ბს-970(კს-19) 09 დეკემბერი, 2019 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარეები - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირი - ჟ. ა-ი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2019წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ა. ა-მა 22.05.17წ. სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20.04.17წ. N68507 ბრძანებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 13.12.16წ. N1265 ბრძანების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის 13.03.17წ. N3 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ახალციხის რაიონული სასამართლოს 08.06.17წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ჟ. ა-ი.
ჟ. ა-მა 23.05.17წ. სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 13.12.16წ. N1265 ბრძანების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის 13.03.17წ. N3 სხდომის ოქმისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20.04.17წ. N68507 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ა. ა-ის მიერ უკანონოდ მოწყობილი შენობის ნაწილის დემონტაჟის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის გამოცემის დავალება და პირუტყვის სადგომსა და ჟ. ა-ის საცხოვრებელი სახლის ფანჯრებს შორის მანძილის დაცვის კონტროლი. ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.06.17წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. ა-ი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.06.17წ. განჩინებით ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმეები N1936663-3/082-17 (მოსარჩელე: ჟ. ა-ი, მოპასუხე: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მესამე პირი: ა. ა-ი) და N1933949-3/081-17 (მოსარჩელე: ა. ა-ი, მოპასუხე: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მესამე პირი: ჟ. ა-ი) გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 19.09.17წ. გადაწყვეტილებით ჟ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20.04.17წ. N68507 ბრძანების „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, ახალციხის მუნიციპალტეტის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ა-ის მიწის ნაკვეთზე განთავსებულ პირუტყვთა სადგომსა და ჟ. ა-ის საცხოვრებელი სახლის ფანჯრებს შორის კანონით დადგენილი მანძილის დაცვის მიზნით, ჟ. ა-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფლდა; ა. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20.04.17წ. N68507 ბრძანების „ა“ ქვეპუნქტი, ა. ა-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.18წ. განჩინებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.18წ. გადაწყვეტილებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 19.09.17წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 27.11.18წ. განჩინებით სარჩელის გამოხმობის შესახებ ჟ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ჟ. ა-ის სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული. ახალციხის რაიონული სასამართლოს 13.12.18წ. განჩინებით ა. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ა. ა-ის სარჩელი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 13.12.16წ. N1265 ბრძანების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის 13.03.17წ. N3 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, დარჩა განუხილველი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 27.02.19წ. გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20.04.17წ. N68507 ბრძანების „ბ“ ქვეპუნქტი, ა. ა-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.19წ. განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ვადის დარღვევით წარდგენის გამო. სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტის ა. ა-ის წარმომადგენელს, ჯ. ყ-ს ჩაბარდა 21.03.19წ., შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა იწურებოდა 04.04.19წ.. საჩივარი ფოსტას ჩაბარდა ვადის დარღვევით - 05.04.2019წ., რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველად იქნა მიჩნეული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.19წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. ა-ის მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ა-ის წარმომადგენელ ჯ. ყ-ს ჩაბარდა 22.03.2019წ., შესაბამისად გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 24.03.2019წ.. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით ეჭვს იწვევს ჩაბარების გზავნილზე მინაწერი ჩაბარების რიცხვის შესახებ, შეუძლებელია ერთიდაიგივე მიმართვაზე სხვადასხვა მხარეთათვის ერთდროულად ჩაბარების დადასტურების არსებობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების მიხედვით ახალციხის რაიონული სასამართლოს 27.02.2019წ. გადაწყვეტილება ა. ა-ის წარმომადგენელ ჯ. ყ-ს ჩაბარდა 21.03.2019წ. (ტ.5, ს.ფ.140). სასკ-ის 13.2 მუხლის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებას უგზავნის მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი - წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს (სსკ-ის 70.1 მუხ.). სამი წლის ვადით გაცემული 20.07.2017წ. N170820742 მინდობილობის (ტ.3, ს.ფ.163) მიხედვით ჯ. ყ-ს მინიჭებული ჰქონდა ა. ა-ის ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის, სხვადასხვა საპროცესო მოქმედებების შესრულების, მათ შორის სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება. ამდენად, დგინდება, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 27.02.2019წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირს 21.03.2019წ. ჩაბარდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე (სსკ-ის 369.1 მუხ.). სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ-ის 60.2 მუხლის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. განსახილველ შემთხვევაში, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მხარის წარმომადგენლისათვის 21.03.2019წ. ჩაბარების გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 22 მარტიდან და ამოიწურა 04.04.2019წ., ხუთშაბათს, 24 სთ-ზე. საქმის მასალებით, კერძოდ სააპელაციო საჩივარზე თანდართული საფოსტო შეტყობინების ბარათით (ტ.5, ს.ფ.156) დგინდება, რომ ჯ. ყ-მა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით - 05.04.2019წ.. კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს ფოსტაში სააპელაციო საჩივრის 05.04.2019წ. წარდგენას, თუმცა აღნიშნავს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა არა 21.03.2019წ., არამედ 22.03.2019წ.. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს, რადგან წარმოდგენილი არ ყოფილა ჩაბარების დასტურზე ასახული მონაცემის უსწორობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 22.03.2019წ. ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10.05.2019წ. განჩინება ა. ა-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 368-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი