Facebook Twitter

ბს-735 (კ-19) 09 დეკემბერი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. კ-ემ 02.05.2018წ. სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ უნებართვოდ გავლებული ღობის დემონტაჟის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 24.04.2018წ. N45 855 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 09.08.2018წ. გადაწყვეტილებით ზ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 24.04.2018წ. N45 855 ბრძანება უნებართვოდ გავლებული ღობის დემონტაჟის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულია დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის 20.12.2017წ. ბრძანებით ზ. კ-ე დაჯარიმდა უნებართვო მშენებლობისათვის, რითაც დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება. 30.11.2017წ. მოსარჩელეს მიეცა მითითება და განესაზღვრა გონივრული ვადა შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან უნებართვოდ გავლებული ღობის დემონტაჟის განსახორციელებლად. მითითების განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის გამო 23.02.2018წ. შედგა შემოწმების აქტი, ხოლო 24.04.2018წ. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებულ იქნა N45 855 ბრძანება ზ. კ-ის მიერ უნებართვოდ გავლებული ღობის დემონტაჟის შესახებ. ზემოაღნიშნული ბრძანება კანონიერია და არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით 09.11.2017წ. და 30.11.2017წ. ზ. კ-ეს ეცნობა, რომ მის მიერ უნებართვოდ იყო შემოღობილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთები, რისთვისაც უნდა წარედგინა სამშენებლო დოკუმენტაცია ან უნდა მოეხდინა ღობის დემონტაჟი. 18.12.2017წ. შემოწმების აქტით დაფიქსირდა ზემოაღნიშნული მითითებების შეუსრულებლობა, რის საფუძველზეც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის 20.12.2017წ. N45 2681 ბრძანებით ზ. კ-ე N..., N..., N..., N... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობისათვის დაჯარიმდა 200 ლარით "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 43-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 23.02.2018წ. შედგენილ იქნა დათვალიერების ოქმი, ხოლო 24.04.2018წ. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N45 855 ბრძანებით ზ. კ-ეს დაევალა სოფელ ...ში (...ში) მდებარე N..., N..., N..., N..., N..., N..., N..., N..., N... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებზე უნებართვოდ გავლებული ღობის დემონტაჟი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება იწყება დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დგება შემოწმების აქტი, ხოლო შემოწმების აქტში დაფიქსირებული დარღვევის შემთხვევაში ზემოაღნიშნული მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად მიიღება შესაბამისი დადგენილება. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება და 24.04.2018წ. N45 855 ბრძანება გამოსცა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსის 25-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ მითითების და შემოწმების აქტის გაცემის გარეშე. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს 24.04.2018წ. N45 855 ბრძანების გამოცემამდე უნდა ჩაეტარებინა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, სახეზეა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 24.04.2018წ. N45 855 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი