Facebook Twitter

#ბს-375(კ-19) 20 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 20 სექტემბერს შ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის მიმართ.

მოსარჩელემ შ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს #04-06/63833 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მისთვის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, მან 1991 წლის 19 მარტს გაიარა სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა და დაუდგინდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით. ამის შემდგომ, ყოველწლიურად 1997 წლამდე უტარდებოდა სამედიცინო ექსპერტიზა, რითაც დგინდებოდა იგივე სტატუსი 1 წლის ვადით. 1997 წლის მაისში დაუდგინდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი იღებს სოციალურ პაკეტს 100 ლარის ოდენობით მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძველზე. მოსარჩელემ 2016 წლის 19 ივლისს საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა აჭარის ა/რ ფილიალის 2016 წლის 20 ივნისის #04-15/1408 აქტის ბათილად ცნობა და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, რადგან თავის დროზე ინვალიდობა დაუდგინდა სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს #04/63833 გადაწყვეტილებით სააგენტომ უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და განმარტა, რომ საჩივარი უსაფუძვლო იყო, ვინაიდან მას არ ერთვოდა ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად და ასევე ვერ დგინდებოდა მიზეზობრივი კავშირი სამხედრო სამსახურის გავლასა და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტს შორის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 თებერვლის სხდომაზე საქმეში თანამოპასუხედ ჩაება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის სოციალური მომსახურების ცენტრი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით შ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს #04-06/63833 გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2016 წლის 20 ივნისის #04-15/1498 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე შ. ს-ის განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალმა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონულმა განყოფილებამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი სარატოვის საოლქო ფსიქიატრიული ს/ნ 1768 უფროსის 1982 წლის 8 აგვისტოს ცნობით შ. ს-ის დიაგნოზი ჯერ კიდევ 1982 წელს იყო „მდგრადი ისტერიული რეაქციები ინტელექტუალურ-პრიმიტიულ პიროვნებასთან“. ამასთან, ამავე ცნობაში მითითებული იყო, რომ „დაავადება დაკავშირებული არაა სსრკ ჯარში სამსახურთან“. სასამართლო დაეყრდნო საქმეზე წარმოდგენილ ორ დადგენილებას, კერძოდ მე-16 სამხედრო საექიმო კომისიის 1991 წლის 22 თებერვლის #31 დადგენილებებს, რომელთა გაცემის თარიღი და ნომერი იდენტურია, თუმცა ერთი ცნობა ხელმოწერილია აჭარის ავტონომიური რესპიბლიკის სამხედრო კომისრის პოლკოვნიკი ნ.ი თ-ის მიერ და ცნობის გაცემის საფუძვლად მითითებულია 1991 წლის 22 თებერვლის #31 ოქმი, ხოლო ანალოგიური მეორე ცნობა ხელმოწერილია ვიცე პოლკოვნიკი შ-ის მიერ, ცნობის გაცემის საფუძვლად ამ შემთხვევაშიც მითითებულია 1991 წლის 22 თებერვლის #31 ოქმი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული დადგენილებებით გაუქმებულად ჩაითვალა სარატოვის საოლქო ფსიქიატრიული #137 საავადმყოფოს სამხედრო საექიმო კომისიის 1982 ლის 2 აგვისტოს დადგენილების ის ჩანაწერი, რომლითაც დგინდებოდა, რომ შ. ს-ის „დაავადება არაა დაკავშირებული სსრკ ჯარში სამსახურთან“, თუმცა სასამართლოს მითითებით, გაურკვევევლია რა უფლბამოსილების ფარგლებში მოხდა თითქმის ათი წლის უკან გაცემული ცნობის გაუქმება და რა საფუძვლით. ამასთან, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბუნდოვანი იყო საქმეზე წარმოდგენილი 1991 წლის 22 თებერვალს გაცემული ორი ცნობის იდენტურობა, რაც დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სშსკ #175 შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გაცემულია შ. ს-ის ინვალიდობის მეორე ჯგუფის უვადოდ დადგენის თაობაზე 1997 წლის 14 მაისის იმერეთის სპეციალური ტექნიკური საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის ცნობა, საქმეზე არ იყო წარმოდგენილი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა საქმეზე არსებული მტკიცებულებები სრულყოფილად გამოკვლეული, არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენდა.

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს ქმნის იმ შემთხვევაში, თუ პირი განეკუთვნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობის შეზღუდვა ქმნის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დამატებით საშეღავათო პირობებს. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-3 და მე-17 მუხლები ითვალისწინებენ შეზღუდული შესაძლებლობის გამო, სამსახურის ხანგრძლივობის მიუხედავად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას სამხედრო მოსამსახურეებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილება და დაედგინა, წარმოადგენდა თუ არა შ. ს-ე თადარიგის სამხედრო მოსამსახურეს ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებულ პირს და მიღებული ტრავმა უკავშირდებოდა თუ არა სამხედრო სამსახურის გავლას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით შ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შ. ს-ის სამხედრო სამსახურში ნამსახურებასთან დაკავშირებით, მისი პერიოდულობის, ნამსახურების ნუსხის თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილებიდან კი, საპენსიო საქმე, რომლითაც შ. ს-ე იღებდა სოციალურ პაკეტს.

სასამართლოს მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილებიდან წარედგინა ის მტკიცებულებები, რაც უკვე წარდგენილი იყო ადმინისტრაციულ საქმეში, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გაეგზავნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 16.10.2018წ. MOD 6 18 01042781 მომართვა, რომლითაც ირკვეოდა, რომ შ. ს-ის შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ იძებნებოდა.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ დგინდება, რომ შ. ს-ის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უკავშირდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას.

სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმით ან დაავადებით დაუდგინდება თადარიგის სამხედრო მოსამსახურეებს ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებულ პირებს, თუ იგი უკავშირდება საქართველოს და ყოფილი სსრ კავშირის ინტერესების, მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას ან სხვა სამხედრო ან ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებას, აგრეთვე სხვა ქვეყნების ლოკალურ ომებში მიღებულ ჭრილობას, დასახიჩრებას, კონტუზიას ან დაავადებას.

პალატამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს ქმნის იმ შემთხვევაში, თუ პირი განეკუთვნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობის შეზღუდვა ქმნის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დამატებით საშეღავათო პირობებს. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-3 და მე-17 მუხლები ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის გამო, სამსახურის ხანგრძლივობის მიუხედავად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას სამხედრო მოსამსახურეებისათვის.

სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობებს და პროცედურას არეგულირებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“, რომლის მე-9 მუხლი შეიცავს კომპენსაციის მიმღებ პირთა ჩამონათვალს და მიუთითებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ კომპენსაციის მიღების აუცილებელ პირობას წარმოადგენს შესაძლებლობების შეზღუდვა სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში. ამავე წესის მე-15 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია კომპენსაციის დასანიშნად მიმართვის საჭიროება და წარსადგენი დოკუმენტები. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირისათვის კომპენსაციის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხაში ითვალისწინებს, სხვა აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად, შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემულ წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშების, სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების წარდგენის ვალდებულებას, რაც მოსარჩელის მიერ განცხადების წარდგენის დროს არ იქნა დართული.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შ. ს-ე ვერ ასაბუთებს, რომ იგი წარმოადგენს ამ კანონის სუბიექტს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, იგი სამხედრო სამსახურში მიღებული ტრავმის შედეგად გახდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რისთვისაც უნდა დაენიშნოს სახელმწიფო კომპენსაცია.

კასატორი აღნიშნავს, რომ მან 1991 წლის 19 მარტს გაიარა სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა და დაუდგინდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით. მას 1997წ. უტარდებოდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც დგინდებოდა იგივე. კასატორი აღნიშნავს, რომ 1997 წელს მას დაუდგინდა მნოშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობების სტატუსი უვადოდ, თუმცა სამედიცინო აქტში არ არის მითითებული მიზეზობრივი კავშირი, რაც შესაბამისად, არ ფიქსირდება სამედიცინო საქმეში. თუ 1991 წლის აქტით დადგინდა მიზეზობრივი კავშირი სამხედრო სამსახურის გავლასა და შესაძლებლობის შეზღუდვას შორის, იგივე უნდა დადგენილიყო 1997 წელსაც, თუმცა ამის ნაცვლად აქტში საერთოდ არ არის მითითებული მიზეზობრივი კავშირი შეზღუდულ შესაძლებლობასა და ამის გამომწვევ მიზეზებს შორის.

ამასთან, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლი, ვინაიდან თვლის, რომ კომპენსაციის დაანგარიშება ხდება წელთა ნამსახურობის მიხედვით, რითიც უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ კანონი არ ითვალისწინებდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა კომპენსაციის გამოანგარიშების წესს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. ს-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, შ. ს-ის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უკავშირდება თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები და გაუქმდა ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის დანიშვნისა და გაცემის, ასევე პენსიების გადაანგარიშების ძირითადი წესები. შესაბამისად, მითითებული წესები „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით საერთო გახდა როგორც სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე, ისე ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებისათვის. სახელმწიფო კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობებს და პროცედურას არეგულირებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“, რომლის მე-9 მუხლი ასევე შეიცავს კომპენსაციის მიმღებ პირთა ჩამონათვალს და მიუთითებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ კომპენსაციის მიღების აუცილებელ პირობას წარმოადგენს შესაძლებლობების შეზღუდვა სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში. შესაბამისად, უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსსა და იმ ტრავმას შორის, რომელიც პირმა სწორედ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მიიღო.

ამავე წესის მე-15 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია კომპენსაციის დასანიშნად მიმართვის საჭიროება და წარსადგენი დოკუმენტები. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირისათვის კომპენსაციის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხაში ითვალისწინებს სხვა აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშების, სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების წარდგენის ვალდებულებას.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხოლოდ სიტყვიერად მიუთითებს, რომ ის სამხედრო სავალდებულო სამსახურში მიღებული ტრამვის შედეგად გახდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ვერ გახდება მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი, ვინაიდან შ. ს-ის მიერ განცხადების წარდგენის დროს არ იქნა დართული სათანადო დოკუმენტები. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებითა და საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დაკავშირებულია სამხედრო სამსახურის გავლასთან.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც იმსახურეს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში და არა სსრ კავშირის სამხედრო სავალდებულო სამსახურში. რაც შეეხება ამავე კანონის მე-11 მუხლს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შ. ს-ე ასევე არ ექცევა აღნიშნული ნორმით განსაზღვრულ სუბიექტთა წრეში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი