#ბს-379(კ-19) 20 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 22 იანვარს ა. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მესამე პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი კომისიის მონაწილეობით.
მოსარჩელემ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2017 წლის 6 ნოემბრის #8 და 2017 წლის 22 დეკემბრის #10 საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და კომისიისათვის აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მცხოვრები ა. მ-ის ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის დავალდებულება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მისი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში, შუახევჰესის სათავე ნაგებობიდან 40-50 მეტრში. შუახევჰესის გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით სოფლის მცხოვრებთა საცხოვრებელ სახლებზე მოსალოდნელი რისკებისა და შესაძლო ზიანის ანაზღაურების მიზნით 2014 წლის 1 მაისს აჭარის ა/რ მთავრობამ და შპს „...ამ“ სოფ. ...ის მოსახლეობასთან გააფორმა შეთანხმება იმაზე, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის წარმოებული სამუშაოების შედეგად მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დაზიანების შემთხვევაში მოხდებოდა შესაბამისი კომპენსაციის გაცემა ან/და განსახლება. კომისიურად საკითხის შესწავლის შედეგად სოფ. ...ის 23 ოჯახის საცხოვრებელი სახლი შეტანილ იქნა ქვათაცვენის ზონაში, 9 ოჯახი - მეწყერსაშიშ ზონაში, ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაექვემდებარა აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს. ა. მ-ის საცხოვრებელი სპეციალისტების დასკვნით მოხვდა ქვათაცვენის ზონაში, რის გამოც საჭიროებს სხვა უსაფრთხო, გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადატანას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად ა. მ-ის ოჯახს მიეკუთვნა 14 სარეიტინგო ქულა. აჭარის ა/რ მთავრობის 2016 წლის 16 მარტს #25 განკარგულებით დამტკიცებული „ემიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ თანახმად, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მერია) შუამდგომლობას აღძრავს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც საბოლოოდ მიიღება გადაწყვეტილება, საკითხთან დაკავშირებით. 2017 წლის მარტში სხვებთან ერთად ა. მ-ის ოჯახის საკითხიც გადაიგზავნა შუახევის მუნიციპალიტეტში და ეთხოვა შესაბამისი ქმედების განხორციელება. 2017 წლის 25 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელმა ადგილობრივმა კომისიამ ზეპირი მოსმენით განიხილა ა. მ-ის განაცხადი და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება შუამდგომლობის გაწევაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა გარემოების გამოკვლევის გარეშე ცალკეული გარემოებების არასწორად დადგენა-შეფასების შედეგად. კერძოდ, #8 საოქმო გადაწყვეტილებაში აღინიშნა თითქოს ა. მ-ეს 2017 წლის 7 ივლისამდე საკუთრებაში გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი ბინა, რომელიც გამორიცხავს სოფ. ...ში ქვათაცვენის ზონაში მოხვედრილი სახლის გამო შუამდგომლობის აღძვრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე. საოქმო გადაწყვეტილება ა. მ-ეს გადაეგზავნა 2017 წლის 7 ნოემბერს წერილით #07/6238. ოქმში არ იყო მითითებული და განმარტებული გასაჩივრების წესი და ვადა. შემდგომში კომისიის #8 ოქმში ყოველგვარი მსჯელობისა და განხილვის შედეგად შეიცვალა ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ა. მ-ეს ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის ... შესახვევში ბინა გააჩნდა არა 2017 წლის 7 ივლისამდე, არამედ 2016 წლის 7 ივლისამდე, რაც გაკეთდა არსებული წესების იგნორირებით.
2017 წლის 13 დეკემბერს ა. მ-ემ კვლავ მიმართა განცხადებით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას გარემოებათა სრულფასოვანი გამოკვლევით განეხილა მისი საკითხი სამინისტროს წინაშე შუამდგომლობის აღძვრის თაობაზე. 2017 წლის 22 დეკემბერს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელმა ადგილობრივმა კომისიამ კვლავ განიხილა ა. მ-ის განცხადება და #10 საოქმო დადგენილებით კვლავ უარი უთხრა მას სამინისტროს წინაშე შუამდგომლობის აღძვრის თაობაზე. პარალელურად ა. მ-ეს წერილობით ჰქონდა მიმართული აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი, რომ ჩართულიყო საქმის განხილვაში და გაეწია დახმარება კომისიისათვის გარემოებათა შესწავლისა და შეფასების საქმეში, რაც სამინისტროს მიერ არ შესრულებულა. კომისიამ თავისი განმეორებითი საოქმო გადაწყვეტილებაც დააფუძნა გამოუკვლევ და არასწორად შეფასებულ გარემოებებს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ა. მ-ის ნაწილში შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2017 წლის 6 ნოემბრის #8 და 2017 წლის 22 დეკემბრის #10 საოქმო გადაწყვეტილებები; შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელ ადგილობრივ კომისიას ა. მ-ის განცხადებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება) გამოცემა დაევალა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს და იღებს გადაწყვეტილებებს, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხებთან დაკავშირებით. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობის, თანასწორობის, თანაზომიერების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას.
პალატის მითითებით, ალტერნატიული ფართის საკითხის გადაწყვეტისას კომისია დაეყრდნო დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ეკომიგრანტი ოჯახის შესწავლის აქტს, რომლითაც დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა, ... შესახვევი #12-ში მდებარე ბინა ეკუთვნის მ. მ-ეს, ბინა არის სამ-ოთახიანი, ოჯახში ცხოვრობს ექვსი წევრი, მ. მ-ე თავის ცოლ-შვილით და ა. მ-ე მეუღლესთან ერთად. რეესტრის მასალებით, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა ა. მ-ის საკუთრებას და ის ჩუქებით 2016 წლის 11 ივლისს გადასცა მ. მ-ეს.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში დაცული მასალით მიიჩნია, რომ ა. მ-ის ოჯახს (თვითონ ა. მ-ე და მეუღლე ჟ. მ-ე) არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რადგანაც ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა, ... შესახვევი #12-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა არის მისი შვილის მ. მ-ის საკუთრება, რომელშიც ის ცხოვრობს თავის ცოლ-შვილთან ერთად, თუმცა კონკრეტული გარემოებების გამო, რომ ა. მ-ე მუშაობს ქ. ბათუმში და სხვა საცხოვრებელი არ აქვს, აღნიშნულ ბინაში დროებით ცხოვრობს ა. მ-ეც და მისი საცხოვრებელია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად განმარტა „წესში“ გამოყენებული ტერმინი და მიუთითა, რომ დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა საკითხი იმის შესახებ მ. მ-ის საკუთრებად რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინა რამდენად შეიძლებოდა მიჩნეულიყო ა. მ-ის ოჯახის ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართად, მაშინ, როცა მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს მისი შვილი ოჯახით. ამ მიმართებით კომისიას უნდა გამოეკვლია ა. მ-ის ოჯახის შემადგენლობა, მისი შვილის ოჯახის შემადგენლობა და რამდენად იყო შესაძლებელი ამ ორი ოჯახის ერთ ბინაში (ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის ... შესახვევის #12-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში) ცხოვრება. კომისიამ შინაარსობრივად არ გამოიკვლია რეალური მოცემულობების პირობებში შესაძლებელი იყო თუ არა ა. მ-ის ოჯახის მიერ ამ ფართით სარგებლობა და ხომ არ არსებობდა ასეთის ხელისშემშლელი და დამაბრკოლებელი გარემოებები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს აჭარის ა/რ მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის #14 დადგენილებით დამტკიცებული #2 დანართის 2.2 მუხლზე, რომლითაც განმარტებულია სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის ცნება და აღნიშნავს, რომ მართალია, ა. მ-ემ 2016 წელს საკუთარ შვილზე გააჩუქა ქ. ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინა, მაგრამ ოჯახის განმარტებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოსარჩელე დარჩენილია საცხოვრებელი ფართის გარეშე და აკმაყოფილებს ბენეფიციარისთვის პროგრამის მოთხოვნებს. კასატორის მითითებით, პროგრამის მიზანია იმ ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელთაც სტიქიის შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი და ალტერნატიული არ გააჩნიათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2017 წლის 6 ნოემბრის (#8 სხდომის ოქმი) და 2017 წლის 22 დეკემბრის (#10 სხდომის ოქმი) სხდომებზე განიხილებოდა ქ. ბათუმში, ...ის ... შესახვევის #12/ბ/#12-ში, ცხოვრები ა. მ-ის განცხადებები დახმარების გაწევის შესახებ, იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ მას (ა. მ-ეს) სოფელ ...ში გააჩნია საცხოვრებელი სახლი, რომელიც ქვათაცვენის ზოლშია და მინიჭებული აქვს შესაბამისი კომისიის მიერ ქულა. კომისიამ, ორივე შემთხვევაში (06.11.2017წ. და 22.12.2017წ.) მსჯელობის შედეგად, უარი უთხრა ა. მ-ეს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვაზე, იმ საფუძვლით, რომ ა. მ-ის ორივე შვილს ცალ-ცალკე გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი, ასევე თვითონ ა. მ-ეს საკუთრებაში დღემდე ქ.ბათუმში, … გააჩნია 859 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის #25 განკარგულებით განსაზღვრული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განცხადებები, რომლებსაც 2017 წლის 1 იანვრიდან შუამდგომლობის აღძვრის დღემდე გააჩნიათ, გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ შუახევის სოფელ ...ში მდებარე ა. მ-ის სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, აუცილებელია შეფასდეს ა. მ-ის შვილის ბინა (მდებარე, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა, ... შესახვევი #12-ში), სადაც ცხოვრობს ექვსი წევრი, მ. მ-ე თავის ცოლ-შვილით და ა. მ-ე მეუღლესთან ერთად, წარმოადგენს თუ არა ა. მ-ის ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს.
ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის დათქმა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობასთან დაკავშირებით, უნდა განიმარტოს ფართო გაგებით და ის არ გულისხმობს მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით საკითხის გადაწყვეტას. ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს სისტემურად, აღნიშნული წესის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და განმარტებულ უნდა იქნეს ამ ნორმატიული აქტის მიზნებიდან გამომდინარე, რაშიც იგულისხმება იმ გარემოების გამოკვლევა და განსაზღვრა, დაზარალებულ ოჯახს გააჩნია თუ არა საცხოვრებლად სხვა, მისთვის განკუთვნილი ალტერნატიული ფართობი და დაზარალებული ოჯახი შეძლებს თუ არა მასში ცხოვრებას, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი ფართის განადგურების შემდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელ ადგილობრივ კომისიას სრულყოფილად უნდა გამოეკვლია და შეესწავლა ამ საკითხთან დაკავშირებული გარემოებები, რომ ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩის ... შესახვევის #12/ბ #12-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა წარმოადგენდა თუ არა ა. მ-ის ოჯახის ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, სადაც მისი ოჯახისათვის შესაძლებელი იყო საცხოვრებლად გადასვლა. ამისათვის უნდა შეესწავლა ა. მ-ის ოჯახის და მისი შვილის ოჯახის შემადგენლობა, სოციალური პირობები, ასევე, საცხოვრებელი ფართის მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ კომისიას ზეპირ განხილვაზე უნდა მიეწვია თავად დაინტერესებული პირი, ა. მ-ე და მოესმინა მისი განმარტებაც. ამ გარემოებათა დეტალური გამოკვლევის შედეგად იქნებოდა შესაძლებელი კომისიის მიერ ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი