ბს-768-768(კ-18) 09 დეკემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზ. მ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. მ-ამ 15.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ზ. მ-ას უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის შესახებ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 01.08.2016წ. NA15023357-022/001 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.08.2016წ. განჩინებით, სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ.მ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.2017წ. გადაწყვეტილებით ზ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. მ-ას მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ ზ. მ-ას უძრავი ქონების შეფასების აქტი არ გაეგზავნა და გადაეცა მხოლოდ მის მიერ მოთხოვნის შემდეგ, რა დროსაც უკვე ჩანიშნული იყო აუქციონი. უძრავი ქონების შეფასება არ იყო საბაზრო ფასთან თანხვედრაში. ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა რაიონებში შეზღუდულია. შეფასების აქტის ვებ-გვერდზე განთავსება ფორმალურია, რადგან მისი გასაჩივრება არ აჩერებს აუქციონს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ აღმასრულებელს არ ეკისრებოდა შეფასებისა და აუქციონის შესახებ მოვალის დამატებითი ინფორმირების ვალდებულება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, აღსრულების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება (მე-6 პუნქტი), აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება თავისი უფლებების, სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგების, იძულებითი აღსრულებისათვის შესაძლო გასატარებელი ღონისძიებების, აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესისა და საშუალებების შესახებ ხორციელდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, როდესაც მოვალეს ეგზავნება 7 დღის ვადაში ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება (მე-7 პუნქტი). მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება (მე-8 პუნქტი). განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ როგორც მოსარჩელეს, ასევე ზ. მ-ას ჩაბარდა ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება, რომლითაც მათ განემარტათ აგრეთვე იძულებითი აღსრულების მოსალოდნელი ღონისძიებები, აუქციონის შესახებ ინფორმაციის ვებ-გვერდის მეშვეობით მიღების შესაძლებლობა. მოვალეებს გაეგზავნათ აგრეთვე აუქციონის შესახებ შეტყობინება. მოსარჩელე არც ხდის სადავოდ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადებისა და აუქციონის ჩანიშვნის შესახებ შეტყობინების უფლებამოსილი პირებისათვის ჩაბარებას. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქმეში დაცული სოციალური მუშაკის კომუნიკაციის ჩანაწერის მიხედვით 19.05.2016წ., ქონების საბოლოო შეფასების განხორციელებამდე, მოვალის ადვოკატი - ლ. კ-ე იმყოფებოდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში მორიგების მიზნით, მას მიეწოდა სრული ინფორმაცია სააღსრულებო საქმის წარმოებისა და აუქციონის სამომავლო შედეგების შესახებ, კომუნიკაციის ჩანაწერში ასახული ინფორმაციის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებენ არა მხოლოდ საქმის მწარმოებელი სოციალური მუშაკი, არამედ მოვალეთა ადვოკატებიც: ლ.კ-ე და ბ. პ-ე (ტ.1, ს.ფ. 211). ამდენად, მოვალეებს ჰქონდათ სრული ინფორმაცია მიმდინარე სააღსრულებო წარმოებისა და მოსალოდნელი ღონისძიებების შესახებ. ამასთანავე, მოსარჩელის განმარტებით მას შეფასების აქტი ჩაბარდა თავისი მოთხოვნის შემდეგ. მოვალის მოთხოვნის მიუხედავად, შეფასების აქტის გადაცემაზე უარი საქმის მასალებით არ დასტურდება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 47.2 მუხლის თანახმად, თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღწერა-დაყადაღების შემდეგ სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელდა აუქციონზე გასატანი ქონების შეფასება. ზ. მ-ა არ ეთანხმება შეფასების შედეგებს, თუმცა სააღსრულებო წარმოებისა და სასამართლო დავის თვეების განმავლობაში მიმდინარეობის მიუხედავად, მას არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია მცდარი შეფასების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. ზ. მ-ა ვერ ასაბუთებს სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებული შეფასების შედეგების უსწორობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ზ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. მ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.2018წ. განჩინება;
3. ზუ. მ-ას (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.08.2018წ. N0 საგადასახადო დავალებით ლ. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი