Facebook Twitter

№ბს-202(კ-კს-19) 16 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (შუამდგომლობის ავტორები) - რ., რო. და ვ. თ-ეები

მოწინააღმდეგე მხარე - ფ. კ-ე

მესამე პირი - ქედის მუნიციპალიტეტის მერია

სარჩელზე მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; აჭარის რეგიონული ოფისი; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - საქმეში მესამე პირად ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 27 ივლისს ფ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აჭარის რეგიონული ოფისის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2003 წელს ქედის სამომხმარებლო კოოპერატივთან გააფორმა ხელშეკრულება ქედის რაიონის ...ში არსებულ ...ის შესყიდვაზე, რაზედაც არსებობს სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის გადაწყვეტილება და მიღება-ჩაბარების აქტები. მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრულად იქნა დაფარული. თავის დროზე ხელშეკრულება გაფორმებულ არ იქნა ნოტარიული წესით და არ იქნა დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ვინაიდან კოოპერატივს გააჩნდა დავალიანება ბიუჯეტის მიმართ და ყველა მისი ქონება დაყადაღებული იყო, რაც გამორიცხავდა ქონების გასხვისების რეგისტრაციას. 2017 წლის 21 მარტს ფ. კ-ის მიერ საჯარო რეესტრის სამსახურში წარდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია და მოთხოვნილ იქნა მის მიერ შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება. წარდგენილ დოკუმენტს ასევე ერთვოდა 2017 წლის 31 იანვარს ქედის სამომხმარებლო კოოპერატივსა და ფ. კ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება და ცნობა, რომელშიც კოოპერატივი ადასტურებდა გარიგების დადების და თანხის სრულად გადახდის ფაქტს. აღმოჩნდა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსს 2015 წელს გამოუცია ბრძანება №1/1-2245, რომლითაც ფ. კ-ის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით: 1. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირსა და მოსარგებლეს შორის ფორმის დაუცველად (ზეპირად ან წერილობით) დადებული გარიგების არსებობის ფაქტი დგინდება მხარეებს შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით, რომელზედაც მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობას ადასტურებს ნოტარიუსი. ეს მოქმედება განიხილება, როგორც გარიგების ხელახლა დადება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა ამ კანონით დადგენილი წესით დადებული გარიგება, ამდენად, საჯარო რეესტრის სამსახურს უნდა მოეთხოვა სახელმწიფოს სასარგებლოდ არსებული ჩანაწერის გაუქმება სააგენტოსგან, რადგან ეს ქონება კანონით დადგენილი წესით ჯერ კიდევ 2003 წელს იქნა გასხვისებული მაშინდელი მესაკუთრის, ქედის სამომხმარებლო კოოპერატივის მიერ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ფ. კ-ის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის №...გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯაროს რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის ოფისის 2017 წლის 12 აპრილის №... გადაწყვტილებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის №1/1-2245 ბრძანების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის სამსახურის დავალდებულება მოახდინოს ფ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე - ქედა, ...ი „...ი“, ყოფილი ...ის ...ა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ფ. კ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაერთო ქედის მუნიციპალიტეტის მერია.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ფ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის №1/1-2245 ბრძანება ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელ ...ში, დასახლება „...ში“ მდებარე 668 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, საერთო ფართი - 282,82 კვ.მ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის №... გადაწყვეტილება ფ. კ-ის ნაწილში და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის ოფისის სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის №... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის ოფისს დაევალა განახორციელოს ფ. კ-ის საკუთრების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქედა, ...ი, ...ი ყოფილი ...ის ...ა, განცხადებაზე თანდართული ნახაზის მიხედვით – 88.55 კვ. მეტრი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბერს შუამდგომლობით მიმართა რ., რო. და ვ. თ-ეების წარმომადგენელმა ნ. ბ-ემ, რომელმაც მითითებული პირების საქმეში მე-3 პირად ჩაბმა მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა რ., რო. და ვ. თ-ეების ბაბუის - ა. თ-ის საკუთრებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით რ., რო. და ვ. თ-ეების წარმომადგენლის ნ. ბ-ის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად ჩართვის თაობაზე, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმეში მესამე პირად ჩართვის საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე. შესაბამისად, დაინტერესებულმა პირმა, რომლის ინტერესსაც საქმეში მესამე პირად ჩაბმა წარმოადგენს, სასამართლოს სწორედ მთავარი სხდომის დამთავრებამდე უნდა მიმართოს.

პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2018 წლის 24 ოქტომბერს. რ., რო. და ვ. თ-ეების წარმომადგენელმა კი საქმეში მესამე პირებად ჩართვის შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბერს მიმართა. ამდენად, სააპელაციო სასამართლო აღარ იყო უფლებამოსილი განეხილა მოცემული შუამდგომლობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს რ., რო. და ვ. თ-ეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შუამდგომლობის განხილვა, ხელვაჩაურის რაიონული და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმება და რაიონული სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მათი ბაბუის - ა. თ-ის საკუთრებას, რომელიც 1973 წელს რეპრესირებულ იქნა, კერძოდ, მას მიესაჯა დახვრეტა ქონების კონფისკაციით, ასევე მას ჩამოერთვა 2 ჰა მიწის ნაკვეთი, მათ შორის სადავო მიწის ნაკვეთი. იგი ამჟამად რეაბილიტირებულია, მაგრამ საკუთრების ნაწილი მის მემკვიდრეებზე არ არის დაბრუნებული. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობის შესაბამისად, რ., რო. და ვ. თ-ეებს გადაცემული აქვთ ფლობის ნებართვა სადავო მიწის ნაკვეთზე. მათთვის ცნობილი არ იყო ფ. კ-ის მიერ აღძრული სასამართლო დავის შესახებ. ამ მიზნით ისინი მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას მიემართათ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მესამე პირად ჩართვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით რ., რო. და ვ. თ-ეების კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ., რო. და ვ. თ-ეების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2018 წლის 24 ოქტომბერს. რ., რო. და ვ. თ-ეების წარმომადგენელმა კი საქმეში მესამე პირებად ჩართვის შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბერს მიმართა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლო აღარ იყო უფლებამოსილი განეხილა აღნიშნული შუამდგომლობა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების შუამდგომლობას საქმეში მესამე პირად ჩართვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე,Oოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლოს გააჩნია, როგორც უფლებამოსილება, ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.

მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მესამე პირებს დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა კი ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაცილ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია ფ. კ-ის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯაროს რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის ოფისის 2017 წლის 12 აპრილის №... გადაწყვტილებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის №1/1-2245 ბრძანების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის სამსახურის დავალდებულება მოახდინოს ფ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე - ქედა, ...ი „...ი“, ყოფილი ...ის ...ა.

კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, სადავო უძრავი ნივთი მათი ბაბუის - ა. თ-ის საკუთრება იყო, რომელიც 1973 წელს რეპრესირებული იქნა და მას მიესაჯა დახვრეტა ქონების კონფისკაციით, ასევე მას ჩამოერთვა 2 ჰა მიწის ნაკვეთი, მათ შორის სადავო მიწის ნაკვეთი. იგი ამჟამად რეაბილიტირებულია. ფ. კ-ის საკუთრებაში სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემის შემთხვევაში შეილახება მათი უფლებები, რადგან გაძნელდება სადავო ქონების დაბრუნება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქედის სამომხმარებლო კოოპერატივის სისტემაში ეკონომიურად მიზანშეუწონელი ზედმეტი და გამოუყენებელი შენობა-ნაგებობების მოწყობილობებისა და სხვა ინვენტარის გაყიდვის თაობაზე შექმნილი კომისიის სხდომის 2003 წლის №1 ოქმით, დაკმაყოფილდა ფ. კ-ის თხოვნა ...ის ...ის ნაწილი ფართის შესყიდვის თაობაზე.

ქედის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის 2003 წლის 24 მარტის დადგენილებით, დაკმაყოფილდა ქედის რაიონის ...ის მცხოვრებ ფ. კ-ის მოთხოვნა ობიექტის შესყიდვის თაობაზე. ...ის ...ის ნაწილი ფართი 103.3 კვ.მ შენობა-ნაგებობა ფ. კ-ეს მიეყიდა კომისიის მიერ შეფასებულ ფასად - 2930 ლარად, იჯარა-გამოსყიდვის წესით, ერთი წლის ვადით.

ქედის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობასა და ფ. კ-ეს შორის 2003 წლის 1 ივლისს გაფორმდა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება ...ის ...ის იჯარა-გამოსყიდვის წესით გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად, მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე ქონების იჯარა-გამოსყიდვის უფლებით იღებს ორგანიზაციის ბალანსზე რიცხულ ...ის ...ას, მის ნაწილ ფართს - 103.3 კვ.მ-ს. ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით და მისი მოქმედება განისაზღვრა 2003 წლის 1 ივლისიდან 2004 წლის 1 აგვისტომდე.

ფ. კ-ეს 2003 წლის 3 ივლისის ხელშეკრულებითა და კოოპერატივის რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ...ის ...ის გამოსყიდვის თანხა 2930 ლარი, გადახდილი აქვს სრულად, აღნიშნული ობიექტი არ ირიცხება კოოპერატივის ბალანსზე.

2017 წლის 31 იანვრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ფ. კ-ემ იყიდა ქედის სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, ქედის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე ...ის ნაწილი - 88.55 კვ.მ ფართი, ხელშეკრულებას თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. მყიდველის მიერ შეძენილი ფართის ღირებულება სრულად არის გადახდილი, რაზეც ქედის სამომხმარებლო კოოპერატივს არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. მხარეთა ხელმოწერების სინამდვილე დამოწმებულია სანოტარო წესით.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის №1/1-2245 ბრძანებით, უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ბრძანების №1 დანართში მითითებულია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, დასახლება „...ში“ მდებარე 668 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, საერთო ფართი - 282,82 კვ.მ. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე (ს.კ: ...) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებასთან მიმართებით, მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილეებს კერძო საჩივრის ავტორები არ წარმოადგენენ. საქმეში არსებული მასალებიდან არ დასტურდება სადავო უძრავ ქონებაზე მათი საკუთრების უფლება და ამ დავის ფარგლებში საკუთარი კანონით დაცული, რეალურ ინტერესთა დაცვის სამართლებრივი პერსპექტივები.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ტერმინი „სამართალურთიერთობა“ არ უნდა იქნეს ფორმალურად განმარტებული. სამართალურთიერთობაში მონაწილეობასთან ერთად მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს კანონით დაცული უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესებისადმი რეალური შემხებლობის არსებობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ დავაში რ., რო. და ვ. თ-ეების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად მესამე პირად ჩაბმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რის გამოც რ., რო. და ვ. თ-ეების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ., რო. და ვ. თ-ეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი