ბს-655 (კ-19) 09 დეკემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. და ი. დ-ეებმა 06.04.2017წ. სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 03.04.2009წ. N11 საოქმო გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ ი. დ-ეზე 03.01.2008წ. გაცემულ N4480 საკუთრების მოწმობისა და ჯ. დ-ეზე 26.12.2007წ. გაცემულ N3338 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.04.2018წ. გადაწყვეტილებით ჯ. და ი. დ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 03.04.2009წ. N11 საოქმო გადაწყვეტილება ი. დ-ეზე 03.01.2008წ. გაცემულ N4480 საკუთრების მოწმობისა და ჯ. დ-ეზე 26.12.2007წ. გაცემულ N3338 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 03.04.2009წ. N11 საოქმო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. და ი. დ-ეების მოთხოვნა საკუთრების მოწმობების ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო დ-ეების სარჩელში მითითებული გარემოება, რომ საკუთრების მოწმობების ბათილად ცნობის მოთხოვნა იმდროინდელი სახელმწიფო რეჟიმის ზეწოლის შედეგია, უცნობი იყო კომისიისათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მით უფრო, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არც ადმინისტრაციული და არც სასამართლო წარმოების მასალებში არ მოიპოვება. კომისიამ სწორედ დ-ეების განცხადების საფუძველზე დაიწყო წარმოება და გადაწყვეტილება მიიღო "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონის მოთხოვნათა დაცვით და სზაკ-ის მე-601 მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში სახეზე არ არის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, ამასთან სახეზე არ არის სზაკ-ის 95-ე და 97-ე მუხლების დარღვევის წინაპირობები, რამეთუ კომისიისთვის ცნობილი იყო მოსარჩელეთა განცხადებით გამოხატული ნება და სახეზე არ იყო საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ამდენად, სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ი. და ჯ. დ-ეების განცხადებების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 03.04.2009წ. მიღებულ იქნა N11 საოქმო გადაწყვეტილება ი. დ-ეზე 03.01.2008წ. გაცემული N4480 საკუთრების მოწმობის და ჯ. დ-ეზე 26.12.2007წ. გაცემული N3338 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ. კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. N525 ბრძანებულებით დამტკიცებული "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა" და სზაკ-ის მე-601 მუხლის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სზაკ-ის 601.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ჩაუტარებლად საკუთრების მოწმობები ბათილად ცნო მხოლოდ ი. და ჯ. დ-ეების განცხადების საფუძველზე, რაც არ შეესაბამება სზაკ-ის 601 მუხლის მოთხოვნებს, რამეთუ მხოლოდ ჯ. და ი. დ-ეების განცხადება მათზე გაცემული საკუთრების მოწმობების ბათილად ცნობის თაობაზე არ ქმნის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმების საკმარის საფუძველს. ამასთან, ადმინისტარციულ ორგანოს სადავო გადაწყეტილებაში არ შეუფასებია იმ აქტების კანონშესაბამისობა, რომელთა საფუძველზეც იქნა საკუთრების მოწმობები გაცემული. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 03.04.2009წ. მიღებულ იქნა N11 საოქმო გადაწყვეტილება ი. და ჯ. დ-ეებზე გაცემული საკუთრების მოწმობების ბათილად ცნობის ნაწილში არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და სახეზეა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2019წ. განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი