Facebook Twitter

ბს-1268 (კ-18) 11 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

09.09.2016წ. გ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 20.06.2016წ. №MOD 716 00003670 ბრძანების ბათილად ცნობის და გ. კ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ცალკეული სამედიცინო ბატალიონის …ის უფროსის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.06.2017წ. გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.2017წ. განჩინებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.06.2017წ. გადაწყვეტილება. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-მა.

კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-7, 44-ე მუხლების, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96-97-ე მუხლების, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შინაარსზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხი, გათვალისწინებული არ იქნა ის გარემოება, რომ რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი მენეჯერის თანამდებობა ვაკანტური იყო ორ თვეზე მეტი ხნის მანძილზე და არ გამოკვლეულა აღნიშნული თანამდებობის დაკავებისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან გ. კ-ის კვალიფიკაციის შესაბამისობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ. კ-ი არის საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ომის ვეტერანი, სამხედრო ჩინით „მაიორი“, უმაღლესი იურიდიული და ტექნიკური განათლებით, მსუბუქი და მძიმე ტანკების საკითხებში სამხედრო განათლებით, სამოქალაქო და ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის მდიდარი გამოცდილებით, მიღებული აქვს არაერთი სერთიფიკატი. თავდაცვის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა გ. კ-ის მოთხოვნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფების ვაკანსიათა ჩამონათვალის მიწოდების თაობაზე. სასამართლოებმა არასწორად გაიზიარეს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრება გ. კ-ის შტატის გაუქმების თაობაზე. შტატი არ გაუქმებულა, მხოლოდ სამოქალაქო თანამდებობა შეიცვალა სამხედრო თანამდებობით. ჯამში ცალკეულ სამედიცინო ბატალიონში შტატების რიცხოვნობა არ შეცვლილა. გასაჩივრებული აქტი არღვევს გ. კ-ის პირად და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, შესაძლებელია მიჩნეული იქნას აგრეთვე პიროვნული განვითარების უფლების დარღვევად, რის თაობაზეც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასების თაობაზე. საქმის მასალებით დგინდება საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ცალკეული სამედიცინო ბატალიონის რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება (ტ.1.ს.ფ.59-64). აგრეთვე რეორგანიზაციის შედეგად გ. კ-ის გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესება, კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ცალკეული სამედიცინო ბატალიონის …ის უფროსის თანამდებობა რეორგანიზაციამდე იყო სამოქალაქო თანამდებობა, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ გახდა სამხედრო თანამდებობა (ტ.1.ს.ფ.59-61). სადავო არ არის ის გარემოება, რომ კასატორი არ აკმაყოფილებდა მითითებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნას, კერძოდ, გ. კ-ი არ იყო სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურე. კასატორი არ ეთანხმება კადრების განკარგულებაში გადაყვანის შემდგომ მის თანამდებობიდან განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის დროს მისი კვალიფიკაციის შესაბამისი სამოქალაქო თანამდებობის შეთავაზება არ მომხდარა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. კასატორი მიუთითებს სამინისტროში ამგვარი არაერთი თანამდებობის არსებობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნის გაზრდის გამო გ. კ-ის თანამდებობა გაუქმებულად ითვლება, რა დროსაც სამსახურიდან განთავისუფლება დაშვებულია კანონმდებლობით. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011წ. N583 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი“, რომელიც ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, ითვალისწინებს მოსამსახურის განთავისუფლებას შესაბამისი თანამდებობიდან და კადრების განკარგულებაში გადაყვანას სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას, მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას (წესის 13.1 მუხ.). შესაბამისად გასაჩივრებული აქტის კანონსაწინააღმდეგობა არ იქნა დადგენილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამსახურიდან განთავისუფლების უკანონობის დადგენა სამსახურში აღდგენის წინაპირობაა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება. საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. კ-თან მიმართებით ადგილი არ ჰქონია დაუსაბუთებლად და თვითნებურად სამსახურიდან განთავისუფლებას. საქმის მასალებით დასტურდება საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ცალკეული სამედიცინო ბატალიონის რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. აგრეთვე რეორგანიზაციის შედეგად გ. კ-ის გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესება, რასაც კასატორი ვეღარ აკმაყოფილებდა. დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაცია მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში ქმნიდა, თუ მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამისი საშტატო ერთეული გაუქმდებოდა. საშტატო ერთეული გაუქმებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ფუნქციური დატვირთვით ამგვარი თანამდებობა აღარ არსებობს და ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრება სხვა უფლება-მოვალეობები და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული (სუსგ 19.09.2017წ. №ბს-388-385(კ-17)). განსახილველ შემთხვევაში სახეზეა როგორც სამსახურის რეორგანიზაცია სამედიცინო ბატალიონში არსებული შტატების შემცირებით, ისე კონკრეტულ თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნის გაზრდა. ამდენად, არ დასტურდება გ. კ-ის შრომითი უფლებების უკანონო და დაუსაბუთებელი შეზღუდვა. გ. კ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანას გააჩნდა შესაბამისი საფუძველი, სამსახურის რეორგანიზაცია, ხოლო კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამედიცინო ბატალიონის საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებულ რომელიმე თანამდებობასთან შესაბამისობას თავად კასატორიც არ მიუთითებს.

კასატორის მოსაზრებები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დეკლარირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის თაობაზე დაუსაბუთებელია, ვინაიდან მითითებული უფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა რიგს, ხოლო თავდაცვის მინისტრი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, განახორციელოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება, რაც, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ეფექტური ფუნქციონირებისათვის, კონკრეტული გადაადგილების მიზანშეწონილობაზე მითითებით უნდა განხორციელდეს, საჯარო სამსახურის პრინციპების შესაბამისად. მოხელის კადრების განკარგულებაში გადაყვანა უნდა ემსახურებოდეს მოხელისთვის სხვა თანამდებობის შერჩევის მიზანს ისე, რომ ახალი თანამდებობის შერჩევისას გათვალისწინებული იქნეს როგორც დამსაქმებლის საჯარო სამსახურის ეფექტურობის საერთო ინტერესები, ასევე თავად მოსამსახურის კვალიფიკაცია, განათლება და შრომითი უნარები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 30.09.2016წ. №1/4/614,616 გადაწყვეტილება §21).

კასატორი მიუთითებს მისი კადრების განკარგულებაში ყოფნისას სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობის არსებობის თაობაზე. საქმის მასალებით დგინდება საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ცალკეულ სამედიცინო ბატალიონში ისეთი სამოქალაქო თანამდებობების ვაკანტურობა, როგორიცაა: მაგ.: ექიმი ქირურგი, მედდა, ზოგადი ქირურგი. მძღოლი, ელექტრიკოსი და ა.შ. (ტ.1.ს.ფ.163), გ. კ-ი არ მიუთითებს, რომ გააჩნია აღნიშნული თანამდებობიდან რომელიმესთან შესაბამისი კვალიფიკაცია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს საკითხზე საკასაციო პალატის მიერ დადგენილ პრაქტიკას (სუსგ 19.09.2017წ. №ბს-388-385(კ-17)).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს გ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი