#ბს-323(კ-19) 4 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ფ-ის, ლ. ფ-ის, გ. ფ-ის, დ. ფ-ის, ლუ. ფ-ის კანონიერი წარმომადგენლის გ. ფ-ის, ს. ხ-ის, სა. ხ-ისა და ნ. ხ-ის კანონიერი წარმომადგენლის ლ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 26 მარტს მ. ფ-მა, ლ. ფ-მა, გ. ფ-მა, დ. ფ-მა, ლუ. ფ-მა, ს. ხ-მა, ნ. ხ-მა და სა. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა მ. ფ-ისათვის, დ. ფ-ისათვის, გ. ფ-ისათვის, ლუ. ფ-ისათვის, სა. ხ-ისა და ნ. ხ-ისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის #636, #634, #633, #635, #637, #638 ბრძანებების, ლ. ფ-ისა და ს. ხ-ისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 16 თებერვლის #650, #651 ბრძანებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება მოითხოვეს.
სარჩელში აღნიშნულია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ. ფ-ი დაიბადა 1987 წელს ქ. ცხინვალში, … ქ. #60-ში, სადაც ცხოვრობდა დედასთან და ოჯახთან ერთად, დაამთავრა ცხინვალის #8 საშუალო სკოლა, 1982-1985 წლებში სწავლობდა ცხინვალის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, ცნობილი მოვლენების გამო იძულებით დატოვა საცხოვრებელი ადგილი.
სარჩელის მიხედვით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება ქ. ცხინვალში მოცემულ მისამართზე ლ. და გ. ფ-ების 1991 წლამდე ცხოვრებისა და იძულებით გადაადგილების ფაქტი. რაც შეეხება მ. ფ-ის შვილს დ. ფ-ს, ლ. ფ-ის მცირეწლოვან შვილებს: ნ., ს. და სა. ხ-ებს, ასევე გ. ფ-ის მცირეწლოვან შვილს - ლუ. ფ-ს, მათ არ უცხოვრიათ ქ. ცხინვალში, რამეთუ დაიბადნენ 1991 წლის ცნობილი მოვლენების შემდგომ და შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდათ დევნილის სტატუსები.
სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ დროებითმა კომისიამ არ გაითვალისწინა მოსარჩელეთა მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებები და განმარტებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. დროებითმა კომისიამ არ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ქ. ცხინვალში დარჩენის შემთხვევაში, მ. ფ-ი უკიდურეს საფრთხის ქვეშ აყენებდა თავისი და თავისი შვილების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეებს მართლაც არ გააჩნიათ საკუთარი უძრავი ქონება ანუ საცხოვრებელი სახლი, მაგრამ კანონით მინიჭებული ჰქონდათ საცხოვრებელი ფართი, სადაც ცხოვრობდნენ კიდეც და გააჩნდათ შესაბამისი რეგისტრაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის, ლ. ფ-ის, გ. ფ-ის, დ. ფ-ის, ლუ. ფ-ის, ს. ხ-ის, სა. ხ-ის და ნ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ფ-მა, ლ. ფ-მა, გ. ფ-მა, დ. ფ-მა, ლუ. ფ-მა, ს. ხ-მა, სა. ხ-მა და ნ. ხ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მ. ფ-ის, ლ. ფ-ის, გ. ფ-ის, დ. ფ-ის, ლუ. ფ-ის, ს. ხ-ის, სა. ხ-ისა და ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გაიზიარა სააპელაციო პალატამ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2018 წლის 12 იანვარს მ. ფ-ს ჩაუტარდა გასაუბრება. გასაუბრების დროს მ. ფ-მა აღნიშნა, რომ დაიბადა 1967 წელს ქ. ცხინვალში; 1974-1982 წლებში სწავლობდა ქ. ცხინვალის #8 საშუალო სკოლაში; 1982-1985 წლებში სწავლობდა ქ. ცხინვალის #31 პროფ. ტექნიკუმში; 1984 წელს დაოჯახდა გორის რაიონის სოფელ ...ში; შვილები 1985 და 1987 წლებში შეეძინა ქ. ცხინვალში; ქ. ცხინვალში ცხოვრობდა მეუღლესთან (რომელსაც არ აქვს დევნილის სტატუსი), შვილებთან, დასთან და მშობლებთან ერთად; არ უმუშავია ქ. ცხინვალში; 1985 წლიდან დღემდე ცხოვრობს სოფელ ...ში მეუღლის მშობლების სახლში; დაოჯახების შემდეგ პერიოდულად ცხოვრობდა ხან ქ. ცხინვალში, ხან სოფელ ...ში; მისი უფროსი შვილები დადიოდნენ სოფელი ...ის საბავშვო ბაღში; მეუღლეს არ უმუშავია არსად; ქალაქი ცხინვალი დატოვა 1991 წელს ოჯახის წევრებთან ერთად; ამჟამად ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად გორის რაიონის სოფელ ...ში.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 31 იანვრის #108/01 წერილობითი პასუხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპატრამენტის უფროსს მისივე წერილის პასუხად ეცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართეს მოქალაქეებმა - მ. ფ-მა (განცხადება #259, 30.01.2018წ.), ლ. ფ-მა (განცხადება #260, 30.01.2018წ.) და გ. ფ-მა (განცხადება #261, 30.01.2018წ.) და მოითხოვეს ცნობების გაცემა მათი მუდმივი ცხოვრების შესახებ 1991 წლამდე შემდეგ მისამართზე: ცხინვალი, ...ის ქ. #60, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარსადგენად. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში შექმნილმა დროებითმა კომისიამ განიხილა მითითებულ მოქალაქეთა განცხადებები და კომისიის გადაწყვეტილებით (დასკვნით) არ დადასტურდა მ. ფ-ის, ლ. ფ-ისა და გ. ფ-ის 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი შემდეგ მისამართზე: ცხინვალი, ...ის ქ. #60 (ოქმი #05, 31.01.2018წ.).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განხორცილდა 2018 წლის 31 იანვარს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან სეპარატისტულ რეჟიმს თავდაღწეულ პირთა შესაბამის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად, შესაბამისი განცხადებების განხილვის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის დასკვნის, მ. ფ-თან გასაუბრების შედეგებისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი შეფასება, მიჩნეულ იქნა, რომ მ. ფ-ი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად არ ცხოვრობდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე, შესაბამისად, ის არ წარმოადგენდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირს - დევნილს. საქმის მასალებზე დაყრდნობით მიჩნეულ იქნა, რომ მ. ფ-ი დაოჯახების შემდეგ, 1984 წლიდან ცხოვრობდა სოფ. ...ში და არა ცხინვალში; არც მას და არც მის მეუღლეს ქ. ცხინვალში ამ პერიოდში არ უმუშავიათ; მისი არასრულწლოვანი შვილები სადავო პერიოდში დადიოდნენ სოფ. ...ის საბავშვო ბაღში. გასაუბრების დროს თავადაც აღნიშნა, რომ დაოჯახების შემდეგ პერიოდულად ცხოვრობდა ქ. ცხინვალში, შესაბამისად, მასთან მიმართებით არ დადასტურდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მ. ფ-ის განმარტება, რომ 1991 წლამდე იგი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობდა. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოსაზრება არ ეფუძნება საქმეში წარმოდგენილ რეალურ მტკიცებულებებს. საქმის მასალების მიხედვით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და დევნილი მოსახლეობის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის დასკვნით, ოჯახური ცხოვრების საერთო წესის გათვალისწინებით და თავად მ. ფ-ის გასაუბრების მასალებით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტები 1991 წლამდე მუდმივად არ ცხოვრობდნენ ქალაქ ცხინვალში, ...ის ქ. #60-ში. პალატამ სარწმუნოდ არ მიიჩნია აპელანტების ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების თაობაზე მოწმეთა განმარტებები, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც მათი ცალკეული განმარტებები არ ემთხვევა თავად მოსარჩელე - მ. ფ-ის განმარტებებს. ამრიგად, საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ არსებითად სწორად შეაფასა მოსარჩელეების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ომამდე და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ფ-მა, ლ. ფ-მა, გ. ფ-მა, დ. ფ-მა, ლუ. ფ-მა, ს. ხ-მა, სა. ხ-მა და ნ. ხ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მათი მყარი არგუმენტები მასზედ, რომ მ. ფ-ი დაიბადა და გაიზარდა ქ. ცხინვალში, სადაც ცხოვრობდა ...ის ქ. #60-ში. 1984 წლიდან, როდესაც მან იქორწინა ჯ. ფ-ზე, ცხოვრებას აგრძელებდა ქ. ცხინვალში, სადაც მათ შეეძინათ შვილები. ამასთან, ისინი ახორციელებდნენ მცირე ბიზნესს, კერძოდ, ვაჭრობდნენ ცხინვალის ბაზარში და მხოლოდ პერიოდულად, ძირითადად ზაფხულობით ცხოვრობდნენ სოფელ ...ში. საცხოვრებელი ადგილი დატოვეს ცნობილი კონფლიქტური მოვლენების გამო, რის შემდეგაც დასახლდნენ სოფელ ...ში და შვილებიც იქვე მიიყვანეს ბაღში. კასატორების მითითებით, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ მოწმის სახით დაკითხული ნ. მ-ი და მ. მ-იც, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული და სარწმუნოდ მიჩნეული. ამასთან, ისინი დღემდე რეგისტრირებული არიან მისამართზე - ქ. ცხინვალი, ...ის ქ. #60.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ფ-ის, ლ. ფ-ის, გ. ფ-ის, დ. ფ-ის, ლუ. ფ-ის კანონიერი წარმომადგენლის გ. ფ-ის, ს. ხ-ის, სა. ხ-ისა და ნ. ხ-ის კანონიერი წარმომადგენლის ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-ის, ლ. ფ-ის, გ. ფ-ის, დ. ფ-ის, ლუ. ფ-ის კანონიერი წარმომადგენლის გ. ფ-ის, ს. ხ-ის, სა. ხ-ისა და ნ. ხ-ის კანონიერი წარმომადგენლის ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, მ. ფ-ი იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად რეგისტრირებული იყო 2000 წლიდან და მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდებოდა ქ. ცხინვალი, ...ის ქ. #60. ამასთან დადგენილია, რომ მ. ფ-ის სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირებულნი არიან მისი შვილები - გ. ფ-ი, დ. ფ-ი, ლ. ფ-ი და შვილიშვილები: ლუ. ფ-ი, ნ. ხ-ი, სა. ხ-ი და ს. ხ-ი, რომელთაც დევნილის სტატუსი მიენიჭათ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სადავო ბრძანებებით მოსარჩელეებს ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნულ ბრძანებებს საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის #01-01/06-968 მოხსენებითი ბარათი.
ზემოაღნიშნული დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა მიმართ არსებული დევნილის სტატუსის კანონიერების დადგენის მიზნით მოპოვებული, დამუშავებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მ. ფ-ისთვის, ლ. ფ-ისთვის, გ. ფ-ისთვის, დ. ფ-ისთვის, ლუ. ფ-ისთვის, ს. ხ-ისთვის, სა. ხ-ისა და ნ. ხ-ისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლი ახდენს დევნილის ცნების დეფინიციას, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-1896-1849(კ-10) და #ბს-1227-1213(კ-11) ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამავე კანონში ჩამოთვლილი მიზეზების გამო.
ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, ასევე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მ. ფ-ის განმარტებას, რომ 1991 წლამდე იგი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობდა, ვინაიდან აღნიშნული მოსაზრება არ ეფუძნება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის გამო ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად სწორად შეაფასა ომამდე მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაწყვეტილება მიიღო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ფ-ის, ლ. ფ-ის, გ. ფ-ის, დ. ფ-ის, ლუ. ფ-ის კანონიერი წარმომადგენლის გ. ფ-ის, ს. ხ-ის, სა. ხ-ისა და ნ. ხ-ის კანონიერი წარმომადგენლის ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი