Facebook Twitter

№ბს-233(კ-19) 16 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 5 ივლისს გ. ი-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, შ. ჯ-ას და ნ. მ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, წლების მანძილზე ფლობდა ქ.სამტრედიაში, ...ის ქ. №28-ში მდებარე მიწის ნაკვეთს. მიუხედავად ამისა, 1547.65 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით გადასცეს შ. ჯ-ას, ხოლო ამავე მისამართზე მდებარე 275 კვ.მ მიწის ნაკვეთი - ნ. მ-ს. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხეებზე მიწის ნაკვეთის გადაცემა მოხდა კანონდარღვევით, რადგან ისინი სადავო მიწის ნაკვეთებს არ ფლობდნენ, არ არსებობს მტკიცებულება სადავო მიწის ნაკვეთის მოპასუხეების მიერ ფლობის შესახებ. 275 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არასწორად იქნა ჩატარებული აუქციონი, ვინაიდან, საპრივატიზაციო ნუსხაში ამ ნაკვეთის შეტანის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა გასული არ იყო. აუქციონი ჩატარდა იმ დროს, როცა პრივატიზაციის საკითხი იხილებოდა ადმინისტრაციულ ორგანოში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 ნოემბრის №50 გადაწყვეტილების, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის №3841 განკარგულების 2.1. პუნქტის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 4 აპრილის №37426 ბრძანების 1.5 პუნქტის, აუქციონის და 2017 წლის 2 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2017 წლის 31 ივლისს გ. ი-ემ დააზუსტა სარჩელი, სადაც მოპასუხეებად დაასახელა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხოლო შ. ჯ-ა და ნ. მ-ი მიუთითა მესამე პირებად და მოითხოვა: სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 ნოემბრის №50 გადაწყვეტილების, ასევე სამტრედიაში, ...ის ქუჩის 275 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის №3841 განკარგულების 2.1. პუნქტისა და სამტრედიაში, ...ის ქუჩის 275 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 4 აპრილის №37426 ბრძანების 1.5. პუნქტის, ასევე 20/04/2017-27/04/2017წ. ჩატარებული აუქციონისა და 2017 წლის 2 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შ. ჯ-ა და ნ. მ-ი.

2017 წლის 11 ოქტომბერს გ. ი-ემ კვლავ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც საბოლოოდ მოითხოვა: სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აგვისტოს №83 განკარგულების არარად აღიარება, ასევე ქ. სამტრედიაში, ...ის ქ. №28-ში მდებარე 1547,65 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შ. ჯ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 ნოემბრის №50 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქ. სამტრედიაში, ...ის ქუჩაზე მდებარე 275 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საპრივატიზაციო ობიექტად განსაზღვრის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის №3841 განკარგულების 2.1. პუნქტის ბათილად ცნობა, ელექტრონულ აუქციონზე ქ. სამტრედიაში, ...ის ქუჩაზე მდებარე 275.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საგარანტიო თანხად მისი საწყისი საპრივატიზაციო საფასურის 100%-ის ოდენობით განსაზღვრის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 4 აპრილის №37426 ბრძანების 1.5 პუნქტის ბათილად ცნობა, 2017 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 27 აპრილამდე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული ელექტრონული აუქციონის ბათილად ცნობა, ნ. მ-ის მიერ ელექტრონულ აუქციონზე ...ის ქუჩაზე მდებარე 275 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და ნ. მ-ს შორის 2017 წლის 2 მაისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობდა, სარგებლობდა ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი. კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი: ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული; გ) თვითნებურად დაკავებული. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განსაზღვრულია თვითნებურად დაკავებული მიწა, როგორც – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის (მოსარჩელის) ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს - შ. ჯ-ას საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის შ. ჯ-ას განცხადების თავიდან განსახილველად დაბრუნების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აგვისტოს №83 განკარგულების არარად აღიარება და სამტრედიაში, ...ის ქუჩის №28-ში მდებარე 1547.65 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შ. ჯ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 ნოემბრის №50 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის გადაწყვეტილებაზე დაუშვებელია საჩივრის შეტანა ზემდგომ ორგანოში (საკრებულოში) და კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება მხოლოდ სასამართლოში (ზაკ-ის 161-ე მუხლი). ამ თვალსაზრისით სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აგვისტოს №83 განკარგულება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ. ჯ-ას საჩივარი, გაუქმდა მიწის ნაკვეთებზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 24 ივნისის №25 გადაწვეტილება და შ. ჯ-ას განცხადება თავიდან განსახილველად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ეტაპიდან დაუბრუნდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, არის არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რადგანაც გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ (ზაკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის იურიდიული ინტერესი, იღიაროს საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე კომისიაზე კვლავ მიმართვის გზით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან, მოცემული სარჩელის ფორგლებში შეუძლებელია სადავო აქტის არარად ცნობის შემთხვევაშიც მოსარჩელის (აპელანტის) სასარგებლო შედეგის მიღწევა. პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლო სხდომაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი ..., ..., ..., ... და ... საკადასტრო კოდების სიტუაციური ნახაზით ირკვევა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 10.11.2011წ. №50 გადაწყვეტილებით შ. ჯ-აზე აღიარებული (ს/კ ...) მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არ მდებარეობს ი-ეების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). ი-ეების მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს აუქციონზე ნ. მ-ის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „მიწის ნაკვეთის ერთობლივად თვითნებურად დაკავების შემთხვევაში, განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ-ერთი თვითნებურად დამკავებლის მიერ. ასეთ შემთხვევაში, კომისია იხილავს მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის და სხვა შესაბამისი პირის (პირების) საერთო საკუთრების უფლების აღიარების საკითხს.“ პალატის მითითებით, დადგენილია, რომ 11.10.2010წ. ნ. ი-ემ განცხადებით მიმართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მოითხოვა მათი საცხოვრებელი ეზოს მოსაზღვრედ არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკანონება, რაზედაც სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 19.11.2010წ. №51 გადაწყვეტილებით ამ უკანასკნელს (ნ. ი-ეს) ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან წარდგენილი დოკუმენტებით არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მხარეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, პალატის აზრით, მას შემდეგ, რაც 2010 წლის 11 ოქტომბერს ნ. ი-ემ განცხადებით მიმართა რა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღირება, რაზედაც 2010 წლის 19 ნოემბერს №51 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი, იგივე სამართლებრივი საფუძვლით არ ჰქონდა უფლება მისსავე კომლის სხვა წევრს - გ. ი-ეს კვლავ მოეთხოვა იმავე ნაკვეთის აღიარება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახეზე იქნებოდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-19 მუხლის თანახმად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. განსახილველ შემთხვევაში კი, პალატის მოსაზრებით, ასეთი გარემოებანი არ არსებობდა.

რაც შეეხება აპელანტის დანარჩენ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან მიმართებაში განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბერის №669 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა თბილისის ქონებისა) პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge. ამავე დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) აუქციონატორის დასახელებას; ბ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას; გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი; საპრივატიზაციო ობიექტის საწყის საპრივატიზებო საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ვ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს; ზ) ელექტრონული აუქციონის პირობებს (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) აუქციონატორის საკონტაქტო ინფორმაციას; კ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტს. ამავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულოა: ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები); ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება; გ) პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონის პირობების გაცნობა; დ) საბანკო დაწესებულების მეშვეობით, აგრეთვე, ინტერნეტბანკინგის, საბანკო პლასტიკური ბარათისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად). 3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ლოტის პრივატიზებისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს/გაააქტიუროს (ელექტრონულად) ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტისათვის ცალ-ცალკე. 4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება, უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტების მოთხოვნები. აღნიშნული დადგენილების მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისა და საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატების შემთხვევაში, იძენს ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსს. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ გ. ი-ე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამის ვებგვერდზე არ დარეგისტრირებულა, შესაბამისად, ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსი მას არ შეუძენია და ელექტრონული აუქციონის ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობისას მონაწილეობა არ მიუღია, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ასევე სამტრედია, ...ის ქუჩაზე მდებარე 275 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რაიმე უფლების დამადასტრებელი მტკიცებულება, რაც აქცევდა მას დაინტერესებულ პირად ედავა აუქციონის ჩატარების მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ჩატარებული აუქციონის და აუქციონზე გამარჯვებულ ნ. მ-თან სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებაზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარემ ვერ დაასაბუთა თუ რა იურიდიული ინტერესი გააჩნია მას სადავო აქტების მიმართ, ამასთან, მოცემული სარჩელის ფარგლებში შეუძლებელია სადავო აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში მოსარჩელის სასარგებლო სამართლებრივი შედეგის მიღწევა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-ემ, რომლემაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ზაკ-ის 158-161-ე მუხლები, რადგან კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის გადაწყვეტილებაზე დაუშვებელია საჩივრის შეტანა, იგი საჩივრდება მხოლოდ სასამართლოში, თანახმად ზაკ-ის 161-ე მუხლისა. იგივეა მითითებული საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლში და ზაკ-ის 102-ე მუხლში. საკრებულო არ იყო უფლებამოსილი განეხილა შ. ჯ-ას საჩივარი კომისიის 24 ივნისის გადაწყვეტილებაზე და ახალი აქტით მისთვის მიეცა სადავო ნაკვეთი. კომისიაში არ შესულა ჯ-ას ახალი განცხადება და ახალი მტკიცებულებები, რომლებიც ცვლიდა ჯ-ას სასარგებლოდ ფაქტობრივ გარემოებებს. არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი რაიმე გარემოება ჯ-ას სასარგებლოდ. სადავო აქტი ჯ-ას შეეძლო გაესაჩივრებინა არა საკრებულოში, არამედ სასამართლოში. 2011 წლის 29 აგვისტოს განკარგულება ზაკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, არის არარა აქტი, რადგან ამ აქტით საკრებულო შეიჭრა სასამართლო ხელისუფლების ფუნქციაში.

კასატორის მითითებით, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება არარა აქტია, მაგრამ მიიჩნია თითქოს არ არსებობს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რადგან სადავო ნაკვეთი არ არის ი-ეების მომიჯნავე, რაც არასწორია. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელოვნურად გაყო 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საიდანაც ნაწილი მიაკუთვნა შ.ჯ-ას არარა აქტით, ხოლო მეორე ნაწილი ასევე არასწორად გაიტანა აუქციონზე. სასამართლომ გვერდი აუარა საქმის იმ მასალებს, რომელთა მიხედვით მიწის ნაკვეთზე არსებობდა დავა ი-ესა და ჯ-ას შორის.

სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისთვის ფლობდა ნაკვეთს. სასამართლომ გვერდი აუარა და არ შეაფასა საქმეში არსებულ ნოტარიალურად დადასტურებულ მეზობლების განცხადებას, რომლის მიხედვით მოსარჩელის ოჯახი ფლობდა სადავო ნაკვეთს და იგი შ.ჯ-ამ იძულებით გამოაძევა იქედან.

კასატორის მითითებით, მეორე სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მსგავს საქმეზე უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით, საქმე №ბს-596-585(კ-12), რომლის მიხედვით „მერია არ იყო უფლებამოსილი მიეღო სადავო აქტი… აღნიშნული ბრძანებულება არ განსაზღვრავდა თანხმობის არარსებობას პირობებში განცხადების გადაწყვეტის სამართლებრივ შედეგს. პირთა შორის კონფლიქტის გადაწყვეტა სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციურ ფუნქციას წარმოადგენს და მმართველობით ორგანოებს, გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა, სადავო საკითხების გადაწყვეტის კომპეტენცია არ გააჩნიათ“.

კასატორის განმარტებით, სასამართლო აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ აღიარების კომისიამ სადავო ნაკვეთის გადაცემაზე უარი უთხრა მოსარჩელის შვილს ნ. ი-ეს, რომელიც მას არ გაუსაჩივრებია და ამის შემდეგ თითქოს მის დედას აღარ ჰქონდა უფლება მოეთხოვა იმავე ნაკვეთის აღიარება. ასეთი აკრძალვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ამასთან, სასამართლო ასცდა დავის საგანს. სადავო ნაკვეთი არასწორად განიკარგა ჯ-აზე და მემანიშვილზე ადმინისტრაციული აქტებით და ამ აქტების კანონიერება არის დავის საგანი. ამ აქტების გაუქმების გარეშე მოსარჩელეს არ ექნება შესაძლებლობა საკუთრების აღიარება მოითხოვოს სადავო ნაკვეთზე, რომელიც მისი მომიჯნავე იყო ხელოვნურად გაყოფამდე.

კასატორის მოსაზრებით, საქმის არსს არ ცვლის ის გარემოება, რომ მის შვილს ნ. ი-ეს უარი ეთქვა სადავო ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარებაზე, რამდენადაც ამის შემდეგ იხილებოდა შ. ჯ-ას საკითხი, ამ ადმინისტრაციულ წარმოებაში უნდა მიეწვიათ მოსარჩელე ან თუნდაც მისი შვილი ნ. ი-ე. საქმეში არსებული მასალები, რომლებიც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ წარადგინა სასამართლოში შესაგებელზე, ადასტურებს მხარეთა შორის დავის არსებობას და ეს ცნობილი იყო ადმინისტრაციული ორგანოსთვის. მაშასადამე, მოსარჩელე და მისი ოჯახი დაინტერესებული პირია.

კასატორის მითითებით, მესამე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და გეგმა საკრებულოს შეეძლო განესაზღვრა გამგებლის წარდგინებით, რაც არ არსებობს. ეს საკითხი არ განხილულა საკრებულოს სხდომაზე. დარღვეულია აღნიშნული კოდექსის 26-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 ნაწილების მოთხოვნები, ასევე ზაკ-ის 115-121-ე მუხლების მოთხოვნები, 103-106-5 პრიმა მუხლების მოთხოვნები, რადგან არ ჩატარებულა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში.

კასატორის მითითებით, სასამართლო აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მოსარჩელეს არ მიუღია მონაწილეობა აუქციონში, რის გამოც თითქოს იგი არ არის დაინტერესებული პირი. ასევე, სადავო ნაკვეთი აუქციონზე გასხვისებამდე რეგისტრირებული იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებად და ეს რეგისტრაცია და რეგისტრაციის საფუძველი არ არის გასაჩივრებული, რის გამოც აუქციონისა და მისი შედეგების მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი იღიაროს სადავო ნაკვეთზე საკუთრების უფლება კომისიისათვის მიმართვის გზით, თითქოს მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ასცდა დავის საგანსა და მის საფუძველს, რაც კასატორის მოსაზრებით, არასწორია. კასატორის მითითებით, პრივატიზაციასა და აუქციონთან დაკავშირებით მიღებული აქტების გასაჩივრების ვადის გასვლამდე ანუ ამ აქტების ძალაში შესვლამდე გამოცხადდა და ჩატარდა აუქციონი. თუ ეს აქტები არ გასაჩივრდებოდა კანონით დადგენილ ვადაში, ამის შემდეგ შევიდოდა ისინი ძალაში და მხოლოდ მაშინ იქნებოდა აუქციონი სწორად ჩატარებული.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი ადრესატის მიმართ ძალაში შედის მისი ოფიციალური გაცნობით, მაგრამ რამდენადაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია მისი გასაჩივრების შესაძლებლობა და ვადა, დაუშვებელია მისი აღსრულება ამ ვადის გასვლამდე. ასეთ შემთხვევაში ორი ინტერესი უპირისპირდება ერთმანეთს - აქტის აღსრულების და უფლების დაცვის. სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს მართლმსაჯულების სისტემებში სასამართლოები ავტომატურად უპირატესობას ანიჭებენ უფლების დაცვის ინტერესს და აღსრულებას მიიჩნევენ უკანონოდ. იმ შემთხვევაში, როდესაც უპირატესობა უნდა მიენიჭოს აქტის აღსრულების ინტერესს, კანონმდებლობა ითვალისწინებს დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმს, სხვა შემთხვევაში დაუშვებელია აქტის ადრესატს შეეზღუდოს უფლების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის ვადები. მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა აქტის აღსრულების გადაუდებელი აუცულებლობა.

კასატორის მითითებით, ზაკ-ის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადების გამო ასევე ბათილია მის საფუძველზე დადებული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება. 275 კვ.მ არის ჯ-ასთვის მიკუთვნებული 1547 კვ.მ-ის უშუალო გაგრძელება, რაც ნიშნავს, რომ მთლიან 1800 კვ.მ ნაკვეთს ფლობდა მოსარჩელის ოჯახი. ეს ერთიანი ნაკვეთი არის სადავო და მასზე ვრცელდება საკუთრების აღიარების კანონი და №525 ბრძანებულება, რის გამოც არასწორია ამ 1800 კვ.მეტრიდან 275 კვ.მეტრის გამოყოფა, საპრივატიზაციო ნუსხაში ჩასმა და მისი აუქციონზე გატანა. აღნიშნული განხორციელდა ხელოვნურად, რამეთუ მემანიშვილი არის ჯ-ას უახლოესი ნათესავი და ამ აუქციონით ფაქტობრივად სადავო ნაკვეთი მიიღო შ. ჯ-ამ. აუქციონით შეეცადნენ შეენიღბათ არსებული მდგომარეობა. მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის გამო შ. ჯ-ამ სადავო ნაკვეთი გააფორმა დედის სახელზე დავის პერიოდში. რამდენადაც სადავო ნაკვეთს ფლობდა მოსარჩელის ოჯახი, მასზე არსებობს პრეტენზია, ამ ნაკვეთის ჯ-ასთვის მიკუთვნებითა და აუქციონით გასხვისებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელეს და მის ოჯახს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ი-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აგვისტოს №83 განკარგულების არარად აღიარება, ასევე ქ. სამტრედიაში, ...ის ქ. №28-ში მდებარე 1547,65 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შ. ჯ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 ნოემბრის №50 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქ. სამტრედიაში, ...ის ქუჩაზე მდებარე 275 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საპრივატიზაციო ობიექტად განსაზღვრის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის №3841 განკარგულების 2.1. პუნქტის ბათილად ცნობა, ელექტრონულ აუქციონზე ქ. სამტრედიაში, ...ის ქუჩაზე მდებარე 275.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საგარანტიო თანხად მისი საწყისი საპრივატიზაციო საფასურის 100%-ის ოდენობით განსაზღვრის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 4 აპრილის №37426 ბრძანების 1.5 პუნქტის ბათილად ცნობა, 2017 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 27 აპრილამდე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული ელექტრონული აუქციონის ბათილად ცნობა, ნ. მ-ის მიერ ელექტრონულ აუქციონზე ...ის ქუჩაზე მდებარე 275 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და ნ. მ-ს შორის 2017 წლის 2 მაისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელე დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთები, რასაც წლების მანძილზე ფლობდა, შ. ჯ-ასა და ნ. მ-ს საკუთრებაში გადაეცათ კანონდარღვევით, ისინი არასდროს ფლობდნენ სადავო მიწის ნაკვეთებს, ასევე კანონდარღვევით ჩატარდა აუქციონიც.

საქმის მასალების მიხედვით, საკუთრების უფლების №58 მოწმობით ირკვევა, რომ ზ. ი-ე სამტრედიაში ა....ის ქუჩის №26-ში ფლობდა 1497 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, 56 კვ.მ საცხოვრებელი სახლით. ქ.სამტრედიაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 21.09.2018წ. გაცემული №93/1293 ცნობით ირკვევა, რომ მეუღლის ზ. ი-ის გარდაცვალებამდე (2009 წლის 10 სექტემბერი) კომლში ჩაწერილი იყო გ. ი-ე, რომელიც ფაქტიურად ცხოვრობდა თავის მეუღლესთან ერთად და თანაბარ სარგებლობაში ფლობდნენ კომლის ქონებას ქ.სამტრედიაში, ...ის ქუჩის №26-ში (ყოფილი ...ის ქუჩა №88, ყოფ. №84). მეუღლის ზ. ი-ის გარდაცვალების შემდეგ გ. ი-ე ცხოვრობს აღნიშნულ საკუთრებაში თავის შვილთან ნ. ი-ესთან ერთად, რადგან სხვა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი არ აქვს.

2010 წლის 11 ოქტომბერს ნ. ი-ემ განცხადებით მიმართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მოითხოვა მათი საცხოვრებელი ეზოს მოსაზღვრედ არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკანონება, რაზედაც სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის №51 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან წარდგენილი დოკუმენტებით არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.

2009 წლის 23 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ქ.სამტრედიაში, ...ის ქუჩის №28-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართით - 6047 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართი №1-2 სართულიანი განაშენიანების ფართი 230 კვ.მ, ს/კ ... მესაკუთრეა შ. ჯ-ა, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია №... სამკვიდრო მოწმობა. 2011 წლის 20 ივნისს შ. ჯ-ამ განცხადებით მიმართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოითხოვა სამტრედიაში, ...ის ქუჩის №28-ის მიმდებარედ (მომიჯნავედ) 1800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 26 ივნისის №25 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ ნაკვეთი, რომლის აღიარებასაც შ. ჯ-ა ითხოვდა, სადავო იყო. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შ. ჯ-ას მიერ გასაჩივრდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აგვისტოს №83 განკარგულებით შ. ჯ-ას საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას თავიდან განსახილველად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ეტაპიდან, დაუბრუნდა შ. ჯ-ას განცხადება, რომლის მიერ 2011 წლის 10 ნოემბერს მიღებულ იქნა №50 გადაწყვეტილება, რომლითაც სამტრედიაში, ...ის ქუჩის №28-ში მდებარე 1547.65 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა შ. ჯ-ას საკუთრების უფლება.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2017 წლის 24 მარტს მიღებულ იქნა №3841 განკარგულება, რომლის 2.1. პუნქტით საპრივატიზაციო ობიექტად განისაზღვრა ქ. სამტრედიაში, ...ის ქუჩაზე მდებარე 275 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...).

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 4 აპრილის №37426 ბრძანების 1.5 პუნქტით ელექტრონულ აუქციონზე ქ. სამტრედიაში, ...ის ქუჩაზე მდებარე 275.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საგარანტიო თანხა მისი საწყისი საპრივატიზაციო საფასურის 100%-ის ოდენობით განისაზღვრა.

2017 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 27 აპრილამდე სამტრედია, ...ის ქუჩაზე მდებარე 275 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულ იქნა ელექტრონული აუქციონი. ელექტრონულ აუქციონზე გამარჯვებულ ნ. მ-სა და სამტრედიის მუნიციპალიტეტს შორის 2017 წლის 2 მაისს გაფორმდა ...ის ქუჩაზე მდებარე 275 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნასყიდობის ხელშეკრულება.

2010 წლის 30 აპრილის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ქ. სამტრედიაში, ...ის ქუჩის №26-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, დაზუსტებული ფართით - 1497 კვ.მ, ს/კ. ..., მესაკუთრეა ნ. ი-ე, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია №... სამკვიდრო მოწმობა, დამოწმებული 25.03.2010 წ, ნოტარიუს მ.გ-ის მიერ.

2012 წლის 15 მაისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ ქ.სამტრედიაში, ...ის ქუჩის №28-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, დაზუსტებული ფართით - 1548 კვ.მ, ს/კ. ..., მესაკუთრეა შ. ჯ-ა, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია საკუთრების უფლების №31 მოწმობა, დამოწმებული 25.11.2011წ, გაცემული გაცემული სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომელიც მომზადებულია 14.09.2016წ., ირკვევა, რომ ქ.სამტრედიაში, ...ის ქუჩის №28-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, დაზუსტებული ფართით - 1548 კვ.მ., ს/კ. ..., მესაკუთრეა გ. ჯ-ა, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმებული 09.09.2016წ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად განსაზღვრული იყო, რომ „მიწის ნაკვეთის ერთობლივად თვითნებურად დაკავების შემთხვევაში, განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ-ერთი თვითნებურად დამკავებლის მიერ. ასეთ შემთხვევაში, კომისია იხილავს მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის და სხვა შესაბამისი პირის (პირების) საერთო საკუთრების უფლების აღიარების საკითხს“; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-19 მუხლის თანახმად კი, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მაშინ როდესაც 2010 წლის 11 ოქტომბერს ნ. ი-ემ განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარება, რაზედაც 2010 წლის 19 ნოემბერს №51 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი, იგივე სამართლებრივი საფუძვლით არ ჰქონდა უფლება მისსავე კომლის სხვა წევრს - გ. ი-ეს კვლავ მოეთხოვა იმავე ნაკვეთის აღიარება, გარდა იმ შემთხვევისა თუ სახეზე იქნებოდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი. განსახილველ შემთხვევაში კი, ასეთი გარემოებების არსებობა არ დადასტურდა. ამასთან, დადგენილია, რომ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

რაც შეეხება სადავო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა თბილისის ქონებისა) პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge. ამავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულოა: ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები); ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება; გ) პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონის პირობების გაცნობა; დ) საბანკო დაწესებულების მეშვეობით, აგრეთვე, ინტერნეტბანკინგის, საბანკო პლასტიკური ბარათისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად).

საქმის მასალების შესაბამისად, სადავო არაა ის გარემოება, რომ გ. ი-ე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამის ვებგვერდზე არ დარეგისტრირებულა, შესაბამისად, ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსი მას არ შეუძენია და ელექტრონული აუქციონის ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობისას მონაწილეობა არ მიუღია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით უფლების რეალიზაცია სასამართლოს გზით არ მოუხდენია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი