Facebook Twitter

#ბს-450(კ-19) 20 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 20 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ს. ხ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ „დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ მსმენელი ს. ხ-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და მასთან გაფორმდა კონტრაქტი. აკადემიური მოუსწრებლობის გამო მას შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამოირიცხა იუნკერთა სიებიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან, ხოლო შემდეგ დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიზეზით მისი ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმის სახით 28 000 ლარის გადახდის ვალდებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს - 28 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ს. ხ-ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისროს 1 000 ლარი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ს. ხ-ზე პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 28 000 ლარიდან 27 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე „აკადემიიდან“ გაირიცხა და მასთან კონტრაქტი შეწყდა შესაბამისი სასწავლო წლის პირველად გამოცდაზე და გადაბარების შემდეგაც არადამაკმაყოფილებელი შეფასების გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.

სასამართლოს მითითებით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ კონტრაქტით განსაზღვრული 28 000 ლარი ჯარიმა, ანუ ერთნაირი პასუხისმგებლობა, გათვალისწინებულია კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლის შინაარსის მიუხედავად, შეწყვეტის 6.2 ქვეპუნქტში აღნიშნული ნებისმიერი მიზეზის არსებობისას. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ კონტრაქტით ერთნაირად ეკისრება პირგასამტეხლო „აკადემიის“ სამხედრო მოსამსახურეს (იუნკერს), რომელთანაც კონტრაქტი ბრალის სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით განსხვავებული საფუძვლებით შეიძლება შეწყდეს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძვლის მხედველობაში მიღებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით. პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ 1. კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა და „დაწესებულია“ მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით; 2. მოპასუხე დათხოვნისას იყო მე-3 კურსის იუნკერი (21 წლის), საცეცხლე მომზადებაზე გამოცდა დაშვებული იქნა სწორედ მესამე კურსზე ყოფნისას, და შეუძლებელია, ამ პერიოდში სწავლის იმგვარი კურსი გაევლო, რაც საკმარის იქნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებთან (მათ შორის მიზანში სროლა); 3. იგი დაავადებულია დაბალი ხარისხის მიოპიით, რთული მიოპიური ასტიგმატიზმით. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა და განსაზღვრა 1 000 ლარით, რითაც დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, თავდაცვის მინისტრის 18.08.2017წ. #2873 ბრძანებით სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის იუნკერი, რიგითი სოსო დავითის ძე ხიზანეიშვილი, 2017 წლის 7 აგვისტოდან დათხოვნილ იქა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან. კასატორი მიუთითებს კონტრაქტის 6.2. პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ს. ხ-ის მიერ არ არის გადახდილი თანხა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ს. ხ-ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისროს 1 000 ლარი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ს. ხ-ზე პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 28 000 ლარიდან 27 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ს. ხ-ს არ გაუსაჩივრებია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებითაც. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოცდის ჩაუბარებლობის გამო კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტა და პირგასამტეხლოს სახის 28 000 ლარის დაკისრება არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. ამდენად, სახეზეა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და შესაბამისად, მისი შემცირების წინაპირობები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი