ბს-962 (კ-18) 09 დეკემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს "…მა" 31.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.06.2016წ. N170742, N170743, N170744, N170745, N170746, N170747 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 12.08.2016წ. N23195 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.2017წ. გადაწყვეტილებით შპს "…ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 12.08.2016წ. N23195 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.06.2016წ. N170742, N170743, N170744, N170745, N170746, N170747 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.2018წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ გაიზიარეს მოსარჩელის არგუმენტაცია. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა მოწმედ დაკითხული პირების განმარტებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მადოზირებელ სვეტზე მოშლილი არ ყოფილა გაზის მიწოდებისათვის საჭირო სისტემა და დათვალიერებისას ვლინდებოდა, რომ მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმები უბრალოდ შეერთებული არ იყო სისტემასთან. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მხოლოდ იმ გარემოებას ადასტურებდა, რომ აღნიშნული მადოზირებელი სვეტებიდან არ ხდებოდა საწვავის მიწოდება. მოსარჩელე მხარეს შესაბამისი მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია იმ გარემოებების არსებობა, რომლებიც ადმინისტრაციული წარმოებისას გამოკვლევას საჭიროებდა, რაც მოსარჩელის მტკიცების ტვირთის დაუძლევლობაზე მიუთითებს. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ასევე არასწორად განმარტეს საგადასახადო კოდექსის 270.7 მუხლი. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნულ მუხლი უთითებს ზოგადად 281-ე მუხლზე და არა მის კონკრეტულ ნაწილზე, ამდენად მოცემული მუხლის მიზნებისთვის განმეორებითობა დაკავშირებულია 281-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევასთან და მნიშვნელობა არ აქვს მის რომელ ნაწილთან მიმართებით იქნა შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები. კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროება. სასამართლომ არ მიუთითა, თუ რა ფაქტების გამოკვლევაა საჭირო ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების მიზანი იყო ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მეწარმის მიმართ გაფრთხილების გამოყენებაზე მსჯელობა. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დარღვეულა აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც უპირობოდ ქმნიდა საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების წინაპირობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.06.2016წ. "დათვალიერების შედეგების შესახებ" ოქმის მიხედვით შპს "…ის" კუთვნილ გაზგასამართ სადგურზე არის 3 სვეტი და 6 ჩამომსხმელი მექანიზმი, ხოლო აღნიშნულ მექანიზმებს საგადასახადო ლუქები არ ადევს. ზემოაღნიშნული დათვალიერების ოქმი გახდა გასაჩივრებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების შედგენის საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N994 ბრძანებით დამტკიცებულ "მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, ღირებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის" 23.5 მუხლზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ორგანოს ლუქებით დალუქვას ექვემდებარება აგს-ში/აირსავსებ სადგურში არსებული ყველა მარიგებელი სვეტი, მიუხედავად იმისა, გამოიყენება თუ არა ეს სვეტი საწვავის/აირის მისაწოდებლად. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება უკავშირდება საწვავის მისაწოდებლად ვარგისი სვეტების დალუქვას. თუკი სვეტი არ არის ვარგისი, ფუნქციონირებადი, დაზიანებულია, გამორიცხულია მისი გამოყენება და მისი მეშვეობით საწვავის მიწოდება, მასზე ლუქის არარსებობა ვერ წარმოქმნის საწვავის ფარულად მიწოდების საფრთხეს, რის პრევენციასაც ემსახურება საგადასახადო კოდექსის 281.9 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემოღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების და სამართალდარღვევების ოქმები მიუთითებს მხოლოდ დაულუქავი მექნიზმების რაოდენობაზე და არ არის დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებები, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 17.2 მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება მოსარჩელის მხრიდან მტკიცების ტვირთის დაუძლევლობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგი რწმენით და მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვის შედეგად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების გამოკვლევის დავალების საჭიროება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი