Facebook Twitter

#ბს-442(2კ-19) 20 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს მთავარი პროკურატურისა (უფლებამონაცვლე საქართველოს გენერალური პროკურატურა) და გ. ხ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 20 დეკემბერს გ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 12 აპრილს მას ზესტაფონის რაიონული პროკურატურის მიერ წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 141-ე მუხლით. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 10 000 ლარი, თუმცა იმის გამო, რომ მის მიერ ვერ იქნა შეტანილი გირაოს თანხა, ასევე უზრუნველყოფის სახით ვერ იქნა დატვირთული უძრავი ქონება, 2016 წლის 18 მაისს პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულის მიმართ გირაო შეიცვალა პატიმრობით. ხოლო მოგვიანებით, 2016 წლის 20 მაისს წინასასამართლო სხდომაზე ბრალლდებულს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო 2 000 ლარით, რაც შეტანილ იქნა სათანადო ანგარიშზე.

მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 21 ნოემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებული გამართლებულ იქნა წარდგენილ ბრალდებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ 10 000 ლარის ოდენობით მორალური და 1 000 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურისა და გ. ხ-ის სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გ. ხ-ის დაკავება, მის მიერ ციხეში გატარებული პერიოდი, გამამართლებელი განაჩენი ერთობლიობაში ქმნის მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რა მოცულობისაც არ უნდა იყოს კომპენსაცია, ის ვერ უზრუნველყოფს დაზარალებულისათვის ხელყოფამდე არსებული სულიერი მდგომარეობის აღდგენას, ამდენად, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პროკურატურისათვის მორალური ზიანის სახით დაკისრებული თანხის ოდენობა სრულად პასუხობს აღნიშნულ მიზნებს, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრების მოთხოვნის გაზიარების საფუძველი, რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ რამდენადაც ფაქტის დადასტურებას ენიჭება არა მარტო საპროცესო არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ფაქტის დაუმტკიცებლობით გამოწვეული არახელსაყრელი შედეგი უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელმაც ვერ შესძლო მათი დამტკიცება. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე კანონით დადგენილ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ ადასტურებს ზიანის არსებობის ფაქტს, რაც ასევე გამორიცხავს მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ (უფლებამონაცვლე საქართველოს გენერალური პროკურატურა), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე და 207-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413.1, 992-ე და 1005-ე მუხლებზე. ამასთან აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად სასამართლოს გონივრული განსჯისათვის არის მინდობილი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. აუცილებელია შეფასდეს, როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები.

კასატორი აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა, ისე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა. ამასთან, კასატორი საორიენტაციოდ ასახელებს რამდენიმე მათგანს. კასატორის მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში, გ. ხ-ემ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 1 თვე. შესაბამისად, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 1 000 ლარი, სამართლებრივი ნორმებისა და მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.

კასატორის - გ. ხ-ის მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ასევე არ გაიზიარა ის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ იგი განაგრძობს მკურნალობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს მთავარი პროკურატურისა (უფლებამონაცვლე საქართველოს გენერალური პროკურატურა) და გ. ხ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურისა (უფლებამონაცვლე საქართველოს გენერალური პროკურატურა) და გ. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 42.9 მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 18.4 მუხლი), აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამასთან, ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განჩინებით ბრალდებულ გ. ხ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეიცვალა პატიმრობით. ბრალდებულ გ. ხ-ის პატიმრობის ვადა აითვალა მისი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 18 მაისის 16 საათსა და 55 წუთიდან. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის წინასასამართლო სხდომაზე გ. ხ-ეს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალა გირაოთი - 2000 ლარის ოდენობით.

ასევე დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განაჩენით გ. ხ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თ. ბ-ის ეპიზოდი), სსკ 141-ე მუხლით (თ. ბ-ის ეპიზოდი), სსკ 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თ. ბ-ის ეპიზოდი), სსკ 141-ე მუხლით (მ. ს-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; გ. ხ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში მყოფი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც გ. ხ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ, უდავოდ წარმოადგენს გ. ხ-ის რეაბილიტაციის საფუძველს. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2009წ. #ბს-972-936(3კ-08) განჩინებაზე, სადაც განმარტებულია, რომ „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“. „სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ შემთხვევაში საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის (უფლებამონაცვლე საქართველოს გენერალური პროკურატურა) გ. ხ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 1 000 ლარის დაკისრებას, არ იზიარებს კასატორების პრეტენზიებს მოცემულ შემთხვევაში მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia).

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს გადაწყვეტილებას გ. ხ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დაუსაბუთებელია ზიანის არსებობის ფაქტი. იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტის დადასტურებას ენიჭება არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ფაქტის დაუმტკიცებლობით გამოწვეული არახელსაყრელი შედეგი უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელმაც ვერ შესძლო მათი დამტკიცება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლო მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ხ-ე კანონით დადგენილ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ ადასტურებს ზიანის არსებობის ფაქტს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს მთავარი პროკურატურისა (უფლებამონაცვლე საქართველოს გენერალური პროკურატურა) და გ. ხ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი