ბს-764 (2კ-19) 09 დეკემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. მ-მა 06.10.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 08.01.2016წ. N1/1-53 ბრძანების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 06.09.2016წ. N1-1/475 ბრძანების ბათილად ცნობა და ვ. მ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში N… საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების გაუქმების თაობაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.05.2018წ. გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 08.01.2016წ. N1/1-53 ბრძანება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 06.09.2016წ. N1-1/475 ბრძანება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ვ. მ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში N… საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების გაუქმების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2018წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ ვ. მ-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა არ შეესაბამებოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ ადგილმდებარეობას. შესაბამისად, არ დგინდებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში N… საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ვ. მ-ის საკუთრების უფლება. სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გარდა ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად გამოითხოვა და გამოიკვლია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც არ ადასტურებდნენ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ვ. მ-ის საკუთრების უფლებას. ამდენად, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ ვ. მ-ს სადავო მიწის ნაკვეთი გადაცემული აქვს 1992წ. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ზ. წ-ი, ხოლო ზ. წ-ს მიწის ნაკვეთი გადაცემული აქვს 1996წ. მიღება-ჩაბარების აქტით. აღნიშნული გარემოება საეჭვოს ხდის მოსარჩელის უფლებას, რამეთუ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას, აქტში მიეთითებოდა მონაცემები მიწის ნაკვეთის ფართობის, ადგილმდებარეობის შესახებ, ხოლო მომიჯნავე მეზობლები დგინდებოდა უკვე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი 06.10.1992წ. N124 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით ვ. მ-ის დედას - ი. მ-ს სარგებლობაში გადაეცა დიდ დიღომში მდებარე სადავო 0,12 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელსაც თანდართული გეგმის მიხედვით ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა უ. ჯ-ის ნაკვეთი, აღმოსავლეთით - ზ. წ-ის ნაკვეთი, ხოლო დასავლეთით და სამხრეთით - გზა. ვ. მ-მა 1200 მ2 მიწის ნაკვეთზე მემკვიდრეობით მიღებული უფლების დარეგისტრირების მოთხოვნით შესაბამის საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად განცხადებით მიმართა მარეგისტირებელ ორგანოს, რომელმაც N… საკადასტრო კოდით რეგისტირებულ ნაკვეთთან ზედდებისა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთის მდებარეობასთან შეუსაბამობის საფუძვლით უარი უთხრა სარეგისტრაციო წარმოებაზე. გასაჩივრებული აქტებით ამავე საფუძვლით არ დაკმაყოფლდა ვ. მ-ის მოთხოვნა ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი და მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებად დაფიქსირებულია ზ. წ-ი, უ. ჯ-ი, ხოლო ორი მხრიდან ნაკვეთს ესაზღვრება გზა, მიწის ნაკვეთის ფართობად მითითებულია 1200 მ2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მონაცემების მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით რეგისტირებულია უ. ჯ-ის საკუთრება, რომელიც ამჟამინდელი მდგომარეობით გაყიდულია, ხოლო აღმოსავლეთით რეგისტრირებულია წ-ების საკუთრება. ამდენად, საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი შეესაბამება მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთს კონფიგურაციით, ფართობით, მდებარეობითა და მოსაზღვრე მხარეებით. საპირისპირო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა მოწინააღმდეგე მხარემ ვერ უზრუნველყო. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილია ასევე საბურთალოს რაიონის 17.03.2017წ. N31-01170762919 მიმართვა და N00024 ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლითაც დადასტურებულია ვ. მ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის შესაბამისობა 06.10.1992წ, N124 მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთთან. ამასთანავე, უსაფუძვლოა კასატორის აპელირება, იმასთან დაკავშირებით, რომ მიღება-ჩაბარების აქტი ვერ ადასტურებს ვ. მ-ის საკუთრების უფლებას ამავე აქტში მითითებულ მიწის ნაკვეთზე, რამეთუ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის უკანონობა კანონით დადგენილი წესით დადასტურებული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2018წ. განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი