ბს-712 (2კ-19) 09 დეკემბერი, 2019 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ა-ემ 02.11.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის მატერიალური ზიანის სახით 28 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 67 000 ლარის, მორალური ზიანის სახით 20000 ლარის და საადვოკატო მომსახურებისათვის გადასახდელი 4000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.02.2017წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.10.2017წ. გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე გ. ა-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით დაეკისრა 2000 ლარის, ადვოკატის მომსახურების ხარჯის 1000 ლარის ანაზღაურება, მატერიალური ზიანის სახით 28 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და გ. ა-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2018წ. განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურა შეიცვალა უფლებამონაცვლით - საქართველოს გენერალური პროკურატურით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2018წ. გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.10.2017წ. გადაწყვეტილება გ. ა-ისათვის ადვოკატის ჰონორარის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ა-ის სარჩელი ადვოკატისათვის ჰონორარის სახით გადახდილი თანხის საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, ჯამში 4000 ლარის ოდენობით ანაზღაურება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და გ. ა-ის მიერ.
კასატორმა - საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის, სზაკ-ის 207-ე, 208-ე, სსკ-ის 992-ე, 1005-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ არ არსებობს პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდება მისი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ზიანი. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. კასატორი მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის დაკისრებული ოდენობა არაგონივრულად დიდია, არ შეესაბამება აღნიშნულ საკითხზე ეროვნული და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. მოცემულ შემთხვევაში მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 2000 ლარი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან. კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის გ. ა-ის სასარგებლოდ ადვოკატის ჰონორარის 4000 ლარის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი ადვოკატის მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად არ დასტურდება გ. ა-ის მიერ ადვოკატის მომსახურების საფასურის გადახდა.
კასატორმა - გ. ა-ემ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მორალური ზიანის სახით სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობა - 2000 ლარი ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელისათვის უკანონო ბრალდების შედეგად მიყენებული ზიანის ადეკვატურ ანაზღაურებას. სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ გ. ა-ეს უკანონო ბრალდების გამო შეეზღუდა გადაადგილების უფლება და შესაბამისად ვერ შეასრულა დამსაქმებელთან დადებული კონტრაქტით გათვალიწინებული სამუშაო. ამავე პერიოდში ბანკიდან აიღო სესხი და გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება, თუმცა უსახსრობის გამო ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. კასატორი აღნიშნავს, რომ ეს მდგომარეობა გამოიწვია უკანონო ბრალდებამ, თუმცა სასამართლომ საქმის გარემოებების არასწორი შეფასების შედეგად მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და სასარჩელო მოთხოვნები სრულად არ დააკმაყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (სუსგ 04.06.2015წ., Nბს-485-474(2კ-14); 07.02.2019წ. Nბს-432-429(2კ-17)) და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (Case of Poghosyan and Baghdasaryan v. Armenia, 12.09.2012წ., განაცხ. #22999/06). ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ პროკურატურის ბრალეული ქმედების დაუდასტურებლობის პირობებში, დაუშვებელია მისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება, რადგან განსახილველ შემთხვევაში პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად. დაუშვებელია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით (სკ-ის 992, 1005.1 მუხ.) დადგენილი მოთხოვნების გავრცელება სპეციალური ნორმით (სკ-ის 1005.3 მუხ.) მოწესრიგებულ კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე, რომელსაც ადგილი აქვს უკანონო ბრალდებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო შეფარდების შემთხვევაში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დადასტურდა გ. ა-ის უდანაშაულობა, ამდენად, დგინდება, რომ მას მოუწია კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შემზღუდავი ზემოქმედების ატანა შეზღუდვის თმენის ვალდებულების დაკისრების დასაბუთებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, განხორციელების მომენტში ფორმალურად კანონიერად გამოყენებული ღონიძიებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის, მიიჩნევიან უკანონოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობის შესახებ. უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარი ზიანი შესაძლოა იყოს როგორც მატერიალური, ასევე მორალური. უკანონო ბრალდება გარდაუვლად უკავშირდება ფსიქოლოგიური ტანჯვის გარკვეულ დონეს, რაც იმთავითვე ადასტურებს მორალური ზიანის არსებობას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნების გათვალისწინებით, მიკუთვნებული თანხა - 2000 ლარი, გ. ა-ისათვის მიყენებული მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებაა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობდა ასევე გ. ა-ისათვის ადვოკატის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების საფუძველი, რადგან საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში გ. ა-ისათვის ადვოკატის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარწმუნებელსა და ადვოკატს შორის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების გადახდის ქვითრის, საგადასახადო დავალების შესრულების დოკუმენტაციის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუს 09.02.2012წ., №ბს-1330-1315 (კ-11); 17.01.2019წ. Nბს-809-805(3კ-17) გადაწყვეტილებები).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას უნდა იქნეს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს ზიანის გამომწვევ გარემოებებს და განსაზღვრავს მიყენებული ზიანის ოდენობას. მოცემულ შემთხვევაში გ. ა-ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უკანონო ბრალდების შედეგად მატერიალური ზიანის, კერძოდ 28 000 აშშ დოლარის ოდენობით, მიყენების ფაქტს, ასევე ზიანის მიყენებაში მოპასუხე მხარის ბრალეულობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს გენერალური პროკურატურისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2018წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი