Facebook Twitter

#ბს-292(2k-19) 4 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 20 ივნისს ნ. თ-ემ და დ. ჭ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელეებმა ნ. თ-ის გათავისუფლების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 20 მაისის N DES 1 16 00000716 ბრძანებისა და დ. ჭ-ას გათავისუფლების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 20 მაისის N DES 2 16 00000717 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ნ. თ-ისა და დ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის N DES 1 16 00000716 ბრძანება ნ. თ-ის განთავისუფლების შესახებ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის N DES 2 16 00000717 ბრძანება დ. ჭ-ას განთავისუფლების შესახებ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალა მოსარჩელეების საქმესთან დაკავშრებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტების გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე ნ. თ-ემ და დ. ჭ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ნ. თ-ის, დ. ჭ-ას და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. თ-ე და დ. ჭ-ა დანიშნულნი იყვნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების ...ის თანამდებობებზე. შესაბამისად, მათზე, როგორც საჯარო მოსამსახურეებზე, ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთათვის დაკისრებულ მოვალეობას წარმოადგენდა ...ის განხორციელება, რაც მიზნად ისახავდა სამართალდარღვევათა გამოვლენას და მათ პრევენციას, აღნიშნული ღონისძიებანი მიმართული იყო გარემოსდაცვითი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებისაკენ.

სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო საქვეუწყებო დეპარტამენტის დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელდა კონტროლი ნ. თ-ისა და დ. ჭ-ას სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებაზე. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, 2016 წლის 22 აპრილს, გაჩერებულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ძარაზეც განთავსებული იყო ხის მასალა. ნ. თ-ის თხოვნით, დ. ჭ-ამ გაუშვა ავტოსატრანსპორტო საშუალება და მიჩნეულ იქნა, რომ გადამზიდავს გააჩნდა სრულყოფილი დოკუმენტაცია. მოგვიანებით, ნ. თ-ისა და დ. ჭ-ას უშუალო უფროსის დავალებით, აღნიშნული ტრანსპორტი კვლავ გააჩერეს და გადაიყვანეს შემოსავლების სამსახურში, სადაც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მასზედ, რომ საქონლის ტრანსპორტირებისას უფლებამოსილ პირს არ გაააჩნდა სასაქონლო ზედნადები. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ნ. თ-ემ და დ. ჭ-ამ არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვლეობა - არ გამოავლინეს რეალურად არსებული სამართალდარღვევა, აღნიშნული კი, მათ მიმართ ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენების საფუძველი გახდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის #204 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს – სამმართველოს თანდართული ტიპური დებულების“ 1.1 მუხლის თანახმად, სამმართველო არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო. ამავე დებულების 4.2 მუხლის „ზ“, თ“, „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში სამმართველო ვალდებულია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები; უზრუნველყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი; უზრუნველყოს რეგულირების ობიექტებისა და მოქალაქეების კანონიერი უფლებების დაცვა. დებულების 6.1 მუხლის თანახმად, სამმართველო თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით, ხოლო 6.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამმართველოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს განეკუთვნება გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილება. ამავე დებულების 7.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების ძირითადი კომპეტენციაა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, მათი გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის #61 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ შესაბამისად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ხელისუფლებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის გზით გარემოს დაცვის სფეროში კონტროლის განხორციელების ვალდებულება, არის ზოგადი ხასიათის. იგი უშუალოდ არ მიუთითებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა კანონისმიერი ვალდებულების არსებობაზე - მოახდინონ სავარაუდო საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტზე ინფორმაციის მიწოდება კომპეტენტური ორგანოსათვის - სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის. აუცილებელია დამატებითი ინსტრუქციის, მითითების არსებობა, რომელიც ცხადყოფს კონკრეტულ საკითხში ადმინისტრაციულ ორგანოთა კონტროლის განხოციელებას, ურთიერთთანამშრომლობის გზით. სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ საქმეს არ ერთვის წერილობითი დოკუმენტი, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთდახმარების ვალდებულებას უნდა ასახავდეს, სზაკ-ის მე-16 მუხლიდან გამომდინარე, რომელიც ადგენს ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულებას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მის ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი სამართლებრივი დახმარება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის დახმარების გასაწევად, აუცილებელია შესაბამისი წერილობითი თხოვნა ან რაიმე დოკუმენტის არსებობა, რაც განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოხელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა მისი სამსახურიდან განთავისუფლების წინაპირობას წარმოადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაცდომა განეკუთვნება უხეშ დარღვევას. შესაბამისად, ყოველ ასეთ შემთხვევაში შეფასებულ უნდა იქნეს გადაცდომის ხასიათი, გადაცდომის შედეგად დამდგარი ან მოსალოდნელი ზიანის ფარგლები. დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 20 მაისის ბრძანებები ნ. თ-ისა და დ. ჭ-ას განთავისუფლების შესახებ და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეებთან მიმართებაში, კანონით დადგენილ ვადაში. ახალი ადმინსტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დაასაბუთოს, თუ რა სამართლებრივი ნორმების, შიდა ინსტრუქციების ან მითითებების საფუძველზე ეკისრებოდათ ნ. თ-ესა და დ. ჭ-ას საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისა და კომპეტენტური ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და აღნიშნულზე დაყრდნობით დაადგინონ, ადგილი ჰქონდა თუ არა მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას. ხოლო, აღნიშნული გარემოების დადგენის შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისა და შერჩეული ზომის აუცილებლობა.

რაც შეეხება მოსარჩელეების სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან, სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 20 მაისის ბრძანებები ნ. თ-ისა და დ. ჭ-ას განთავისუფლების შესახებ, საქალაქო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა მოსარჩელეთა კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენისა და აღდგენის თანმდევი იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ამ მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ნ. თ-ემ და დ. ჭ-ამ.

კასატორმა - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორებმა - ნ. თ-ემ და დ. ჭ-ამ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით ნ. თ-ისა და დ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.

კასატორი - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის #61 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-5 მუხლის შესაბამისად, რომლითაც გარემოსდაცვითი ზედამხდველობის დეპარტამენტს განსაზღვრული აქვს სახელმწიფო ხელისუფლებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის გზით გარემოს დაცვის სფეროში კონტროლის განხორციელების ვალდებულება, არის ზოგადი ხასიათის და იგი უშუალოდ არ მიუთითებს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანონისმიერი ვალდებულების არსებობაზე - მოახდინონ სავარაუდო საგადასახადო სამართალდარღევის ფაქტზე ინფორმაციის მიწოდება კომპეტენტური ორგანოსათვის, კონკერტულ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის. აუცილებელია დამატებითი ინსტრუქციის, მითითების არსებობა, რომელიც ცხადყოფს კონკრეტულ საკითხში ადმინსტრაციულ ორგანოთა კონტროლის განხორციელებას, ურთიერთთანამშრომლობის გზით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არასწორია, რადგან არ ემყარება სასამართლოში მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. ვინაიდან, ზოგადი ხასიათის უფლება ყოველთვის შეიცავს გარკვეულ, მისი შინაარსიდან გამომდინარე კონკრეტიკას და წარმოუდგენელია ვერ უთითებდეს კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელთა კანონისმიერი ვალდებულების არსებობაზე.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს ახსნა-განმარტება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროში მოქმედ, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოებს, კანონმდებლობით მათთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად და შედეგიანად შესრულების მიზნით ესაჭიროებათ და ვალდებული არიან ითანამშრომლონ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაეხმარონ და ხელი შეუწყონ მათ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებაში.

კასატორის მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 732 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას. კასატორის განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში არ დაურღვევია თანაბარზომიერების პრინციპი, დარღვევის ზომა და შეფარდებული პასუხისმგებლობის ზომა იყო ადეკვატური და პროპორციული, მოსარჩელეებმა არ გააცნობიერეს და შეგნებულად დაუშვეს საგადასახადო სფეროში მომხდარი გადაცდომის დაფარვა, რაც გამოიხატა შესაბამისი ორგანოებისათვის მათ ხელთ არსებული ინფორმაციის შეუტყობინებლობაში. ამასთანავე, უდავოა, რომ ამ ქმედებით ზიანი მიადგა როგორც მოსარჩელეთა პირად, ისე საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნ. თ-ის გათავისუფლების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 20 მაისის N DES 1 16 00000716 ბრძანებისა და დ. ჭ-ას გათავისუფლების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 20 მაისის N DES 2 16 00000717 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ნ. თ-ისა და დ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის N DES 1 16 00000716 ბრძანება ნ. თ-ის განთავისუფლების შესახებ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის N DES 2 16 00000717 ბრძანება დ. ჭ-ას განთავისუფლების შესახებ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალა მოსარჩელეების საქმესთან დაკავშრებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტების გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ნ. თ-ემ და დ. ჭ-ამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ნ. თ-ის, დ. ჭ-ას და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ნ. თ-ემ და დ. ჭ-ამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებებით ნ. თ-ისა და დ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი წარმოადგენს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. თ-ეს და დ. ჭ-ას დაკავებული ჰქონდათ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების ...ის თანამდებობები.

2016 წლის 28 აპრილს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსმა მ. მ-ემ NDES 416 00033155 მოხსენებითი ბარათით მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსს და მოახსენა, რომ 2016 წლის 22 აპრილს, დილის 09:54 საათზე მას ტელეფონზე დაუკავშირდა მოქალაქე ჯ. მ-ე, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ შეჩერებული ჰყავდათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რადგან მიჰქონდა ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). მის მიმართ არ გატარდა კანონით გათვალისწინებული მოქმედებები. აღნიშნული პიროვნება მ. მ-ის მიერ იქნა გაჩერებული და ავტომანქანა გადაყვანილი შემოსავლების სამსახურში. მოხსენებითი ბარათის ავტორი გამოთქვამდა ეჭვს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის შესახებ და ითხოვდა შემდგომ რეაგირებას.

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელდა ნ. თ-ის და დ. ჭ-ას სამსახურებრივი შემოწმება. შემოწმების შედეგებზე გამოიცა 2016 წლის 17 მაისის N DES 6 16 00041932 დასკვნა. დასკვნაში აღინიშნა, რომ ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ აჭარის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსს მ. მ-ეს, ამავე განყოფილების უფროს სპეციალისტებს ნ. თ-ეს, რ. თ-ეს, დ. ჭ-ას და ი. ა-ას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების ...ების ნ. თ-ის და დ. ჭ-ას მიმართ, სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - „სამსახურიდან განთავისუფლების“ გამოყენება, ხოლო ...ების რ. თ-ისა და ი. ა-ას მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - „გაფრთხილების“ გამოყენება.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 20 მაისის N DES 1 16 00000716 ბრძანებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების ...ი ნ. თ-ე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 20 მაისიდან. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 20 მაისის N DES 2 16 00000717 ბრძანებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების ...ი დ. ჭ-ა განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 20 მაისიდან. ორივე ბრძანების საფუძვლად მითითებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე, 53-ე მუხლები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 93-ე მუხლი, 99-ე მუხლის პირველი, მე-3 პუნქტები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2016 წლის 17 მაისის N DES 6 16 00041932 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის დასკვნა #19.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. თ-ე და დ. ჭ-ა სამსახურიდან განთავისუფლდნენ სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელისათვის. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა. თავის მხრივ, დისციპლინური გადაცდომისათვის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლით, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა; ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ნ. თ-ისა და დ. ჭ-ას მიერ გადაცდომის ჩადენა, რასაც არც თავად უარყოფენ ახსნა-განმარტებებში და განმარტავენ, რომ ქმედება ჩაიდინეს გაუცნობიერებლად, თხოვნის საფუძველზე, ყოველგვარი მატერიალური დაინტერესების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს ნ. თ-ისა და დ. ჭ-ას მიერ განხორციელებული ქმედებისათვის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შერჩეული პასუხისმგებლობის ზომა წარმოადგენს თუ არა ადეკვატურ ზომას.

ნ. თ-ე და დ. ჭ-ა დანიშნულნი იყვნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების ...ის თანამდებობებზე. მათზე დაკისრებულ მოვალეობას წარმოადგენდა ...ის განხორციელება, რაც მიზნად ისახავდა სამართალდარღვევათა გამოვლენას და მათ პრევენციას, აღნიშნული ღონისძიებანი მიმართული იყო გარემოსდაცვითი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებისაკენ.

საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ სატრასპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც კონტროლის მიზნით იქნა გაჩერებული, გააჩნდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი. ავტომანქანის გაჩერების შედეგად ასევე დადასტურდა, რომ საქონელი მოპოვებული იყო კანონიერი გზით, საქონელს არ გააჩნდა სასაქონლო ზედნადები, რაც წარმოადგენდა არა გარემოსდაცვითი კუთხით სამართალდარღვევას, არამედ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვლინდა საგადასახადო სამართალდარღვევა სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის სამეწარმეო მიზნით ტრასპორტირების გამო, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის განყოფილების თანამშრომლებმა 2016 წლის 25 მაისს შეადგინეს #159016 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მასზედ, რომ ა. მ-ე ახორციელებდა ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. გამოვლენილი სამართალდარღვევის გამო ა. მ-ე დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა საქონელი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის #61 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, დეპარტამენტი დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესაბამისი ლიცენზიებით, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, მათ შორის სახელმწიფო ტყის ფონდისა და დაცულ ტერიტორიებზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რეგულირების ობიექტებთან, საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მის ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი სამართლებრივი დახმარება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის დახმარების გასაწევად, აუცილებელია შესაბამისი წერილობითი თხოვნა ან რაიმე დოკუმენტის არსებობა, რაც განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ვალდებულებას მის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული, დასაბუთება კი პირველ რიგში გულისხმობს მტკიცებას იმისა, რომ გამოცემული აქტი არსებულ პირობებში წარმოადგენდა ყველაზე მეტად მისაღებ გადაწყვეტილებას და იგი სხვა გადაწყვეტილებაზე მეტად ამართლებდა კანონის მოთხოვნებს. ამასთანავე, ის გარემოება, რომ სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, არ გამოირცხავს კონკრეტული სახდელის შერჩევის დასაბუთების საჭიროებას.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ახალი ადმინსტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დაასაბუთოს, თუ რა სამართლებრივი ნორმების, შიდა ინსტრუქციების ან მითითებების საფუძველზე ეკისრებოდათ ნ. თ-ესა და დ. ჭ-ას საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისა და კომპეტენტური ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და აღნიშნულზე დაყრდნობით დაადგინონ, ადგილი ჰქონდა თუ არა მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას. ხოლო, აღნიშნული გარემოების დადგენის შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისა და შერჩეული ზომის აუცილებლობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი