილობის შესაბამისობას ნორმატიული აქტით დადგენილ ტექნიკურ პარამეტრებთან. სადავო ქმედების განხორციელებისას მსგავსი ტექნიკური პარამეტრების დამდგენი ნორმები არ არსებობდა, შესაბამისად, ვერ დგინდება მოსარჩელის მიერ იმპორტირებული საქონლის საქართველოს ბაზარზე დაშვების შესაძლებლობა. ამასთანავე, არ არის დადგენილი სადავო მოწყობილობების რეალიზაციის წესები (მაგ.:ასაკობრივი შეზღუდვა, მყიდველების აღრიცხვა და სხვ.).
კასატორი თვლის, რომ ყველა სახისა და შემადგენლობის აეროზოლური მოწყობილობის ბაზარზე დაშვება საფრთხეს შეუქმნიდა მოქალაქეებს, მოსარჩელის მიერ შემოტანილი საქონელი შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებებს, რომლებიც მცირე ოდენობით იწვევს თვალისა და სასუნთქი გზების გაღიზიანებას, ხოლო მოჭარბებული კონცენტრაციის შემთხვევაში - დამწვრობას, დამბლას ან ფატალურ შედეგს.
კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისთვის საბაჟო საწყობში შენახვის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების პირობა, რადგან სსიპ შემოსავლების სამსახურს არ მოუხდენია საქონლის ჩამორთმევა, რაც საშუალებას აძლევდა შპს-ს უკან გაეტანა ტვირთი, სახელმწიფოსათვის გადაეცა ან გაენადგურებინა საქონელი, რითაც თავიდან აიცილებდა შენახვის ხარჯს. კასატორის მოსაზრებით არ არსებობს აგრეთვე მისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „იარაღის შესახებ“ კანონის მიხედვით იარაღი შესაძლოა იყოს სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო ან სამხედრო-საბრძოლო იარაღი (3.1 მუხ.). სამოქალაქო იარაღის ერთ-ერთი სახეა თავდაცვის იარაღი (4.2 მუხ. „ა“ ქვ.პ.), ხოლო თავდაცვის იარაღად მიიჩნევა გაზის აეროზოლური მოწყობილობა (5.2 მუხ. „გ“ ქვ.პ.). ამდენად, მოსარჩელის მიერ შემოტანილი საქონელი არის სამოქალაქო თავდაცვითი იარაღი და განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად, ამასთანავე, შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და დადგენილ ნორმებს (მე-2 მუხ. „ლ“ ქვ.პ.), მსგავსი იარაღის მეშვეობით ხდება ფიზიკური პირის მიერ საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დაცვა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას (5.1 მუხ.). სწორედ სამოქალაქო თავდაცვითი იარაღის დანიშნულებით, გამოყენების მიზნებითა და პირობებით არის განპირობებული „იარაღის შესახებ“ კანონის დანაწესი, რომლის თანახმად ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს ფიზიკური პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა (19.4 მუხ.). სამოქალაქო თავდაცვითი იარაღის საქართველოში შემოტანისათვის რაიმე ნებართვის საჭიროებაზე არ უთითებს აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონი. მართებულია კასატორის მოსაზრება, რომ მოქმედი მოწესრიგება არ გულისხმობს ყველა სახის აეროზოლური მოწყობილობის საქართველში დაშვების შესაძლებლობას, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სტანდარტი, ტექნიკური და სხვა სახის მახასიათებლები, რომელთაც აეროზოლური მოწყობილობა ბაზარზე დაშვებამდე უნდა შეესაბამებოდეს, ნორმატიულად დადგენილი არ არის. კასატორმა ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიერ იმპორტირებული საქონელი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებათა იმ რაოდენობას, რომელიც არსებით ზიანს მიაყენებს პირთა ჯანმრთელობას. ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებები არ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს, საექსპერტო დასკვნებს ან სხვა მტკიცებულებებს. საქმის მასალებით არ დგინდება მოსარჩელის მიერ იმპორტირებულ საქონელში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებების კრიტიკული კონცენტრაცია. თავად კასატორიც აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნივთიერებები გარკვეულ ოდენობამდე იწვევენ მხოლოდ თვალისა და სასუნთქი გზების გაღიზიანებას და არა რაიმე არსებით ზიანს ან პათოლოგიებს. პალატა თვლის, რომ აღნიშნული შედეგი თავდაცვითი იარაღის დანიშნულებისა და გამოყენების მიზნების გათვალისწინებით, დასაშვები შეიძლება იყოს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონშემოქმედება წარმოადგენს ხელისუფლების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. უფლებამოსილი უწყებების მიერ არ არის შესრულებული „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება აეროზოლური მოწყობილობების ბაზარზე დაშვების წინაპირობების, სტანდარტების, გასხვისების წესების დამდგენი ნორმატიული აქტის მიღების შესახებ. ამ პირობებში სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტება, რომ პროდუქციის შემცველობის საშიშროებას ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსაზღვრავს საბაჟოს თანამშრომელი და კონკრეტული პროდუქცია ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია, მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თავის კანონისმიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობა არ შეიძლება გახდეს მხარისათვის ნეგატიური სამართლებრივი შედეგის დადგომის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასწორად მოხდა მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრება. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, არ ადასტურებს სასამართლო ხარჯების განაწილების უსწორობას. სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მართლზომიერია სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრება, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი