გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 305-დად 8 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგელია,
მ. ისაევი
განიხილა პ. ო-ის ადვოკატ გ. ძ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც პ. ო-ნს უარი ეთქვა ,,--- ბანკის” ოზურგეთის ფილიალის თანამშრომელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის 2003წ. 18 ივლისის დადგენილების გაუქმებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
პ. ო-მა განცხადებით მიმართა გურიის საოლქო პროკურორს, რომელშიც მიუთითა შემდეგზე: ოზურგეთი --- ბანკში მას და მის შვილიშვილს, პ. ო-ნს ჰქონდათ ანაბარი, რომლის მიღება მას ეკუთვნოდა, როგორც პირველი ჯგუფის ინვალიდს. ოზურგეთის --- ბანკმა სამ წელზე მეტია არც მისი და არც ბავშვის სახელზე ჩარიცხული თანხები არ მისცა. ამდენად, მან ვერ მიიღო ანაბარი 547 ლარის ოდენობით. პ. ო-ნი ითხოვდა ბანკის თანამშრომლებისა და მესვეურების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იმ მოტივით, რომ ამ პირებმა მიითვისეს მისი კუთვნილი ანაბარი.
ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ, რომელსაც შესასრულებლად გადაეგზავნა პ. ო-ის განცხადება, ჩაატარა მოკვლევა, რის შედეგადაც პროკურორის მოადგილე პ. ს-ემ 2003წ. 18 ივლისს გამოიტანა დადგენილება ,,--- ბანკის” ოზურგეთის ფილიალის თანამშრომელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.
აღნიშნული დადგენილება პ. ო-მა გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ მოკვლევის დროს დაირღვა საპროცესო ნორმები, ბანკის ფილიალის თანამშრომლებმა წარმოადგინეს ყალბი დოკუმენტები, მისცეს ცრუ ჩვენებები. ამასთანავე, პ. ო-ნი არ იყო უზრუნველყოფილი თარჯიმნით. ოზურგეთის სასამართლომ განიხილა აღნიშნული საკითხი, ასევე არ გაიზიარა პ. ო-ის პოზიცია და უცვლელად დატოვა ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის ზემოთ მითითებული დადგენილება.
კერძო საკასაციო საჩივარში პ. ო-ის ადვოკატი უთითებს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები შეთითხნილია, პ. ო-ნი ნამდვილად იმსახურებდა იმ თანხას, რომელიც მითითებულია მის საჩივრებში, ბანკის მესვეურებმა იგი ფაქტობრივად მოატყუეს, ხოლო მისი კუთვნილი თანხა მიითვისეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატი ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებასა და ბანკის თანამშრომელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
პ. ო-ნი მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს.
პროკურორი გ. კ-ძე ითხოვს სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ სასამართლოს დადგენილება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1997წ. 8 დეკემბერს გამოიცა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის თანახმად, მეანაბრეთა ინტეგრირებული თანხების გაცემა უნდა განხორციელებულიყო პირველი ჯგუფის ინვალიდების მიმართ. დაიწყო რა თანხების გაცემა 1998წ. 1 ივლისიდან, ,,--- ბანკის” ოზურგეთის ფილიალის კომპიუტერულ სიაში პ. ო-ნი არ იყო შეტანილი, რამდენადაც იგი იყო არა პირველი ჯგუფის, არამედ _ მეორე ჯგუფის ინვალიდი. 1998წ. 2 სექტემბერს პ. ო-ნს მიეკუთვნა ინვალიდობის პირველი ჯგუფი, მაგრამ მას მაინც უარი უთხრეს ანაბრის გაცემაზე იმ მოტივით, რომ მას პირველი ჯგუფის ინვალიდობა დაუდგინდა პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემის შემდეგ, ანაბრების გაცემა კი ხდებოდა მხოლოდ იმ პირებზე, ვინც პირველი ჯგუფის ინვალიდები იყვნენ ბრძანებულების გამოცემამდე. რაც შეეხება პ. ო-ნის ანგარიშზე არსებულ 547 ლარს, ის კვლავ მის ანგარიშზე ირიცხება და არავის მიუთვისებია.
ამდენად, სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ რაიმე დანაშაულის ნიშნები ბანკის თანამშრომელთა ქმედებებში არ მოიპოვება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1999წ. 20 სექტემბერს ,,--- ბანკის” --- ყ-მა გამოსცა წერილობითი განკარგულება, რომლის თანახმად ინტეგრირებული თანხები უნდა გაცემულიყო იმ პირველი ჯგუფის ინვალიდებზე, რომლებსაც ინვალიდობის ჯგუფი დაუდგინდათ პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემის შემდეგაც.
მითითებული განკარგულების თანახმად დაიწყო ამ ტიპის მეანაბრეებზე თანხების გაცემა და იგი მიმდინარეობდა 1999წ. 4 ნოემბრამდე და ამ დროისათვის შეწყდა, სათაო ბანკიდან მორიგი მითითების მიღებამდე. ბანკის თანამშრომელთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ დროის ამ მონაკვეთში პ. ო-ნს ბანკისათვის არ მიუკითხავს, ხოლო ბანკი, თავისი დებულებიდან გამომდინარე, არ არის ვალდებული, თვითონ გამოიძახოს მეანაბრე, ვინაიდან ანაბარი საიდუმლოა და არ შეიძლება ამის შესახებ თუნდაც ოჯახის სხვა წევრს ეცნობოს. ამასთან დაკავშირებით ბანკის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ პ. ო-ნს ეს არაერთხელ აუხსნეს, მაგრამ იგი ადანაშაულებს მათ თანხის მითვისებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოტივს იმასთან დაკავშირებით, რომ პ. ო-მა არ იცის ქართული ენა და იგი არ იყო უზრუნველყოფილი თარჯიმნით, საქმის მასალებით არ დასტურდება. მართალია, პ. ო-ნი პროკურატურაში დაკითხეს ქართულად, მაგრამ დაკითხვამდე მან განმარტა, რომ ქართული ენა კარგად ესმის, არ იცის მხოლოდ წერა-კითხვა. სასამართლოზე გამოქვეყნდა მისი ახსნა-განმარტება, პ. ო-მა დაადასტურა, რომ მისი შინაარსი გასაგებია და იგი ჩაწერილია მისი ნაკარნახევის მიხედვით.
საქმის მასალებით ირკვევა ისიც, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, პ. ო-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს, მაგრამ მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები და თვლის, რომ რაიმე გარემოება, რაც დაადასტურებდა ბანკის თანამშრომელთა მხრივ ცრუ ჩვენებების მიცემას ან ყალბი დოკუმენტის წარმოდგენას, არ დასტურდება.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით არ დგინდება საფუძველი, რის გამოც შეიძლებოდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ბანკის თანამშრომელთა მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საკასაციო საჩივარი პალატას მიაჩნია უსაფუძვლოდ და მას არ იზიარებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც ,,--- ბანკის” ოზურგეთის ფილიალის თანამშრომელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის 2003წ. 18 ივლისის დადგენილება ძალაში იქნა დატოვებული, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.