Facebook Twitter

№ბს-202(კ-კს-19) 16 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 27 ივლისს ფ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აჭარის რეგიონული ოფისის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2003 წელს ქედის სამომხმარებლო კოოპერატივთან გააფორმა ხელშეკრულება ქედის რაიონის ...ში არსებულ ...ის შესყიდვაზე, რაზედაც არსებობს სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის გადაწყვეტილება და მიღება-ჩაბარების აქტები. მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრულად იქნა დაფარული. თავის დროზე ხელშეკრულება გაფორმებულ არ იქნა ნოტარიული წესით და არ იქნა დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ვინაიდან კოოპერატივს გააჩნდა დავალიანება ბიუჯეტის მიმართ და ყველა მისი ქონება დაყადაღებული იყო, რაც გამორიცხავდა ქონების გასხვისების რეგისტრაციას. 2017 წლის 21 მარტს ფ. კ-ის მიერ საჯარო რეესტრის სამსახურში წარდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია და მოთხოვნილ იქნა მის მიერ შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება. წარდგენილ დოკუმენტს ასევე ერთვოდა 2017 წლის 31 იანვარს ქედის სამომხმარებლო კოოპერატივსა და ფ. კ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება და ცნობა, რომელშიც კოოპერატივი ადასტურებდა გარიგების დადების და თანხის სრულად გადახდის ფაქტს. აღმოჩნდა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსს 2015 წელს გამოუცია ბრძანება №1/1-2245, რომლითაც ფ. კ-ის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით: 1. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირსა და მოსარგებლეს შორის ფორმის დაუცველად (ზეპირად ან წერილობით) დადებული გარიგების არსებობის ფაქტი დგინდება მხარეებს შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით, რომელზედაც მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობას ადასტურებს ნოტარიუსი. ეს მოქმედება განიხილება, როგორც გარიგების ხელახლა დადება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა ამ კანონით დადგენილი წესით დადებული გარიგება, ამდენად, საჯარო რეესტრის სამსახურს უნდა მოეთხოვა სახელმწიფოს სასარგებლოდ არსებული ჩანაწერის გაუქმება სააგენტოსგან, რადგან ეს ქონება კანონით დადგენილი წესით ჯერ კიდევ 2003 წელს იქნა გასხვისებული მაშინდელი მესაკუთრის, ქედის სამომხმარებლო კოოპერატივის მიერ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ფ. კ-ის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯაროს რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის ოფისის 2017 წლის 12 აპრილის №... გადაწყვტილებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის №1/1-2245 ბრძანების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის სამსახურის დავალდებულება მოახდინოს ფ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე - ქედა, ...ი „...ი“, ყოფილი ...ის ...ია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ფ. კ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაერთო ქედის მუნიციპალიტეტის მერია.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ფ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის №1/1-2245 ბრძანება ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელ ...ში, დასახლება „...ში“ მდებარე 668 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, საერთო ფართი - 282,82 კვ.მ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის №... გადაწყვეტილება ფ. კ-ის ნაწილში და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის ოფისის სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის №... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის ოფისს დაევალა განახორციელოს ფ. კ-ის საკუთრების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქედა, ...ი, ...ი ყოფილი ...ის ...ა, განცხადებაზე თანდართული ნახაზის მიხედვით – 88.55 კვ. მეტრი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. კ-ის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის ოფისის სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის №... გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის №... გადაწყვეტილებით ფ. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის ოფისის 2017 წლის 12 აპრილის №... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის №... გადაწყვეტილების და სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის №1/1-2245 ბრძანების ბათილად ცნობა. ამდენად, ფ. კ-ემ გამოიყენა საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა და ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა საჩივრით. საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემდგომ, სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა იმ აქტების ბათილად ცნობა, რომელიც მისი საკუთრების უფლებას ხელყოფდა. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განიხილა სასარჩელო მოთხოვნები ერთობლიობაში, შესაბამისად, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის №1/1-2245 ბრძანებაზე საჩივრის წარუდგენლობა ფ. კ-ის სარჩელის დასაშვებობის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენდა.

რაც შეეხება სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის №1/1-2245 ბრძანების კანონშესაბამისობას, აღნიშნულთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, „...ის“ დასახლებაში მდებარე 668 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, საერთო ფართი - 282,82 კვ.მ) სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის №1/1-2245 ბრძანება კანონის მოთხოვნათა დაუცველად იქნა გამოცემული, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის გამოცემისას სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საქმის გარემოებები, რასაც შედეგად კანონის მოთხოვნათა და მოსარჩელის უფლებათა უგულვებელყოფა მოჰყვა. კერძოდ: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის №1/1-2245 ბრძანებით, უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ბრძანების №1 დანართში მითითებულია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, დასახლება „...ში“ მდებარე 668 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, საერთო ფართი - 282,82 კვ.მ. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე (ს.კ: ...) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო ახორციელებს ქონების, მათ შორის, უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების, ასევე სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღებას ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. ამავე დებულების მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სადავო, 2015 წლის 24 ივნისის №1/1-2245 ბრძანების მიღებისას ყურადღების მიღმა დატოვა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ 2006 წლის 16 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტში, რომლითაც ქედის სამომხმარებლო კოოპერატივის თავმჯდომარემ კოოპერატივის წარმომადგენელთა კრების 2006 წლის 28 აპრილის №1 ოქმის საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებაში გადასცა დანართ №1-ში აღნიშნული ქონება, არ შედიოდა ფ. კ-ის მიერ ქედის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის 2003 წლის 24 მარტის დადგენილებით შესყიდული ...ის ...ის ნაწილი ფართი - 103.3 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. კ-ემ კანონიერად შეიძინა სადავო უძრავი ქონება, რაც გამორიცხავდა ამ ქონების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციას. პალატის მითითებით, მნიშვნელოვანია აგრეთვე ის გარემოება, რასაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2017 წლის 23 ივნისის №... გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ „რეგისტრაციის სამსახურში წარდგენილი, სააგენტოში დაცული და რეგისტრაციის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ურთიერთშჯერების საფუძველზე, რეგისტრაციის სამსახურში ფ. კ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტაცია, ნამდვილად იყო საკმარისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ხელი შეუშალა აღნიშნულ ქონებაზე სხვა უფლების (სახელმწიფოს) რეგისტრაციამ“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო ახორციელებს ქონების, მათ შორის, უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების, ასევე სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღებას ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. ამავე დებულების მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

კასატორის განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 23-ე მუხლი შეიცავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია. „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 24 ივნისის №1/1-2245 ბრძანებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია აკმაყოფილებდა მოქმედ კანონმდებლობას, არ ფიქსირდებოდა მესამე პირთა საკუთრების უფლება ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. უძრავი ქონება, რომელზეც არ არის გაცემული ან არ არსებობს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ წარმოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას.

კასატორის მითითებით, მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ სადავო უძრავი ქონება არასდროს არ ყოფილა ქედის სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრებაში, შესაბამისად, იგი ვერც გაასხვისებდა ამ ქონებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქედის სამომხმარებლო კოოპერატივის სისტემაში ეკონომიურად მიზანშეუწონელი ზედმეტი და გამოუყენებელი შენობა-ნაგებობების მოწყობილობებისა და სხვა ინვენტარის გაყიდვის თაობაზე შექმნილი კომისიის სხდომის 2003 წლის №1 ოქმით, დაკმაყოფილდა ფ. კ-ის თხოვნა ...ის ...ის ნაწილი ფართის შესყიდვის თაობაზე და ფ. კ-ეს აღნიშნული ფართი მიეყიდა კომისიის მიერ შეფასებულ ფასად - 2930 ლარად, იჯარა-გამოსყიდვის წესით, ერთი წლის ვადით.

ქედის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის 2003 წლის 24 მარტის დადგენილებით, დაკმაყოფილდა ქედის რაიონის ...ის მცხოვრებ ფ. კ-ის მოთხოვნა ობიექტის შესყიდვის თაობაზე. ...ის ...ის ნაწილი ფართი 103.3 კვ.მ შენობა-ნაგებობა ფ. კ-ეს მიეყიდა კომისიის მიერ შეფასებულ ფასად - 2930 ლარად, იჯარა-გამოსყიდვის წესით, ერთი წლის ვადით.

ქედის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობასა და ფ. კ-ეს შორის 2003 წლის 1 ივლისს გაფორმდა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება ...ის ...ის იჯარა-გამოსყიდვის წესით გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად, მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე ქონების იჯარა-გამოსყიდვის უფლებით იღებს ორგანიზაციის ბალანსზე რიცხულ ...ის ...ას, მის ნაწილ ფართს - 103.3 კვ.მ-ს. ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით და მისი მოქმედება განისაზღვრა 2003 წლის 1 ივლისიდან 2004 წლის 1 აგვისტომდე.

ფ. კ-ეს 2003 წლის 3 ივლისის ხელშეკრულებითა და კოოპერატივის რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ...ის ...ის გამოსყიდვის თანხა 2930 ლარი, გადახდილი აქვს სრულად, აღნიშნული ობიექტი არ ირიცხება კოოპერატივის ბალანსზე.

2017 წლის 31 იანვრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ფ. კ-ემ იყიდა ქედის სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, ქედის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე ...ის ნაწილი 88.55 კვ.მ ფართი, ხელშეკრულებას თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. მყიდველის მიერ შეძენილი ფართის ღირებულება სრულად არის გადახდილი, რაზეც ქედის სამომხმარებლო კოოპერატივს არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. მხარეთა ხელმოწერების სინამდვილე დამოწმებულია სანოტარო წესით.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის №1/1-2245 ბრძანებით, უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ბრძანების №1 დანართში მითითებულია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, დასახლება „...ში“ მდებარე 668 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, საერთო ფართი - 282,82 კვ.მ. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე (ს.კ: ...) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

საკასაციო სასამართლო, საქმის გარემოებების ანალიზიდან გამომდინარე, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სადავო 2015 წლის 24 ივნისის №1/1-2245 ბრძანების მიღებისას არ გამოიკვლივია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, ყურადღების მიღმა დატოვა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ 2006 წლის 16 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტში, რომლითაც ქედის სამომხმარებლო კოოპერატივის თავმჯდომარემ კოოპერატივის წარმომადგენელთა კრების 2006 წლის 28 აპრილის №1 ოქმის საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებაში გადასცა დანართ №1-ში აღნიშნული ქონება, არ შედიოდა ფ. კ-ის მიერ ქედის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის 2003 წლის 24 მარტის დადგენილებით შესყიდული ...ის ...ის ნაწილი ფართი 103.3 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ ფ. კ-ეს კანონიერად შეძენილი სადავო ქონება საკუთრებაში არ ჰქონდა რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტში, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს მოპოვებული კერძო საკუთრების უფლების ხელყოფა, მისი ჩამორთმევა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი